"ხანგოშვილის მკვლელობაში კადიროვის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება" - კვირის პალიტრა

"ხანგოშვილის მკვლელობაში კადიროვის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება"

"მათ აქვთ იმ პირთა შავი სია, რომელთა ლიკვიდაციაც აუცილებლად მიაჩნიათ!"

დადასტურებული ინფორმაციით, ბერლინში პანკისელი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. პოლიციას, სავარაუდოდ, ერთი პირი ჰყავს დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი 13 წლის განმავლობაში საქართველოში სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა.

ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 28 მაისს, 35 წლის ზელიმხან ხანგოშვილს მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, საჭესთან მჯდომს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მარცხენა ხელისა და ბეჭის არეში დაჭრა. ხანგოშვილი თავისი ფეხით მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ის თავდასხმას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა. ხანგოშვილი საქართველოს შს სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა.

ხანგოშვილი თბილისში მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ჰქონდა ბიზნესი და დედის გვარით - ქავთარაშვილით იყო დარეგისტრირებული. ის ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებდა და აცხადებდა, რომ ის და აჰმედ ჩატაევი ლაფანყურის ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შსს-მ გაგზავნა. ხანგოშვილის ახლობლების თქმით, ის მხოლოდ შუამავალი იყო, რომელმაც ვერ მოახერხა დაეთანხმებინა შეიარაღებული ჯგუფი, იარაღი დაეყარათ და ხელისუფლებას ჩაჰბარებოდნენ.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: - ზელიმხან ხანგოშვილს კავშირი ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების სპეცსამსახურებთან. როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მისი კვალი დაიკარგა. ხანგოშვილი, როგორც მაშინდელი "კავკასიურისლამური იმირატის" წარმომადგენელი, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, იყო არა აგენტი, არამედ "კავკასიის იმირატის" წარმომადგენელი, ოფიციალური თანამშრომელი და მეკავშირე ოფიცერი ("კავკასიის იმირატსა" და მაშინდელ ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად). ამას ლაფანყურის სპეცოპერაციაც ადასტურებს. ცუდი ამაში არაფერია.

- რა როლს თამაშობდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში ზელიმხან ხანგოშვილი? - ის მეკავშირე უნდა ყოფილიყო ჩეჩნურ დაჯგუფებასა და ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს შორის. 2012 წელს ჩატაევი უკვე თბილისში იყო. როგორც "კავკასიური იმირატის" მეკავშირე-ოფიცერს, ხანგოშვილს ევალებოდა ყველა იმ პირის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით, რომლებიც გადიოდნენ ჩრდილო კავკასიიდან თურქეთში და პირიქით. მათ შორის ჩატაევის შემოყვანა-გაყვანაც, მისთვის არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. მერე ჩატაევიც ამასვე აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლების უშუალო დავალებით...

ზელიმხანზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ პირველი და მეორე ჩეჩნეთის კამპანიის დროს რუსეთის ფედერალურ ძალებს ებრძოდა. კადიროვის სპეცსამსახურში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც მის მოწინააღმდეგეებს დევნის. სავარაუდოდ, როგორც ძმები იამადიევები, იჩქერიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იანდარბიევი და სხვები დახოცეს, დაახლოებით ამგვარი ჩანს ბერლინში ჩატარებული სპეცოპერაციაც. როგორც ვიცი, ზელიმხან ხანგოშვილი იყო "კავკასიური იმირატის" ერთიანი საკოორდინაციო დაზვერვის ცენტრ "მუჰაბარატის" თანამშრომელი და სპეციალურ დავალებებს ასრულებდა. ხანგოშვილს ჩატაევთან კავშირი 2006-12 წლებში ჰქონდა, შემდგომ მათი გზები გაიყარა - ჩატაევი "ისლამურ ხალიფატს" შეუერთდა, ხანგოშვილი კი პოლიტიკურ ემიგრაციაში გერმანიაში წავიდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში მისი ყოფნა სახიფათო იყო.

- შეიძლება მასაც ჰქონოდა "ისლამურ ხალიფატთან" კავშირი?

