3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა? - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა? - რას ამბობს ადვოკატი?

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია. როგორც გაბუნია აცხადებს, მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. გაბუნია აღნიშნულს საქმის მასალებს დაურთავს.

თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"