"ახლობელი რომ იყო და სიმამ იცნო, ამიტომ გაიმეტეს ასე საშინლად" - თემქაზე მოკლულ ქალს დანითაც აქვს ჭრილობა მიყენებული? - კვირის პალიტრა

"ახლობელი რომ იყო და სიმამ იცნო, ამიტომ გაიმეტეს ასე საშინლად" - თემქაზე მოკლულ ქალს დანითაც აქვს ჭრილობა მიყენებული?

6 სექტემბერს, თემქაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობა ჯერჯერობით გაუხსნელია. დავუკავშირდით შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ  ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი გამოძიებას არ ჰყავს. მოკლული ქალბატონის ოჯახის წევრები და ახლობლები მთავარ კითხვებზე ეძებენ პასუხს, ვინ და რატომ მოკლა ასე სადისტურად 62 წლის ქალი, სიმა მირზოევა-პივაზი.

თემქის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც მეზობელმა პივაზების ბინიდან გამოსული კვამლი დაინახა, ზედა სართულის მეზობელმა სცადა გაეგო რა ხდებოდა მეზობელთან და კარზე დააკაკუნა, თუმცა კარი არავინ გააღო. ამის შემდეგ საშველად სხვა მეზობლებს დაუძახა და სასწრაფოდ 112-შიც დარეკეს. დაურეკეს ბინის პატრონ ზურაბ პივაზსაც და მისგან გაიგეს, რომ ბინაში მისი მეუღლე უნდა ყოფილიყო. როგორც გაირკვა, თვითონ ზურა პივაზი დილის 8 საათზე წასულა სამსახურში.

ბინის პატრონის მოსვლამდე მაშველები შეეცადნენ მეექვსე სართულის აივნიდან შეეღწიათ ცეცხლმოკიდებულ სახლში, თუმცა ამასობაში  ოჯახის უფროსი დაბრუნდა და ძალოვნებს ბინის კარი მან გაუღო. მეზობლების თქმით, პოლიციამ ზურაბ პივაზი სახლში აღარ შეუშვა, მალე ისიც გაირკვა, რომ ბინაში ქალის ცხედარი იყო ნაპოვნი და დამნაშავეს დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით ცეცხლი გაეჩინა. ბუნებრივია, საქმეში პოლიცია ჩაერთო. მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და მტკიცებულებები ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დილიდან საღამოს 8 საათამდე კორპუსთან შეკრებილი იყვნენ ნათესავები და კრიმინალისტების მუშაობის დასრულებას ელოდნენ. ქალის ნაწამები ცხედარი კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ბინაში საგამოძიებო მოქმედებებს თვალს ადევნებდა მოკლულის ვაჟი, რომელიც ტრაგედიის დროს შინ არ იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, მას რამდენიმე დღის წინ შვილი შეეძინა და მეუღლის სახლში იყო წასული ცოლ-შვილთან ერთად. ერთი-ერთი ვერსიით, სავარაუდოდ, დამნაშავე ბინაში დასაყაჩაღებლად მივიდა...

როგორც ჩანს, მოძალადეს მსხვერპლმა წინააღმდეგობა გაუწია, ამას ადასტურებს ბინაში არსებული უმძიმესი ვითარება.

5 სექტემბერს საღამოს 8 საათზე მიეცათ პივაზის ბინაში შესვლის საშუალება მოკლულის დას, დისშვილებს და ნათესავებს. მათთან ერთად მე და ჩემი კოლეგაც შევედით, სადაც  ენითაღუწერელი ვითარება დაგვხვდა. სავარაუდოდ, ქალბატონი ლოჯიაში მოკლეს, რადგან იქაურობა მთლიანად სისხლით იყო დასვრილი. სისხლი იყო დივანთან, კედლებზე, ფარდებზე, ლოჯიას შესასვლელში...  ოთახში პატარა მაგიდა იდგა, რომელზეც ელაგა ტკბილეული. მაგიდაზე და სკამზეც სისხლის კვალი აშკარად ეტყობოდა. ლოჯის შესასვლელთან იდგა ვინტილატორიც, რომელსაც ასევე ეტყობოდა სისხლის კვალი და დაზიანებულიც იყო. როგორც გავარკვიეთ, ცეცხლის კერები, რომელიც დამნაშავემ გააჩინა, მისაღებ ოთახსა და საძინებელში იყო. სავარაუდოდ, მან მისაღები ოთახიდან ლოჯიაში გასასვლელ კარს წაუკიდა ცეცხლი, მისაღებში ასევე ნახევრად დამწვარია კედლებიც. ცეცხლი ასევე გაჩენილია საძინებელ ოთახში, სადაც იატაკი ნახევრად დამწვარია. საძინებელ ოთახში სულ დაფლეთილი და დაჭრილი იყო ლეიბები და ბალიშები, თითქმის მთელ სახლში იყო მიმოფანტული ბალიშის ბუმბული. სავარაუდოდ, დამნაშავე ოქროულს ან ფულს ეძებდა.

