როცა თავდამსხმელი შეურაცხადია - კვირის პალიტრა

როცა თავდამსხმელი შეურაცხადია

"როცა ფსიქიკურად დაავადებული თუნდაც 2 წელს გაატარებს კლინიკაში, მას ოჯახის წევრებიც ერიდებიან"

უთუოდ ბევრს ახსოვს ამას წინათ 3 წლის ბავშვზე თავდასხმა და მისი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც გაირკვა, დანაშაული ფსიქიკურად შეურაცხადმა პირმა ჩაიდინა. მას დღეს იძულებით მკურნალობენ. ამას დაემატა გასულ კვირას ახალი ფაქტიც - მოდის ექსპერტ დალი ჩიტალაძის ვაჟს, ვახო სუთიძეს, უცხო მამაკაცი სადარბაზოში თავს დაესხა და დანით დაჭრა. მას ოპერაცია გაუკეთეს. ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონია.

ამ ფაქტებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

არსებულ პრობლემებზე, სერვისების არარსებობაზე, ბევრი დაწერილა და თქმულა. როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა, ამ და სხვა საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს ირინე ობოლაძეს ვესაუბრეთ.

- საზოგადოებაში ამ თემაზე ლაპარაკი არ წყდება, ბევრს საუბრობენ სერვისების არარსებობაზე. თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი, შესაცვლელი?

- ეს კომპლექსური პრობლემაა. გარდა იმისა, რომ დღის ცენტრები არა გვაქვს, სხვა საკითხია, ფსიქიკურად დაავადებული პირი თვლის თუ არა საჭიროდ ექიმთან მისვლას. იმდენად დიდია სტიგმა, შეიძლება უნდოდეს ექიმთან მისვლა, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოება ცუდი თვალი შეხედავს, თავს იკავებს. სტიგმის ბრალია, რომ არ გვინდა ასეთ პირებთან ურთიერთობა, გვეშინია. ახლობლები უნდა დაეხმარონ დაავადებულს, როგორმე დაიწყოს ფსიქოჯანმრთელობაზე ზრუნვა და გამოიკვეთება, რა ესაჭიროება - სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობა. მიმართვის დაგვიანების გამო საქმე ხშირად დანაშაულის ჩადენამდე მიდის. პირის სტაციონარში მოთავსება ნებაყოფლობითია. იძულებით უმკურნალებენ მაშინ, როცა დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილია და ექსპერტის დასკვნით ის შეურაცხადია. ამიტომ მდგომარეობის გამწვავებამდე ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი აუცილებლად უნდა დადიოდეს ექიმთან, ამაში ხელს უნდა უწყობდეს გარემო, ოჯახი, სახელმწიფო სერვისები.

- სტიგმის ბრალია, ალბათ, ისიც, რომ ფსიქიატრის ნაცვლად ნევროლოგთან მიდიან.

- ფსიქიატრთან მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში მივდივართ. როცა, ვთქვათ, ნევროლოგთან ფსიქიკური აშლილობის ნიშნებით მიდის მოქალაქე, ის მყისიერად უნდა გაგზავნოს შესაბამის სპეციალისტთან.

ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამ დღეებში ისეთ პირებზე, რომლებმაც, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინეს, და არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მათი დაცვაც აუცილებელია.

- ხშირად უჩივიან კლინიკაში ადგილების უქონლობას. - ეს პრობლემაც იმან განაპირობა, რომ დაავადებული მოქალაქე ექიმთან უკვე გართულებული მდგომარეობით მიდის. არის სტაციონარში პაციენტის ხანგრძლივად დაყოვნების პრობლემაც. ბევრი წლების განმავლობაში იქ არის, რადგან სტაციონარის გარეთ შესაბამის სერვისს ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი უსახლკაროა, არა ჰყავს ოჯახის წევრი, ან თუ ჰყავს, ისინი უარს ამბობენ მის სახლში წაყვანაზე. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 15-20 წელს სტაციონარში ატარებს იმ მიზეზით, რომ მას გარეთ მიმხედავი არა ჰყავს, არა აქვს სახლი, ვერსად დასაქმდება და ვერც იმკურნალებს. ერთი სიტყვით, ეს პრობლემათა ჯაჭვია, რომელიც საბოლოოდ სტაციონარებში ადგილების დეფიციტს ქმნის.

როცა ფსიქიკურად დაავადებული თუნდაც 2 წელს გაატარებს კლინიკაში, მას ოჯახის წევრებიც ერიდებიან. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას მისი უფლებები სტაციონარს გარეთ სამედიცინო მომსახურებით.

როცა იქნება სერვისები, საოჯახო სახლები, მობილური ჯგუფები, მათ შორის იქნება გაძლიერებული ამბულატორიული კომპონენტი, პირი იქნება აღრიცხვაზე, მიიღებს მედიკამენტს, ზემოჩამოთვლილი პრობლემები, თუ ყველა არა, დიდი ნაწილი მაინც აღმოიფხვრება.

