"ჩემს შვილს სადარბაზოსთან დაესხა თავს, კიდევ კარგი სახლში ამოსვლა შეძლო, მითხრა, - სასწრაფო გამოიძახეო" - ვინ და რატომ დაჭრა დალი ჩიტალაძის შვილი?
"ჩემს შვილს სადარბაზოსთან დაესხა თავს, კიდევ კარგი სახლში ამოსვლა შეძლო, მითხრა, - სასწრაფო გამოიძახეო" - ვინ და რატომ დაჭრა დალი ჩიტალაძის შვილი?
ფოტო:ვახტანგ სუთიძე
8 სექტემბერს, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მოდის ექსპერტის, დალი ჩიტალაძის ვაჟს, ვახტანგ სუთიძეს უცნობი პირი თავს იმ დროს დაესხა, როცა ის ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა. თავდასხმა სუთიძის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელმა მას დანით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილ ვახტანგ სუთიძეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და როგორც ახლობლები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ფსიკიურად გაუწონასწორებელი ადამიანია. მისი ვინაობა უკვე იციან ახლობლებმა, რადგან ოპერაციის დაწყებამდე ვახტანგმა დედას, ქალბატონ
დალის უამბო თუ ვინ დაესხა თავს. როგორც ახლობლები ამბობენ, დაჭრა ყოველგვარი კონფლიქტისა და შელაპარაკების გარეშე მოხდა.

"თავდამსხმელს პირადად არ იცნობს ვახტანგი, უბრალოდ რამდენჯერმე ნანახი ჰყავს ეკლესიაში, ერთი ტაძრის მრევლში იყვნენ. ყველა ამბობს, ის ბიჭი ბოლო დროს უცნაურად იქცეოდაო. რამდენიმე დღის წინ სტიქაროსნისთვისაც დაურტყამს ხელი. ვახო
ამბობს, ეკლესიაში უცნაურად მიყურებდაო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, როგორც ჩანს, ის ჩუმად გამოჰყვა და სადარბაზოში როგორც კი შევიდა, მიეპარა უკნიდან და დანა ჩაარტყა. ჭრილობა ძალიან ღრმაა, ძვალმა გააჩერა დანა, თორემ შეიძლება დაღუპულიყო, საბედნიეროდ გადარჩა. ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციაშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- გვითხრა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

მისი თქმით, მრევლისთვის უკვე ცნობილია დამნაშავის ვინაობა და ეკლესიაშიც ადასტურებენ, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მარიამ კუბლაშვილი:
- ვახოს უთქვამს დედისთვის, რომ ჩამარტყა მერე იძახდა, ბავშვი, ბავშვიო და გაიქცაო. არანაირი შელაპარაკება მათ შორის არ ყოფილა, გამარჯობაც კი არ მითქვამსო... პალატაში რომ გადმოიყვანენ, უფრო დეტალურად ისაუბრებს. დამნაშავის ამოცნობა და აღწერა შეუძლია, უკვე იცის ყველამ ვინც არის, სავარაუდოდ, ის არის დ. ს., პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანი. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ჯერჯერობით დაკავებული არ არის. ფსიქიკური პრობლემები რომ ჰქონდა, ამას ადასტურებენ ეკლესიაშიც. მოძღვრისთვის ოჯახს უთხოვია დახმარება, რადგან უჩვულოდ იქცეოდა. სადარბაზო სისხლის სავსეა, დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, საბედნიეროდ გადარჩა".

ვახო სუთიძე ახლა მე-9 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს და იქ შეკრებილები არიან ოჯახის ახლობლები და მეგობრები. ისინი მომხდარით შეძრულები არიან.

დალი ჩიტალაძე, დაჭრილის დედა:

"მოძღვარს ველაპარაკე, ორი დღის წინ სტიქაროსანისთვის დაურტყამს  მუშტი იმ ბიჭს, მაშინ რომ უთქვამთ ეს ოჯახისთვის, მის ნათესავებს უთქვამთ, ჩვენ ვერ მიგვყავს საავადმყოფოში, არ მოგვყვება და იქნებ დაგვეხმაროთ, რომ წავიყვანოთო. ასე როგორ შეიძლება, უკვე მერამდენე შემთხვევაა ფსიქიკური პრობლემების ადამიანები თავს ესხმიან სრულიად უცნობ ადამიანებს, სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ პრობლემას... ჩემს შვილს სადარბაზოსთან დაესხა თავს, ვახომ კიდევ კარგი სახლში ამოსვლა შეძლო, მითხრა, სასწრაფო გამოიძახეო, ისე დავიბენი..."

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




ლელა
09 სექტემბერი 2019 13:05
ასეთ შემთხვევაში კანონი პასუხისმგებლობას მეურვეს ან ოჯახის წევრს უნდა აკისრებდეს და ამდენი უმართავი ადამიანი არ ივლიდა ქუჩაში, თუ ხედავ რომ არ სვავს წამლებს, არაა კარგად, მძღვარს კი არ უნდა მიმართოს პატრონმა, არამედექიმს!!!! ასე თუ არ მოიქცევი , პასუხიც უნდა აგო!!!!
ქ.გ
09 სექტემბერი 2019 11:21
ძაან მაგარი შვილი გყავთ, ღმერთმა ამრავლოს ესეთი ქართველები.
გამოჯანმრთელდი და გაიხარე
ალექს
09 სექტემბერი 2019 07:52
ამ "აშლილობებს" ღამის კლუბებში იძენენ !

რუბრიკის სხვა სიახლეები