"ალბათ, ამ საქმეში ახლობელია გარეული, თანაც ქალი" - კვირის პალიტრა

"ალბათ, ამ საქმეში ახლობელია გარეული, თანაც ქალი"

"სიმას 3 დღით ადრე გამოუტანია ლომბარდიდან ოქროული... ალბათ, ეს იცოდა მკვლელმა"

5 სექტემბერს თემქის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, 62 წლის სიმა მირზოევა-პივაზი სასტიკად არის ნაწამები. ჩანს, ქალმა დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია, ან იცნო და ამიტომ გაუსწორდნენ. განგაში ზედა სართულის მეზობელმა მას შემდეგ ატეხა, რაც ბინიდან გამოსული კვამლი დაინახა. მეზობლებმა ოჯახის უფროსს დაურეკეს და მისგან შეიტყვეს, რომ შინ მისი მეუღლე იყო.

"მეზობლის კივილი გავიგონე, სიმას ბინიდან კვამლი გამოდის, რამე ხომ არ დარჩათ ჩართულიო. გვეგონა, სახლში არავინ იყო - მეუღლეს სამსახურში რომ გააცილებდა, სიმა ავადმყოფ დედასთან გვერდით კორპუსში გადადიოდა. ზურას მოსვლამდე სახანძრო მოვიდა და ბინაში შეღწევა სცადეს. სიმა მოკლულია! დამნაშავემ კვალის წაშლის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინა, თუმცა პოლიციელმა გვითხრა, ცხედარი დამწვარი არ არისო. თქვეს, ტაბურეტით აქვს თავი გახეთქილიო - თურმე იქვე ეგდო სისხლიანი. ახლა ირკვევა, რომ დანითაც მიუყენებიათ ჭრილობები. ალბათ, ამოიცნო მკვლელი და ამიტომაც გაიმეტა მოსაკლავად", - ამბობს მეზობელი.

ბინიდან ოქროული და ფულია წაღებული და ერთი ვერსიით მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ოქროს საყურე.

"ეს საყურე სიმას მეუღლემ უყიდა და ძალიან უყვარდა. როგორც ჩანს, ყურიდან მოჰგლიჯეს, მაგრამ დარჩათ. ალბათ, ამ საქმეში ახლობელია გარეული, თანაც ქალი.

სიმა კარს უცხოს არ გაუღებდა, თან ღამის პერანგი ეცვა და მით უმეტეს მამაკაცს პერანგით არ დახვდებოდა. წლების წინ გლდანში ცხოვრობდნენ და იქაც დააყაჩაღეს. ერთხანს რუსეთში ცხოვრობდნენ და იქაც გაუქურდავთ. მას შემდეგ შეშინებული იყო და კარს უცხოს არ გაუღებდა. ვფიქრობთ, ამ საქმეში ახლობელი ურევია. მაგიდაზე უნახავთ ორი ყავის ჭიქა.

ეტყობა, ყავაც მოუდუღა ვიღაცას", - ამბობს ნათესავი.

ბინაში იატაკი სისხლით იყო მორწყული, ავეჯი დამწვარი და ნივთები დამსხვრეული დახვდათ სამართალდამცავებს. სავარაუდოდ, ქალი ლოჯიაში მოკლეს, ფარდასა და კედლებსაც სისხლის შხეფები ეტყობოდა. საძინებელში ერთიანად დაუჭრიათ ლეიბები და ბალიშები.

"სიმას 3 დღით ადრე გამოუტანია ლომბარდიდან ოქროული... ალბათ, ეს იცოდა მკვლელმა", - ამბობს მეზობელი.

ოჯახი შურისძიების მოტივით მკვლელობას გამორიცხავს, ამიტომ ჯერჯერობით ერთადერთი ვერსია განიხილება - ყაჩაღობა.