სკანდალური შეწყალება - კვირის პალიტრა

სკანდალური შეწყალება

დევაძის ადვოკატი: "დევაძეს როგორ ეყოლება მფარველი შსს-ში, როცა პოლიციის მაღალჩინოსნებმა ტყეში გაიყვანეს მოსაკლავად"

28 აგვისტოს პრეზიდენტმა 34 მსჯავრდადებული შეიწყალა, რომელთა შორის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეც აღმოჩნდა. 2015 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივით გაათავისუფლეს რამაზ დევაძე, ვინ ურჩია და წარუდგინა პრეზიდენტს მისი შეწყალების განკარგულება... "რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის", - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. მან განაცხადა, რომ ამ კითხვას თბილისში დაბრუნების შემდეგ უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ "ლეგასში" 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა ტაბელური იარაღი. ის სწორედ ამ იარაღით დაიღუპა.

22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ "ლეგასში" ნასვამი დევაძე და ბათუმის საქალაქო¬სამმართველოს პოლიციის თანამშრომელი მუკბანიანი წაკამათდნენ. ჩხუბის დროს დევაძემ მუკბანიანს იარაღი წაართვა და თავის არეში დაჭრა. მუკბანიანი იქვე გარდაიცვალა. დევაძე 2015 წლის თებერვალში პოლიციელებმა დააკავეს. ის სარფის საბაჟო პუნქტის გავლით საქართველოდან წასვლას აპირებდა.

"ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ყველას მიაყენა შეურაცხყოფა - გარდაცვლილსაც, ოჯახსაც, პოლიციასაც და სამშობლოსაც"

ირმა ოდიშარია, თარაშ მუკბანიანის დეიდა: - ამაზე დიდი უკანონობა რა უნდა იყოს?! თარაშის მკვლელი ოთხი წელიც არ იჯდა ციხეში. ეს ქალი კრიმინალების პრეზიდენტია. ჯერ მიპასუხონ, რატომ გაათავისუფლეს მკვლელი და მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ. ჩემი ბავშვი მიწაში ლპება და ესენი პარპაშებენ! თარაშს ჭიკაიძისა და მისი თანაგუნდელების ბრძანებით გაუსწორდნენ. დევაძე ჭიკაიძის მეგობარია, რომელიც დღემდე მფარველობს. ციხიდანაც მან გამოუშვა. თარაში უპატიოსნესი ბიჭი იყო, მას უწყებაში ებრძოდნენ და მას შემდეგ ემუქრებოდნენ, რაც მთავრობა შეიცვალა. თარაშის მკვლელობამდე დედამისი გარდაიცვალა, მისი მკვლელობის შემდეგ ექვს თვეში კი მამას გული გაუსკდა. ამ მთავრობამ მთელი ოჯახი შეიწირა.

- უწყებაში ვინ და რატომ ებრძოდა თარაშს? - თარაში არ წავიდა იმ საქმეებზე, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ბევრს ეცადნენ, დევაძეს ეს საქმეც ხახვივით შერჩენოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. მკვლელი დროებით უნდა ჩაესვათ - ეს გეგმა ჰქონდათ და ასეც მოხდა, პრეზიდენტს შეაწყალებინეს. სანამ თარაშს მოკლავდა, დევაძემ ოთხი პოლიციელი ლამის ცემით მოკლა. ძალა ერჩოდა და არავის ინდობდა. ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა. 12 წელი მიუსაჯეს და სამი წლის მერე გამოუშვეს. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ყველას მიაყენა შეურაცხყოფა - გარდაცვლილსაც, ოჯახსაც, პოლიციასაც და სამშობლოსაც.

- რატომ გგონიათ, რომ ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო? - მკვლელობამდე სამი დღით ადრე უცნობმა დამირეკა და თარაშზე მითხრა, მიხედეთო. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა... სისტემაში ყველამ იცოდა, რაღაცას რომ უწყობდნენ და გაგვაფრთხილეს. თარაშს ეგონა, მართლა პოლიციაში მუშაობდა, მაგრამ ეს კრიმინალების ბუდე აღმოჩნდა.

თარაშ მუკბანიანი

თავს შევაკლავ ამ საქმეს. კანონით მინდა ბრძოლა. მოვიცლი ამ დევაძისთვის, უკან არ დავიხევ!

"ვიდეოში დევაძე ზურგიდან ჩანს. ის იარაღის წართმევას ცდილობდა, მაგრამ გაუვარდა"

დავით ჯაფარიძე, რამაზ დევაძის ადვოკატი: - პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველ ინსტანციაში ხუთმა ადვოკატმა მოსამართლემდე სიმართლე ვერ მიიტანა. მოწმეები, რომლებიც რამაზს ადებდნენ ხელს (მოლაზადე, ართმელაძე და გეჩბაია), ამბობდნენ, დავინახეთ დევაძემ დამიზნებით როგორ ესროლა მუკბანიანსო. აღმოჩნდა, რომ ამ სამიდან ორი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.

