თემქაზე ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს - კვირის პალიტრა

თემქაზე ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

6 სექტემბერს, თემქაზე მომხდარ შემზარავ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

62 წლის სიმა მირზოევა-პივაზის სადისტური მკვლელობის საქმე ძალოვნებმა რამდენიმე დღიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახსნეს. გაირკვა, რომ მკვლელობა მოკლულის მაზლმა ჩაიდინა და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში ამბობენ, მკვლელობას წინ უსწრებდა ურთიერთშელაპარაკება, სავარაუდოდ საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება და ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ ბრალდებულს.

შსს ინფორმაციით უკვე ამოღებულია ძვირფასი ნივთებიც. შეგახსენებთ, დანაშაული 5 სექტემბერს, თემქის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში მოხდა. განგაში ზედა სართულის მეზობელმა მას შემდეგ ატეხა, როცა ბინიდან გამოსული კვამლი დაინახა და საშველად სხვა მეზობლებს უხმო. მაშინვე დარეკეს 112-შიც. გაირკვა, რომ ბინაში სიმა მირზოევა იმყოფებოდა, მისი მეუღლე ზურაბ პივაზი კი სამსახურში იყო წასული. სავარაუდოდ დანაშაული ქმრის სამსახურში წასვლის შემდეგ მოხდა. მკვლელობის შემდეგ დამნაშავემ ბინაში რამდენიმე ადგილას გააჩინა ხანძარი, თუმცა მეხანძრეების ოპერატიული მუშაობით ცეცხლი მალე ჩააქრეს.

გთავაზობთ შსს-ს განცხადებას უცვლელად:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".

იხილეთ ასევე: "მკვლელი ეს დღეები სამძიმარს იღებდა... ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა"

(სპეციალურად საიტისთვის)