"საქმეში დაგროვდა უკვე მასალები, რომლითაც შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ" - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღმა გადაიწია - კვირის პალიტრა

"საქმეში დაგროვდა უკვე მასალები, რომლითაც შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ" - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღმა გადაიწია

დაგროვდა უკვე საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ, - ამის შესახებ "თიბისი" ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მოცემულობიდან გამომდინარე საქმეში მასთან ერთად ჩაერთო ორი უცხოელი კვალიფიციური და ავტორიტეტული ადვოკატი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მასთან ერთად იმუშავებენ.

"საქმე რომელიც მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გაცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს. პროკურატურამ უკვე რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა ბრიტანეთს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამავდროულად დაგროვდა უკვე საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ, ამიტომ საქმეში ჩაერთო ორი საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური და აღიარებული ადვოკატი - სტივენ ქეი, რომელიც არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი. საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი. სამოცწლიანი გამოცდილების მქონე იურიდიულ ფირმის ხელმძღვანელი. არის ევროპის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ბიუროს თანადამფუძნებელი და წევრი და წლების განმავლობაში იყო ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივანი. ის წაიყვანს ჩვენს გუნდში იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია საქართველოს საზღვარგარეთ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინტერესების წარმოდგენა. მეორე ჩვენი კოლეგა ეს არის ვინსენტ ბერგერი, ფრანგი ადვოკატი, რომელი ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მათივე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღმა ერთი თვით გადაიწია. აღნიშნულის საფუძველი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა, რომლის საფუძველზეც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა 12 სექტემბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. ზვიად კორძაძემ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"12 სექტემბერს დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, წინასასამართლო სხდომა გადაიდო 10 ოქტომბრისთვის. ორი შუამდგომლობა, რომელითაც მიმართა სასამართლოს პროკურატურამ ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა. ორივე გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგი არის უარი და შესაბამისად, ყადაღის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში", - განაცხადა კორძაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა დაუწესა. პროკურატურამ ასევე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების ანგარიშების დაყადაღების თაობაზე, რაც სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"