- კონფლიქტი რამ წარმოშვა? ოფიციალური ვერსიით, დევაძის მეგობარი მამულაძე მუკბანიანის თანმხლებ ქალებს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა... - მუკბანიანი უზბეკ მეძავთან ერთად ცეკვავდა და დევაძის მეგობარმა მამულაძემ ქალს საჯდომზე ხელი მოუსვა. მოხდა შელაპარაკება, თარაშმა პისტოლეტი ამოიღო და დაიწყო სროლა. ორი მოქალაქე დაიჭრა. დაცვა შეშინდა და პოლიციელს ვერ მიეკარა... დევაძე მუკბანიანს ძირს აგდებს და იარაღს ართმევს. მერე წაქცეულს სცემენ. ვიდეოში დევაძე ზურგიდან ჩანს. ის იარაღის წართმევას ცდილობდა, მაგრამ გაუვარდა ხორვატიული HS-9, რომელსაც სამი ჩამკეტი და ორი ჩახმახი აქვს. კადრებში ჩანს, რომ ტყვია ხვდება მუკბანიანს ლოყაში, როდესაც ის დგება, იარაღაყრილ პოლიციელს კი იქ მყოფები მიესევიან და სცემენ.

- ითქვა, რომ გარდაცვლილს დევაძეც ურტყამდა წიხლებს... - რამაზმა მითხრა, რომ თარაში ცოცხალი და ცემით გათიშული ეგონა. ფეხი გაჰკრა და უთხრა, რომ პასუხს მოსთხოვდა. მსჯავრდადებულის პირადმა მტერმა, აჭარის პოლიციის იმდროინდელმა პირველმა პირმა დავით თამაზაშვილმა მოიპარა დისკოკლუბის ვიდეოთვალით გადაღებული კადრები, სადაც გასროლის მომენტია აღბეჭდილი.

- დევაძე სარფის საბაჟოზე დააკავეს. გაქცევას ცდილობდა? - არ გარბოდა, გერმანიაში მიდიოდა საქმეზე. მკვლელობის საღამოსაც თურქეთში მიდიოდა და იქიდან ბერლინში უნდა გაფრენილიყო - გერმანიის შს სამინისტროს მიწვევით ბერლინის პოლიციის მოჭიდავეთა ნაკრებს ავარჯიშებდა. ერთ-ერთმა მეგობარმა ბარში შეიპატიჟა, გაგაცილებთ, დავლიოთო. პოლიციელი რომ შემოაკვდა, დევაძემ არც იცოდა. მან პირქვე ჩამხობილ მიცვალებულს ფეხიც კი მიარტყა. თუ იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო, რატომ მიაძახებდა, მერე ნახავ, რას გიზამო. მერე იარაღი დაუგდო თავთან. როცა პოლიციამ დააკავა და ჰკითხა, კაცი რატომ მოკალიო, არ იჯერებდა.

- რა აკავშირებდათ ერთმანეთთან დევაძეს და მინდია გორაძეს, იმავე ლავას-ოღლის? - ლავას-ოღლის ოჯახს ჩემზე კარგად ვინ იცნობს? ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის უფროსი ვიყავი და ქურდებს არასოდეს დავიცავ. არ მიყვარს ეს სამყარო. ჭიკაიძე, ლავას-ოღლი და დევაძე ერთად ჭიდაობდნენ. რაც საჭიდაო კარიერა დაასრულეს, ისინი ერთად არავის უნახავს. ლავას-ოღლისთან ლაპარაკისთვის ბათუმში წყება ხალხი ზის ციხეში და ვინ გარისკავს მასთან მეგობრობას? რაში სჭირდებოდა ეს დევაძეს, რად უნდოდა ლავას-ოღლი?

- მუკბანიანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო. - მუკბანიანს ახლოს ვიცნობდი. მე და მისი დეიდა ირმა 10 წელი სკოლაში ერთად ვსწავლობდით. ეს რომ განზრახ მკვლელობა ყოფილიყო, რამაზის დამცველი ვერ ვიქნებოდი. თვითონ დევაძემ დამირეკა და მითხრა, ჩემი ინტერესების დაცვას არა, უბრალოდ, როგორც ნეიტრალურ პირსა და დამოუკიდებელ ადვოკატს გთხოვთ, მასალებს გაეცნოთ და მითხრათ, რა ჩავიდინეო. მასალებს გავეცანი, ბათუმში ჩავედი და ვუთხარი, გაუფრთხილებლობით მკვლელობა გაქვს ჩადენილი-მეთქი და საკუთარი ხარჯებით ჩავერთე საქმეში. ექსპერტი ამბობს, მუკბანიანს ტყვია ქვემოდან ზემოთ ლოყაში მოხვდაო. ესენი ამტკიცებენ, პირდაპირ და დამიზნებით ესროლა ლოყაშიო. დევაძე და მუკბანიანი ერთი სიმაღლის იყვნენ და რომ დაემიზნებინა, მას ტყვია პირდაპირ მოხვდებოდა და არა - ქვემოდან ზემოთ. მერე ერთ-ერთ რესტორანში მოწმე, ილაჰე მოლაზადე შემხვდა, რომელმაც მითხრა, შემეშინდა და შემთხვევის დროს საპირფარეშოში მობუზული ვიმალებოდიო. აბა, რატომ მიეცი ჩვენება-მეთქი. პოლიციამ მითხრა, ამ ჩვენებას თუ არ მოგვცემ, საქართველოდან დეპორტით გაგიშვებთო.

