ია კერზაიასთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება შეწყდა
ია კერზაიასთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება შეწყდა
დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

"2019 წლის 11 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის - ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელ
ია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდა ინსპექტირების ჩატარებასთან, მათ შორის ისინიც, ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჩაატარეს სკოლის შემოწმება, სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს და დაარეგისტრირეს ის საჩივარი, რომლის საფუძველზე დაიწყო სკოლის ინსპექტირება. ასევე გამოიკითხა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. ზემოაღნიშნულის გარდა, განმცხადებლის დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და ამავე სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.

საგამოძიებო უწყებამ ზუგდიდში მიავლინა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც ადგილზე ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოიკითხნენ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი - ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე. გარდა ამისა, გამოიკითხა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი თანამშრომელი. გამოიკითხნენ ასევე თავად განმცხადებელი ბაჩანა შენგელია და მისი ნათესავები.

საგამოძიებო უწყებამ სრულყოფილად გამოითხოვა და შეისწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, ქ. ქუთაისის და ქ. ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებიდან (ია კერზაიას მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია). აღსანიშნავია, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართვის საფუძველზე მას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ამასთან, გამოძიების მსვლელობისას მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

გენერალურმა პროკურატურამ გადაამოწმა ყველა ის გარემოება, რომელიც შეეხებოდა საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას და რომლის შესწავლის აუცილებლობაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი.

შედეგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამასთან, ასევე არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე საქმეზე შეწყდა გამოძიება",- ნათქვამია განცხადებაში.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, კერზაიას საქმეზე მტკიცებულებები განადგურდა. ასევე, ბაჩანა შენგელია ვარაუდობს, რომ საქმის დახურვა შს მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

"როგორც ეს გადაწყვეტილება, ასევე მთლიანად პროცესი იყო პოლიტიკური და არ ხდებოდა სამართლებრივად საკითხების შეფასება. როგორც ჩანს, დღეს მათ არ სურთ გამოუძიებელი საქმე იყო გახარიას კისერზე რაიმე ფორმით. ვფიქრობ, ზუსტად ამას უკავშირდება დღევანდელი განცხადება. მათ სურთ რაც შეიძლება ნაკლები ხმაური მოჰყვეს ამ ყველაფერს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმას, აპრილში, როცა საქმეს გავეცანი, უკვე ცხადი იყო ამ საქმის გამოუძიებლობა, ყველა მტკიცებულება და საპროცესო მოქმედება არასწორად იყო გაკეთებული, დაგვიანებით იყო ვიდეოკადრები ამოღებული, განადგურებული იყო მტკიცებულებები. ისე დაასრულეს საქმის გამოძიება, რომ მიხეილ ბატიაშვილი საერთოდ არ დაკითხეს, ასევე არ დაუკითხავთ გიორგი გახარია, რომელმაც დავალება გასცა. მთელი ეს პროცესი პოლიტიკური იყო და ფორმალურად აწარმოებდნენ ისინი გამოძიებას. მე აქ ყველა ინსტანცია ამოწურული უნდა მქონდეს, ამიტომ, ვაპირებ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო. შემდეგ კი, სტრასბურგისთვის ვამზადებ ამ საქმეს. რაც მთავარია, ეს იყო ადგილის მოსუფთავება გიორგი გახარიასთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, დააწინაურებენ და არ უნდა ჰქონდეს გამოუძიებელი საქმე",- განაცხადა შენგელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა