"ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მისულა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო" - კვირის პალიტრა

"ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მისულა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო"

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ისე (გრიშა) ამარიანის სასამართლო პროცესზე მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. პროკურატურა ბრალდებულის დაპატიმრებას მოითხოვს. მისთვის წაყენებული ბრალდება უმძიმესია. როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, ამარიანი დანაშულს აღიარებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს სახლიდან ფულის და ოქროულის წაღებას. თავად მოკლულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ სახლიდან ფული და 800 გრამამდე ოქროა წაღებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ძვირფასეულობის ნაწილი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი მდინარაძე, ადვოკატი:

- ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ის ძალიან განიცდის მომხდარს. უჭირს საუბარი და ამბობს ვერ ამიხსნია, რატომ მოვკლიო. მისი თქმით, ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მივიდა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, უცებ რა დამემართა არ ვიცი, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო. ვერ ვხსნი მომხდარსო. არადა კარგი ურთიერთობა მქონდა რძალთანო და იმასაც ამბობს, კარგი ადამიანი იყოო. დადებითად მოიხსენიებს მოკლულს. ძალიან ნერვიულობდა თვითონაც, მან მისცა ჩვენება გამოძიებას, გუშინაც დაიკითხა დამატებით და დამატებით კითხვებსაც გასცა პასუხი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბინიდან ოქროული და ფული წაიღო, ამას ის კატეგორიულად უარყოფს.

- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ბინიდან ამოღებულია ძვირფასეულობის ნაწილი, მაშინ ეს ნივთები მასთან როგორ აღმოჩნდა? - ვადასტურებ, რომ მისი სახლიდან ამოღებულია რაღაცეები, სახლის ჩხეკის დროს წაიღეს, მაგრამ ჯერ დასადგენია ეს ნივთები არის თუ არა მოკლულის. ან საერთოდ ვისია. დანიშნულია ექსპერტიზები და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.. თვითონ კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, ბინიდან არაფერი წამიღიაო, მკვლელობის შემდეგ მაშინვე გავიქეცი იქიდანო.

- საქმეში დანა ფიგურირებს, დანით შეიარაღებული მივიდა ძმის სახლში? როგორც ამბობენ, მოკლულს დანით რამდენიმე ჭრილობა ქვს მიყენებული, ამაზე რას ამბობს?

- დანა იქ მაგიდაზე იდოო. როგორც თქვა, კარგად ვერ იხსენებს დანის ჩარტყმის დეტალს, თუმცა ამბობს, რომ გამოიყენა დანა. როგორც საქმეში წერია, რამდენიმეჯერ არის დაზიანება დანით მიყენებული.

- ყავა დალიეს და ამის მერე მოკლა? ადასტურებთ, რომ დნმ-ის კვალი აღმოჩნდა? - დილით მივიდა, ხშირად მიდიოდა ძმის სახლში, ყავაც დალიეს ერთად, ამის მერე მოხდა ეს დანაშაული. არაფერი წინასწარ დაგეგმილს არ ჰგავს. თავს იკლავს, ეს რა ჩავიდინეო, მრცხვენია თვალებში ვერავის ჩავხედავო. არ უნდა იმათი ნათესავები მოვიდნენ სასამართლო პროცესზე. ვაღიარებ ყველაფერსო. მზად არის პასუხი აგოს ჩადენილისთვის.

- შემთხვევის ადგილზე საშინელი სურათი დაგვხვდა, პირადად ვნახე სისხლით მოსვრილი სახლი და ყველგან იგრძნობოდა ძალადობის კვალი. ახლობლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მოკლულმა მას წინააღმდეგობა გაუწია, ასე სადისტურად რატომ მოექცა?

- ის ამბობს, თავში ჩავარტყი ტაბურეტი და გაითიშაო. როგორც ვიცი, სხვა ოთახები უფროა დამწვარი, ვიდრე ლოჯია, სადაც დანაშაული მოხდა. თვითონ კატეგორიულად უარყოფს, რომ სახლში ცეცხლი გააჩინა. არის ვერსია, რომ თითქოს ვიღაცასთან ერთად იყო, მაგრამ ამბობს მარტო ვიყავიო. არ იცის ცეცხლი ვინ გააჩინა.