წელიწადში რამდენჯერმე სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ატარებს კლინიკებში და წლებია იგივე პრობლემებია: ინფრასტრუქტურა მოძველებულია - კარგია, რომ შენობა გარემონტდა, თუმცა დაწესებულების დიდ ნაწილში არ არის სათანადო პირობები. არის პერსონალის, ფსიქიატრების, ექთანების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ნაკლებობაც. სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო. სახელმწიფომ ამგვარი დაწესებულებების პერსონალზეც უნდა იზრუნოს, ასევე მკურნალობისა და მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

- ბევრი წუხს, რომ 20-30 წლის წინანდელი მედიკამენტებით მკურნალობენ კლინიკები.

- მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ახალი თაობის მედიკამენტებს იღებდეს, მაგრამ ხშირად ვერ ხერხდება ფინანსური რესურსის სიმწირისა და სათანადო უზრუნველყოფის გამო.

- ვთქვათ უმკურნალეს ადამიანს კლინიკაში, გაეწერა, მერე აღარ მიიღო მედიკამენტები და გაუმწვავდა მდგომარეობა. არსებობს სახელმწიფო სამსახური, რომელიც ამის მონიტორინგს ჩაატარებს? - როცა პაციენტი სტაციონარიდან გადის, მან უკვე ამბულატორიული მომსახურებით უნდა ისარგებლოს. არ არსებობს იძულებითი ამბულატორიული მკურნალობა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი და სხვა სერვისი, რომლებიც დაეხმარებიან პაციენტს, აუხსნიან, რომ მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. ამბულატორიის წარმომადგენელი არ არის ვალდებული მივიდეს მის სახლში და აიძულოს წამლის დალევა, გამოვა, რომ მის ნებაზე ვახდენთ ზეგავლენას. თანამედროვე მიდგომებით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მკურნალობა, საამისოდ კი მას ფსიქოლოგი ან მობილური ჯგუფის სხვა წევრი უნდა ესაუბროს.

არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ საფრთხე ექმნება მისი ან სხვა პირების ჯანმრთელობას, ან სხვისი მატერიალური ქონების დაზიანებას, ხოლო იძულებითი მკურნალობა ინიშნება მაშინ, როცა უკვე ჩადენილია დანაშაული და ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს პირი შეურაცხადი იყო.

- როცა სასამართლო პირს მიუსჯის იძულებით მკურნალობას, ასეთ პირებს ხონის ფსიქიატრიულში ათავსებენ. იქ როგორი პირობებია?

- ასეთი პაციენტები ქუტირის დაწესებულებაში არიან.\ ჩვენ სისტემატურად ვატარებთ მონიტორინგს. საჭიროა გათვლილი რისკების შემცირება, რესოციალიზაციის ღონისძიებების გატარება. ფსიქოლოგები ინდივიდუალურად უნდა მუშაობდნენ პაციენტთან, ასევე უნდა უტარდებოდეთ ჯგუფური თერაპია. სასურველია სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართვა, რათა შემდგომ არ გაუჭირდეთ საზოგადოებაში ყოფნა. სამწუხაროდ, ეს კომპონენტი სათანადო დონეზე არ არის. ამ პაციენტთა დიდი ნაწილი დღის განმავლობაში შეიძლება სასეირნოდაც არ გადიოდეს და პასიური ცხოვრებით ცხოვრობდეს.

- იძულებითი მკურნალობის ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლებული პირის მონიტორინგის რამე მექანიზმი არსებობს?

- არა, დამატებითი პროგრამა არ არსებობს და ვერც იქნება. ალბათ, ეს არც იქნება სწორი - მან ჯანმრთელობიდან გამომდინარე ჩაიდინა დანაშაული, შეურაცხადი იყო და რაკი იძულებითი მკურნალობა ჰქონდა დანიშნული, მხოლოდ ამიტომ არ შეიძლება გარეთაც დაუწესდეს რეჟიმი. მათ იგივე მომსახურება, იგივე სერვისი უნდა მიიღონ, როგორც სხვებმა. იძულებითი მკურნალობის დასრულების შემდეგ ისინი ვალდებული არიან მივიდნენ ამბულატორიაში, მაგრამ თუ რაღაც მიზეზით ვერ მიდიან ან არ მიდიან, სწორედ მაშინ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო სისტემა და დაარწმუნოს პირი მკურნალობის გაგრძელების საჭიროებაში. შეიძლება დასრულდეს სასამართლოს განსაზღვრული ვადა, მაგრამ მდგომარეობა არ იყოს გამოსწორებული, მაშინ ასეთი პირი დარჩება კლინიკაში. წელიწადში ერთხელ მკურნალმა ექიმმა და კომისიამ უნდა გადაწყვიტონ, უნდა დარჩეს თუ დატოვოს დაწესებულება. თუ ვადამდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა, შეიძლება ადრეც გამოუშვან. სამწუხაროდ, თავის დაზღვევის მიზნით ოჯახებს უკავშირდებიან და დიდი ნაწილი უარს ამბობს გაწერაზე. დაწესებულების ქმედება არასწორია - როცა ამოწურულია ვადა, პაციენტს არ უნდა ვაიძულოთ კლინიკაში დარჩენა. ეს მისი უფლების დარღვევაა.