- თუ იცით, ვინ ურჩია პრეზიდენტს დევაძის შეწყალება?

- წელიწად-ნახევრის წინ მარგველაშვილს მე გავუგზავნე განცხადება და თან დავურთე ყველა მასალა. ამჯერად არ ვიცი, ვისი განცხადება განიხილეს. შეიძლება ოჯახმა ან ჭიდაობის ფედერაციამ დაწერა. ჟურნალისტებს საქმის მასალებზე მეტად ის გაინტერესებთ, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა დევაძე. იმას არავინ ამბობს, რომ აპელაციამ და კასაციამ, უკაცრავად და, მიაფურთხა სამართალს. დამნაშავე დანაშაულის მიხედვით უნდა დაისაჯოს და არა - "ნაცების" ან "ქოცების" დაკვეთით.

- ოჯახი დარწმუნებულია, რომ დევაძეს უწყებიდან მფარველობენ.

- დევაძეს როგორ ეყოლება მფარველი შსს-ში, როცა ის ტყეში გაიყვანეს მოსაკლავად?

- ვინ გაიყვანა, როდის? - აჭარის პოლიციის პირველმა პირებმა, ხელმძღვანელებმა საკნიდან ტყეში გაიყვანეს მოსაკლავად, მაგრამ ისინი თბილისიდან გააჩერეს, მოკვლის უფლება არ გაქვთო. როგორც ჩანს, შსს-ს ერთ-ერთმა პოლიციელმა მიაწოდა ინფორმაცია, მოსაკლავად წაიყვანესო. დევაძეს ვინ უნდა გამოუჩნდეს მფარველი? გარდა მისი მსოფლიო ჩემპიონობისა, რა სტატუსი აქვს? ის ციხეშიც ვარჯიშობდა და კვირაში ერთხელ თარაშის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიდა. ამ კაცს მუკბანიანის მოკვლა არ ნდომებია, იარაღი გაუვარდა...

- თუ იცით, გაეცნო პრეზიდენტი საქმის მასალებს? - ვფიქრობ, პრეზიდენტს მასალები წაკითხული აქვს, ან წაუკითხეს. დევაძისთვის სამ წელს ვითხოვდი იმიტომ, რომ გაუფრთხილებლობაც დანაშაულია. თარაში კარგი პოლიციელი და შესანიშნავი პიროვნება იყო, მაგრამ იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ვინ დაიჯერებს, რომ მსოფლიო ჩემპიონს მუკბანიანის მოკვლა და კარიერის დასამარება უნდოდა? გერმანიის შს მინისტრი მას ხელისგულზე ატარებდა და ეუბნებოდა, გერმანიის მოქალაქეობა მიიღე და ნაკრებში "გაგქაჩავო".

- დევაძე კონტაქტზე არ გამოდის... ახლა სად არის? - ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

"სამართლებრივი ყოველთვის სამართლიანი არ არის..."

კახა ჩიხლაძე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი:

- პრეზიდენტს აქვს დისკრეციის უფლება და არა აქვს ვალდებულება, ახსნა-განმარტებები აკეთოს, რატომ შეიწყალა პატიმარი. ხანდახან ამ გზით უნდათ მართლმსაჯულების შეცდომის გამოსწორება. სამართლებრივი ყოველთვის სამართლიანი არ არის. შესაძლოა, აქ იყოს სახელმწიფო ინტერესიც. ხშირად ასეთი საკითხები სამართლებრივად არ გვარდება და მას შეწყალებით ასწორებენ. საქართველოში გვქონია შემთხვევები, როცა პრეზიდენტს პატიმარი შეუწყალებია იმიტომ, რომ მეორე მხარეს სახელმწიფო ინტერესი იყო, მაგალითად, როცა ცხინვალიდან დაღუპულების გამოყვანა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ვიღაცის ციხეში ყოფნა. 2008 წელს რომან დუმბაძეც გამოუშვეს ციხიდან. ის ტყვეებში გაიცვალა, მაგრამ სამართლებრივად ციხიდან სხვაგვარად ვერ გამოუშვებდნენ. ამას ჰქვია სახელმწიფო ინტერესი - უშიშროების საბჭო იკრიბება და იქ წყდება ასეთი საკითხები. დღევანდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტი შეცდომაში შეეყვანათ და ეს გადაწყვეტილება პოლიციაში აჟიოტაჟის შეტანას ემსახურებოდეს. არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო და პოლიციელი არ დაუშვებს, პოლიციელის მკვლელი დაუსჯელი დარჩეს, მაგრამ ყველა ადამიანი ისჯება იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა. შეიძლება პრეზიდენტი არც გასცნობია და დევაძის საქმე ისე მიაწოდეს, როგორც საჭიროდ ჩათვალეს. ძალიან არ მინდა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ კორუფციული გარიგება იყოს, თუმცა ესეც გამოსაძიებელია. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. ვიდრე სიმართლე გაირკვევა, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.