- დაფლეთილი იყო ლეიბები, ბალიშები, თქვენ ამბობთ, რომ ის არ ეძებდა ოქროულს და არაფრი წაუღია, მაშინ სახლში ასეთი არეულობა რატომ იყო? - გამოძიება მიდის, დანიშნულია ექსპერტიზები და ექსპერტიზა გასცემს პასუხს იმას, თუ რა მოხდა რეალურად. რაც შეეხება იმას, რომ ბრალდებულის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა ნივთებზე, ამას მეც ვადასტურებ. თავისთავად აღმოჩნდებოდა, თვითონაც არ უარყოფს რომ ბინაში იყო.

- მკვლელობის შემდეგ სახლიდან წავიდა, სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა და ისევ დაბრუნდა როგორც ჭირისუფალი, ამაზე რას ამბობს? თუ აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა დანაშაული, რატომ არ აღიარა მაშინვე? - შეეშინდა ალბათ და იმიტომ მოიქცა ასე. ვერ იტყოდა, ახლაც ამბობს ჩემიანებს ვერავის ჩავხედავ თვალებშიო. ეშინოდა თავისთავად. მის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაშინ არც იმას არ აღიარებდა, რაც თქვა.

- მას დაზიანების კვალი ეტყობა ხელზე? - არაფერი შემინიშნავს, სამედიცინო დახმარებაც არ მოუთხოვია. ვერაფერს გეტყვით.

მოკლული ქალის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ მოკლულმა მას წინააღმდეგობა გაუწია და მათი თქმით, ბრალდებულს ხელზე ერთი ჭრილობა და ნაკაწრებიც აღენიშნება. მოკლულის ვაჟი მისი ბიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამბობენ, რომ ის ჩვეულებრივ იქცეოდა და ვერ წარმოიდგენდნენ დანაშაული მისი ჩადენილი რომ იყო.

ნუგზარი, მოკლულის უფროსი ვაჟი:

- ბიძაჩემმა დედა მომიკლა ასე სასტიკად. მე გერმანიაში ვცხოვრობ, იქიდან რომ ჩამოვედი აქ დამხვდა, მომისამძიმრა და გადამეხვია. რას ვიფიქრებდი დედაჩემის მკვლელი ის თუ იყო. ჩვენ ოჯახებს შორის ჩხუბი და კამათი არასოდეს ყოფილა. დედა თავის ძმას ისეთ პატივს არ სცემდა, როგორც ბიძაჩემს. ერთი პერიოდი ცოლთან ერთად ჩვენთან ცხოვრობდა და სულ მასზე ზრუნავდა. ბიძაჩემი მარწმუნებდა, სოფელში წავიყვანოთ და იქ დავკრძალოთო, მაგრამ უარი ვთქვი, მინდოდა თბილისში დაკრძალულიყო დედაჩემი. რომ ჩამოვალ ხომ უნდა მივიდე მის საფლავთან. დედას სოფელი ჰქონდა სომხეთში და იქ უნდოდა ბიძაჩემს, რომ გადაგვესვენებინა. რამდენჯერმე მითხრა, თბილისში ძვირი დაჯდება საფლავიო. არაუშავს, გადავიხდი, დედა ამას იმსახურებს- მეთქი. ალბათ, ჩვენთან ერთად გასვლა უნდოდა სომხეთში და იქიდან ალბათ გაიქცეოდა მერე. სადისტურად მოკლა, მარტო მკვლელობა არ არის ეს, წამებით არის დედა მოკლული.

მამაჩემის ძმა იყო, მეგონა გვერდში მედგა და რა ვიცოდი მან თუ მომიკლა დედა. ქელეხის სუფრაზე გავიგეთ, რომ მკვლელი ის იყო და დააკავეს. გაგიჟებულები ვართ. არადა მისი შვილი, რძალიც აქ იყვნენ. დახვრეტა უნდა მაგას.

იხილეთ ასევე: "მოკლულის მაზლი ეს დღეები სამძიმარს იღებდა... ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა"

იხილეთ ასევე: 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს პატიმრობა შეეფარდა

(სპეციალურად საიტისთვის)