"ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს თანამზრახველები სავარაუდოდ, ხანგოშვილისვე გარემოცვიდან ჰყავდა" - რას წერს უცხოური მედია? - კვირის პალიტრა

"ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს თანამზრახველები სავარაუდოდ, ხანგოშვილისვე გარემოცვიდან ჰყავდა" - რას წერს უცხოური მედია?

ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს თანამზრახველები, სავარაუდოდ, ხანგოშვილისვე გარემოცვიდან ჰყავდა, რომლებიც დაკავებული არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას RTVI საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

RTVI-ს გერმანიაში ახმედ ზაკაევის წარმომადგენლის რუბატი მიტსაევას სიტყვები მოჰყავს: "ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მეორე დღესვე მე მივიღე ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები შესაძლოა გარეულები იყვნენ მკვლელობაში. მაგრამ მე პოლიცია არ ვარ, არ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ისინი გარეულები არიან. ეს პოლიციამ უნდა გაარკვიოს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელიც და თანამზრახველებიც. ეს იყო ხანგოშვილის უახლოესი ადამიანი, რომელიც მის წრეში შედიოდა, რომელიც ინფორმატორის სიტყვებით, ძალიან ახლოს იყო მასთან და კარგი მეგობარი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ის მართლაც შეიძლება იყოს ამ რუსი აგენტის თანამზრახველი", - აცხადებს მიტსაევა.

ბერლინის პროკურატურაში "RTVI"-ს ჯერჯერობით არც დაუდასტურეს და არც უარყვეს მკვლელის სავარაუდო თანამზრახველების დაკავების ფაქტი.

დაკავებულს პასპორტი აქვს ვადიმ სოკოლოვის სახელზე, თუმცა უცხოეთის პასპორტი, სავარაუდოდ, ყალბია. ის გაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროს იგივე ქვეგანყოფილების მიერ, რომელმაც გასცა პასპორტები სოლსბერის სკანდალური საქმის მონაწილეებზე "ГРУ" -ს სავარაუდო აგენტებზე - ბოშიროვზე და პეტროვზე. ეჭვმიტანილი იარაღის გადაგდების მცდელობისას დააკავეს, ის ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.

იხილეთ ასევე: რუსეთის სპეცსამსახურები თვალს არც აქ აშორებდნენ - ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ დაჰყვებოდნენ ფეხდაფეხ მკვლელები?