"მკვლელმა მეზობელი მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა" - საზარელი მკვლელობა თიანეთში - კვირის პალიტრა

"მკვლელმა მეზობელი მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა" - საზარელი მკვლელობა თიანეთში

6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში მკვლელობა მოხდა. 35 წლის ზურაბ მამადაშვილმა კარის მეზობელი და მოგვარე, ოლეგ მამადაშვილი სასტიკად მოკლა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ამ შემზარავ ფაქტს მოკლულის არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. ოლეგ მამადაშვილის შვილები შეეცადნენ მამა მოძალადისგან დაეცვათ, მაგრამ ბავშვები ვერაფერს გახდნენ, ზურაბ მამადაშვილმა მამაკაცი მისი შვილების თვალწინ მოკლა. ოლეგს ჯერ დანა დაარტყა ბეჭებში, შემდეგ კი თავში - შეშის ნაჭერი. მიყენებული დაზიანებებით მამაკაცმა გონება დაკარგა, ხმაურზე მოსულმა მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელიც დანაშაულის ადგილზე დროულად მივიდა, მაგრამ ოლეგ მამადაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანით მიყენებული ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ ის ადგილზე გარდაიცვალა.

2-დღიანი ძებნის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. როგორც შს სამინისტროში გვითხრეს, 1982 წელს დაბადებულ მამაკაცს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის უკვე წაუყენეს. საქმე აღძრულია სს კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ვქვეპუნქით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მერის წარმომადგენელი დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ჯანგირაშვილი მომხდარის თაობაზე გვესაუბრება:

- კარის მეზობლები არიან, მოკლულია ოლეგ მამადაშვილი, როგორც ვიცი, მათ შორის ჩხუბი და კონფლიქტი ადრე არასოდეს ყოფილი, მკვლელობის მიზეზი არ ვიცი. ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის გაქცეულია და პოლიცია ყველგან ეძებს. ოლეგი ძალიან კარგი, მშრომელი, უსიტყვო, უკონფლიქტო ბიჭი იყო. ყველა განიცდის და შეწუხებულია მომხდარით.

ოლეგი თიანეთში ავტოგასამართ სადგურზე მუშაობდა, მერე წყალსადენის დარაჯი იყო. ძალიან ვწუხვართ. ამბობენ, რომ ჯერ დიდი ხანჯლის მაგვარი დანა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი დაურტყია...

მერის წარმომადგენლისგან განსხვავებით, მამადაშვილების მეზობელი ქალბატონი კატეგორიულად უარყოფს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისი თქმით, ზურო მამადაშვილი კრიმინალია, ადრე ნასამართლევი, რომელიც ციხიდან შეწყალებით გამოვიდა. აი, რას მოგვიყვა გარდაცვლილის მეზობელი ქალბატონი, რომლის თხოვნითაც მის გვარ-სახელს არ ვასახელებთ:

- უმძიმესი ფაქტი მოხდა. მოკლა უკეთილშობილესი ადამიანი, ჩვენი ოლეგი, რომელიც ყველას უყვარდა სოფელში. გააუბედურა მთელი ოჯახი. ოლეგი უკონფლიქტო კაცი იყო, წარმოუდგენელია მას რამე ეთქვა ზუროსთვის. ეს იყო არაკაცი და გარეწარი. დალევა უყვარდა, მერე რომ ამოივლიდა სოფელში ყველას გვლანძღავდა, დიდს და პატარას უშვერი სიტყვებით მოგვმართავდა. ახლა ვბრაზობ ჩემს თავზე, რამ გაგვაქვავა, რატომ არ ვეწინააღმდეგებოდით მის აგრესიას და ხმას რატომ აღარ ვიღებდით აქამდე. იმ დღესაც საღამოს, უკვე ბინდდებოდა, მთვრალი ყოფილა, ოლეგის სახლთან შეხვედრია, თურმე ისევ იგინებოდა და ოლეგის უთქვამს, რას იგინებიო, მას უპასუხია, ზუსტად შენ გაგინებო და პირდაპირ ჩაურტყია დანა. ოლეგის ბავშვებმა გაიგონეს მამას რომ ეჩხუბებოდა და გამოიქცნენ, თურმე ერთი ბიჭი საქონელთან ყოფილა, ხელში ვედრო ეჭირა და მოდიოდა, რომ ნახა დანამომარჯვებულმა ზურომ მამამისს დანა ჩაარტყა, ბავშვმა ვედრო ესროლა დამნაშავეს. დანა ბეჭებში აქვს დარტყმული, თავიც გადახეთქილი აქვს ორ ადგილას. ადგილზე მოკლა პატიოსანი, უდანაშაულო ადამიანი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გაანადგურა ოჯახი. საშინელ დღეშია ოლეგის მამა, ამ ოჯახს ერთი შვილი აფხაზეთის ომში ჰყავს გარდაცვლილი და ახლა ოლეგი ამ არაკაცმა საკუთარი სახლის წინ უმოწყალოდ მოკლა. ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშავებია. მთელ სოფელში ერთ კაცს ვერ იპოვით, ვინც ოლეგიზე ცუდს იტყვის.

- რაიმე დაპირისპირება მეზობლებს შორის ადრე ხომ არ ყოფილა? ამბობენ, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვსო...

- არანაირი დაპირისპირება ოჯახებს შორის არ ყოფილა. მკვლელი არის 35 წლის ზურო მამადაშვილი, ფსიქიკური პრობლემები მას არ აქვს. ვინ თქვა ეს? ამით ხომ არ უნდათ სასჯელს აარიდონ? ის აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ნასამართლევია, შეწყალებით გამოუშვეს. ასეთი დამნაშავეები სულ ციხეში უნდა იყვნენ, მაგრამ დააღწია ციხეს თავი და ახლა მკვლელად იქცა...

ოლეგის ბავშვები საშინელ მდგომარეობაში არიან, მეცხრე და მერვე კლასის მოსწავლეები შეესწრნენ ამ საშინელებას. ბავშვებმა ქვები ესროლეს თურმე მკვლელს, ისე გაიქცა, დანა იქვე დაუვარდა. პოლიციამ წაიღო მკვლელობის იარაღი, მას მერე ეძებს პოლიცია, სავსეა პოლიციით აქაურობა, მაგრამ ვერსად პოულობენ. სადღაც დაიმალა. ბავშვები კიოდნენ, გვიშველეთო, ხალხიც მოგროვდა, მაგრამ ოლეგის ვერაფერი ვუშველეთ.

42 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ და ოლეგის ოჯახიდან ერთი ხმამაღალი ლაპარაკი არავის გაგვიგია, ასეთი ოჯახი გაანადგურა. ვერ ვთოკავ ნერვებს, ისეთი კარგი ბიჭი მოგვიკლა. ძალიან განვიცდი.

(სპეციალურად საიტისთვის)