ახლობლების თქმით, ბინიდან დიდძალი ოქროა წაღებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს.

როგორც ნათესავები ამბობენ, ქალბატონი უცხო ადამიანს კარს არავითარ შემთხვევაში არ გაუღებდა. ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ საქმეში ახლობელი ფიგურირებს. მათი ვერსიით, სიმამ იმ დილით მის რომელიმე ნაცნობ ქალს გაუღო კარი.

"ნაწამები სიმა ღამის პერანგშია ნაპოვნი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იმ დილით კარი ყველა შემთხვევაში ნაცნობს, სავარაუდოდ, ქალს გაუღო და შეიპატიჟა. მამაკაცს ის პერანგით კარს არავითარ შემთხვევაში არ გაუღებდა, თან ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო, თუ არ დაინახავდა სათვალთვალოდან ვინ იდგა კართან, იქამდე კარს არავის უღებდა. მაგიდაზე უნახავთ  ყავის ორი ჭიქა, ყავა მოუდუღა ეტყობა ვიღაცას, უცხოს ყავას ხომ არ მოუდუღებდა. ითქვა, თავში ტაბურეტის ჩარტყმით მოკლესო. სისხლიანი ტაბურეტი წაუღია გამოძიებას, მაგრამ მას დანითაც აქვს ჭრილობა ყელის არეში მიყენებული. როგორც გვითხრეს, სხეულზეც ბევრი დაზიანება აქვს. ვაჟკაცური ქალი იყო, ეტყობა წინააღმდეგობა გაუწია, ან იცნო და ასე სასტიკად ამიტომ გაუსწორდნენ", -  გვითხრა მოკლულის ნათესავმა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა".

ეთერ იმერლიშვილი, მეზობელი:

- სერიოზული, კულტურული ოჯახი აქვთ. არასოდეს მათი სახლიდან ჩხუბის ხმა არ გამოსულა, ორი ბიჭი ჰყავთ. ერთი გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მეორე ვაჟი აქ ცხოვრობს, 5 დღის წინ ბიჭი შეეძინა, მისი მეუღლე ბავშვთან ერთად დედასთან იყო, ბიჭიც იქ იყო ღამის გასათევად წასული. სახლში მარტო ცოლ-ქმარი იყვნენ. ზურა მაკლერია და ყოველ დილით გადიოდა ბირჟაზე, იმ დილითაც წავიდა, მერე მალევე ატყდა ხმაური, რადგან კვამლი გამოდიოდა ბინიდან. მეუღლე მაშინვე მოვარდა, შიგნით არ შეუშვეს, ყვიროდა სიმა მანახეთო. სიმას ძმაც აქვე ახლოს ცხოვრობს და ისიც მოსული იყო. მიხვდნენ გარდაცვლილი რომ იყო. ნაწამებია, ბლაგვი საგანი აქვს თავში ჩარტყმულიო. ვიცოდით, რომ ოქროული ბანკში ჰქონდა, გაზი და მაცივარი გამოიტანეს განვადებით და პენსიის ფულით იხდიდა. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ყოველდღე ვხვდებოდი. დღეში რამდენჯერმე გადადიოდა დედამისთან, რომელიც აქვე ახლოს ცხოვრობს. მოხუცია და უვლიდა. არც ერთი მომდურავი მეზობელი სიმას არ ჰყოლია. ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუ კარი გაუღო, დიდი ალბათობით, ნაცნობი იყო. ბინიდან გამოსულმა პოლიციელმა გვითხრა, ქალი ნაწამებია, გამურული იყო ცხედარი, მაგრამ დამწვარი არ არისო. ნეტა მიეცა, რასაც სთხოვდნენ, მაგრამ ალბათ მაინც მოკლავდნენ, ეტყობა იცნო და ამიტომ გაიმეტეს ასე საშინლად. ძვირფასი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ სიმას და ზურას, სიმა არსად მუშაობდა, დიასახლისი იყო. ხმაური არავის გაუგია. ცხედართან უნახავთ მისი საყურე, ეტყობა მოახსნევინეს, მაგრამ მისი წაღება დამნაშავეებმა ვეღარ მოასწრეს. ამ უბედურებაში შინაური რომ არ ერიოს, არ არსებობს, მომხდარით შეძრულები ვართ, მისი მკვლელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

თემქის მე-11 მიკრორაიონში მდებარე ამ საცხოვრებელ კორპუსს ერთი შესასვლელი აქვს. იქვე, სახლთან ახლოს არის მაღაზია, გამყიდველი ქალბატონი ამბობს, რომ იმ დილით უცხო ადამიანი კორპუსში შესული არ შეუნიშნავს. როგორ შეაღწიეს ბინაში დამნაშავეებმა, როგორ მოახერხეს ამ შემზარავი მკვლელობის შემდეგ იქაურობის შეუმჩნევლად დატოვება? - ეს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ისიც უცნობია ოფიციალურად რა ვერსიაზე მუშაობენ სამართალდამცავები. გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)