ადვოკატის განცხადებით, ლაურა ღაჭავა აპირებს ახლობლებს სთხოვოს, რომ ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფა მათი უძრავი ქონებით მოხდეს - კვირის პალიტრა

ადვოკატის განცხადებით, ლაურა ღაჭავა აპირებს ახლობლებს სთხოვოს, რომ ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფა მათი უძრავი ქონებით მოხდეს

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეეფარდა, არ გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

რაც შეეხება გირაოს გადახდის საკითხს, ადვოკატმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად ლაურა ღაჭავას რომელიმე ახლობლის ბინა უნდა გამოიყენონ, ვინაიდან მას თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

მისივე თქმით, ჯერ ნაპოვნი არ ჰყავთ ღაჭავას ახლობელი, ვინც ამ გადაწყვეტილებას დათანხმდება.

"სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვასაჩივრებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თანხის მოძიების საშუალება არ აქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ვინმე ახლობელს ვთხოვოთ, რომ უძრავი ქონებით შევიდეთ აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად. თანხის გადახდა გამორიცხულია, დაყადაღებულია და არ აქვს. ახლობელი ჯერ ნაპოვნი არ გვყავს, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ - უძრავი ქონებით შესვლა", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.