"მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია" - კვირის პალიტრა

"მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია"

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, გაუსაძლის მდგომარეობაშია.

ადვოკატის განმარტებითვე, მინდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია თურქეთის რესპუბლიკაში, ამიტომ, ის კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს.

"საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, რომ მთელ უკანონობის კასკადს აქვს ადგილი. ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, აი, ამ უკანონო ქმედებებში ირიბად თუ პირდაპირ ჩართულია. კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ მინდია ლავასოღლის საკითხი ერთხელ კი არა, ორჯერ გაიარა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისმა სასამართლოებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მხარემ ვერც ერთხელ ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ მისი ექსტრადაცია უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ფორმალურად გამოუშვეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებებიდან. ვგულისხმობ იმას, რომ მინდია ლავასოღლი ორჯერ გამოუშვეს ციხიდან. პირველ შემთხვევაში გარეთ 1 დღე იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 40 წუთი. შემდეგ შესახლდა პენიტენციურ დაწესებულებაში ისე, რომ რაიმე კანონდარღვევა არ ყოფილა. მხოლოდ და მხოლოდ შესახლებულია იმიტომ, რომ თურმე საქართველოს მხარეს მინდია ლავასოღლის ინტერესი კვლავ აქვს. ეს არის სრული უკანონობა და განუკითხაობა. შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს მოვუწოდებ, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში, რომ მსგავსი უკანონო ქმედება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ან თუ ჩვენი სახელმწიფო ითხოვს, მოხდეს მისი ექსტრადირება როგორც კანონით არის განსაზღვრული,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მინდია ლავასოღლზე არ ზრუნავს.

"ჩვენ ადვოკატები და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები, არ დავუშვებთ იმას, რომ მინდია ლავასოღლი ასეთ მდგომარეობაში იყოს. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავთ, ვიბრძოლებთ მისი უფლებებისთვის და რაც მთავარია, მოვუწოდებ ჩვენს სახელმწიფოს, ადამიანებს ნუ ჰყოფს კასტებად, სოციალურ ფენებად და სოციალურ დაჯგუფებებად,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმაც, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე საფრთხის წინაშე დგას არამხოლოდ ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მისი სიცოცხლეც. ადვოკატების ინფორმაციითვე, მინდია ლავასოღლი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამასთან, დაკავებულის დის, ირინა გორაძის თქმით, მას მინდია ლავასოღლთან უკვე 3 კვირაა, რაც კომუნიკაცია არ ჰქონია.

შეგახსენებთ, "კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი“ ამ დროისთვის სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.