"მოკლულის მაზლი ეს დღეები სამძიმარს იღებდა... ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა" - კვირის პალიტრა

"მოკლულის მაზლი ეს დღეები სამძიმარს იღებდა... ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა"

62 წლის სიმა მირზოევა-პივაზის სადისტური მკვლელობის საქმე ძალოვნებმა გახსნეს, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მაზლი აღმოჩნდა. იგი სიმა პივაზის დაკრძალვის დღეს დააპატიმრეს და იმავე დღეს გაიგეს ახლობლებმა, რომ მომხდარში ნათესავი იყო გარეული. შსს ადასტურებს, რომ დანაშაული გახსნილია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება. ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობ ჩაიდინა და ის სამართალდამცავებმა უკვე დაავეს",- ნათქვამია შსს განცხადებაში.

მთელი სანათესაო მომხდარით შეძრულია და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ოჯახის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, მკვლელი ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ იქ ტრიალებდა და სამძიმარსაც იღებდა. მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება

ოჯახის ნათესავი გვიამბობს:

- სიმას მაზლია დაკავებული, მას ახლობლები გრიშას ვეძახით, გრიშა ამარიანი. სიმას მეუღლეს, ზურაბს გვარი ჰქონდა გამოცვლილი, წინაპრების გვარზე გადავიდა, ამიტომ არის პივაზი, ხოლო სხვა დედმამამიშვილები ამარიანები არიან. ყველანი შოკირებულები ვართ. ეს დღეები გრიშა დადიოდა იქ ჩვეულებრივ, ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა. დაკითხვაზე რამდენჯერმე წაიყვანეს ისიც და მისი ოჯახის წევრები, მაგრამ რას ვიფიქრებდით სიმას მკვლელი ის თუ იქნებოდა. როგორც ჩანს, სიმა მას წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომ ბრალდებულს დაზიანებები აქვს, კერძოდ ნაკაწრები და ერთი ჭრილობაც, ეტყობა სიმა იმ დროს მისთვის დანის წართმევას ცდილობდა და ხელი მაგ დროს დაუზიანდა მკვლელს. ისე ცოტა დაბნეული კი ჩანდა, ამდენჯერ რომ წაიყვანეს დაკითხვაზე, მაგრამ ამას ვინ იფიქრებდა. ხშირად დადიოდა მათ სახლში, პატივს სცემდნენ. ბრალდებულის და და ნათესავები ამბობენ, ჩვენ მოგვეცით და ჩვენ თვითონ ვაწამებთ ისე, როგორც სიმა აწამაო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ეს ძალიან ცოტაა, მას სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. თქვენ არ იცით როგორ წამებით არის ქალი მოკლული. ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მერე ბინიდან წაუღია ოქროული, სახლსაც ცეცხლი წაუკიდა, ეტყობა უნდოდა ცხედარი დამწვარიყო და ასევე ბინაში არ გამოჩენილიყო მისი იქ ყოფნის კვალი, მაგრამ არ გაუმართლა.

როგორც ვიცით, დნმ-ის ანალიზით უკვე დადგენილია, რომ ეს მკვლელობა მისი ჩადენილია. სავარაუდოდ, დაკრძალვამდე გარკვეული იყო ყველაფერი, მაგრამ დააცადეს დაკრძალვა და მერე ითქვა მკვლელის ვინაობა. დაკრძალვაზე ის არ ყოფილა. წინა დღეებში კი დადიოდა. მოკლულის მეუღლემ ეს ამბავი რომ გაიგო, შოკში ჩავარდა და გული წაუვიდა. ეს რა გამიკეთაო. არადა სულ პატივს სცემდნენ.

- პირველ დღეს, როცა მთელი სანათესაო იქ იდგა და ექსპერტების წასვლას ელოდებოდა, ისიც იქ იყო?

- დღისით იქ არ ყოფილა, მისი შვილი იყო იქ, ეს მერე გვიან მოვიდა და წარმოიდგინეთ სამძიმარსაც იღებდა. ანადგურებული იდგა მოკლულის შვილი და მასთან როგორ უნდა გამოჩენილიყო? როგორც ჩანს, დაპირისპირება იყო მკვლელობამდე, უთქვამს, მერე მოვკალიო, უღიარებია დანაშაული. ქალი სადისტურად მოკლა, მერე სახლი გადაბუგა. შემთხვევის ადგილი ისევ დალუქა პოლიციამ. ყველაფერი სისხლში იყო მოსვრილი. იქ ცხედრის დასვენებაც შეუძლებელი იყო და ამიტომ სიმა იქვე მეზობლად მცხოვრები ძმის და დედის სახლიდან გაასვენეს. მოვითხოვთ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

იხილეთ ასევე: "ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მისულა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო"

(სპეციალურად საიტისთვის)