"საფასურად ჩაიდო ოჯახის წევრის უძრავი ქონება" - ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა - კვირის პალიტრა

"საფასურად ჩაიდო ოჯახის წევრის უძრავი ქონება" - ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული გირაო გადაიხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, ავთანდილ წერეთლის გირაოს საფასური მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.

"გირაოს საფასურად ჩაიდო ოჯახის წევრის უძრავი ქონება", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"