- არა მგონია. "კავკასიური იმირატის" ყველა წევრი არ გამხდარა "ისლამური ხალიფატის" მხარდამჭერი. ზოგი "ალ-ქაიდას", ზოგი სხვადასხვა ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრი გახდა, ზოგიც იჩქერიის წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდამჭერი დარჩა.

- 4 წლის წინაც სცადეს თბილისში მისი მოკვლა... ვის კვალს ხედავთ ხანგოშვილის დევნა-ლიკვიდაციის საქმეში? - მაღალი ალბათობით, ხანგოშვილის მკვლელობაში კადიროვის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რუსულ სპეცსამსახურებთან. როგორც თავის დროზე მოკლეს ზოონი კიევში და სხვა ყოფილი ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც კადიროვის მხარეს არ გადავიდნენ.

შესაძლოა მკვლელობის სხვა მოტივიც იყოს, მაგრამ მაინც მგონია, რომ კადიროვს სურდა ხანგოშვილის მოცილება. ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ისრაელში მყოფი ჩეჩენი საველე მეთაურის ვიდეომიმართვა, რომელიც კადიროვს ანგარიშსწორებით დაემუქრა. როგორც ჩანს, კადიროვის სპეცსამსახურებს აქვთ იმ პირთა შავი სია, რომელთა ლიკვიდაციაც აუცილებლად მიაჩნიათ და ნადირობენ საველე მეთაურებზე.

"ჩვენს მიცვალებულს არსად დავტოვებთ, ამას წლებიც რომ დასჭირდეს"

მექა ხანგოშვილი, ზელიმხან ხანგოშვილის ბიძაშვილი: "როგორც წესი, მუსლიმანები პარასკევ დილით მეჩეთში დადიან სალოცავად. ზელიმხანი დილით ადრე ფეხით მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით მიმავალმა კილერმა ესროლა. ზელიმხანსM თავში აქვს მოხვედრილი რამდენიმე ტყვია. სადაც მკვლელობა მოხდა, იმ ადგილას მდგარი მანქანა დაცხრილული ყოფილა.

ზელიმხანი ჯერ აქ, თბილისში დაჭრეს, მაშინ რა არ გადავიტანეთ... მერე კიდევ სცადეს მისი მოკვლა. მას საქართველოში აღარ დაედგომებოდა და თავშესაფრისთვის გერმანიას მიმართა. ზელიმხანი მასხადოვის და დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო საქართველოში. მას ჩეჩნეთის ორივე ომი აქვს გამოვლილი და მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე გადიოდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ

რუსული სპეცსამსახურები ყველა ჩეჩენ მებრძოლს დასდევდნენ და მგონი, ცოცხალი აღარავინ დატოვეს. ზელიმხანის მკვლელობაც მათი ნახელავია.

ვის რას უშავებდა, თავისთვის იყო, 5 შვილი ჰყავდა... აქ ბინა გაყიდა, აწყობილი ცხოვრება დატოვა და ჯერ უკრაინაში, შემდეგ გერმანიაში ჩავიდა, წვალებით ლტოლვილად ჩაჰბარდა. ზელიმხანი ერთ-ერთი გამორჩეული პატრიოტი და ღირსეული ადამიანი იყო. ლაფანყურის სპეცოპერაციაში ის შუამავალი იყო ხელისუფლებასა და ჩეჩნურ დაჯგუფებას შორის. მე და ჩემს მეუღლეს გვიამბო, რა და როგორ იყო. რადგან ჩეჩენი მებრძოლები ზელიმხანს დიდ პატივს სცემდნენ, ხელისუფლებამ სთხოვა, ეშუამავლა და როგორმე დაეყოლიებინა ისინი იარაღის ჩაბარებაზე. მერე, როცა ზელიმხანი მიხვდა, რომ ჯგუფში მოღალატე ერია და არ დასთანხმდებოდნენ, წამოვიდა. ზელიმხანის დიდი დამსახურება იყო, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გადარჩნენ, ცოცხლები რომ გავიდნენ საქართველოდან. ზელიმხანის ნეშტს ჩამოვასვენებთ, ჩვენს მიცვალებულს არსად დავტოვებთ, ამას წლებიც რომ დასჭირდეს."