"სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა და სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს" - კვირის პალიტრა

"სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა და სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, 12 სექტემბერს, შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან Mitsubishi Pajero- ს ფირმის ავტომობილი მოიპარეს.

"სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.

ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს.

ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"