"არასრულწლოვანი ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა და..." - შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

"არასრულწლოვანი ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა და..." - შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაში ბრალდებული ბ.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ბ.ი.- მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა განახორციელა და ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა.

"ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის 12 მაისს, ბ.ი.-მ, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად არასრულწლოვანი შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. ბ.ი. ამგვარ ქმედებას, დაზარალებულის მიმართ პერიოდულად, 2019 წლის 12 და 13 მაისს ახორციელებდა, ვიდრე ადგილზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 13 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) 111,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისთვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"