"არ ეგონა, აქაც თუ მოაკითხავდნენ" - რას ჰყვება გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმა? - კვირის პალიტრა

"არ ეგონა, აქაც თუ მოაკითხავდნენ" - რას ჰყვება გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმა?

საინფორმაციო სააგენტო "ბი-ბი-სი" ბერლინში მოკლული ქართველის ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ზელიმხანის ძმა ზურაბ ხანგოშვილი გარდაცვლილი ძმის ცხოვრების სხვადახვა ეტაპზე საუბრობს და ძმის მკვლელის იმ სახელს ამბობს, რომელიც თავად დაადგინა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ქუჩაში მას ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი მიუახლოვდა, ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ თავში საკონტროლო გასროლით ადგილზე მოკლა და გზა განაგრძო. ბერლინის პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა. "ბი-ბი-სი"-ს რუსულმა გამოცემამ დაიწყო მოკვლევა, ვინ იყო მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი და ნამდვილად იყო თუ არა ეს შეკვეთილი მკვლელობა.

ზელიმხანზე თავდასხმის დღეს, 23 აგვისტოს, ხანგოშვილის მეუღლე სამსახურში იყო და ქმრის გარდაცვალება ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემები მოკლულის ვინაობას არ ამჟღავნებდნენ, ის მაშინვე მიხვდა, რომ უბედურება ზელიმხანს შეემთხვა: "უცნაური იქნებოდა, ჩვენი სახლის წინ, პარკში, რაიმე შემთხვევა სხვა ჩეჩენს მოსვლოდა".

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, პანკისელმა ზელიმხანმა მისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საომარ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში. იყო ერთ-ერთი საველე მეთაური, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ჩეჩენ მებრძოლებთან ერთად ბრძოლისას დაიჭრა კიდეც. მას თბილისშიც დაესხნენ თავს.

მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ბოლოს ბერლინში დასახლდა.

ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლე, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, ამბობს, რომ ზელიმხანი ოდესაში გაიცნო. "მან ყოველთვის იცოდა, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც საფრთხე ემუქრებოდა. დიდი იმედი გვქონდა, რომ ბერლინში უსაფრთხოდ ვიცხოვრებდით, გვეგონა ეს უსაფრთხო ქვეყანა იყო, მაგრამ..." - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე "ბი-ბი-სი"-სთან საუბრისას.

"ჯერ ომში იბრძოდა, შემდეგ თაფლს ყიდდა"

ზელიმხან ხანგოშვილი 1979 წელს სოფელ დუისში დაიბადა. პანკისში დაამთავრა საშუალო სკოლა და 90-იანებში ძმასთან - ზურაბთან ჩეჩნეთში წავიდა, სადაც ომის დაწყებისთანავე დაპირისპირებაში ძმასთან ერთად ჩაერთო, თუმცა მამის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო. მას ძალიან უნდოდა ჩეჩნეთში დაბრუნება და როგორც "ბი-ბი-სი" წერს, დედას სთხოვდა, მიეცა  ჩეჩნეთში წასვლის უფლება.

"სთხოვდა რომ ჩეჩნეთში გაეშვა, მუხლებზეც კი დგებოდა. დედას ეუბნებოდა, ეს სირცხვილია, ჩვენ იქ ვცხოვრობდით როცა ომი არ იყო და ახლა, როცა ომი დაიწყო და ჩვენი ხალხი ასეთ დღეშია, გამოვიქეცითო", - იხსენებს ზელიმხანის ძმა ზურაბი. საბოლოოდ, დედას გადაუწყვეტია, თუ უმცროსი შვილი ომში წავიდოდა, უფროსი სახლში უნდა დარჩენილიყო.

ზელიმხანი პანკისში 5 წლის შემდეგ დაბრუნდა, ის ფეხში იყო დაჭრილი და რუსეთის ფედერაცია ინტერპოლით ეძებდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბიზნესი დაიწყო, თაფლი გადაჰქონდა საუდის არაბეთში, შემდეგ ბედი უძრავი ქონების სფეროშიც სცადა, საქართველოში ჩამოსულ მდიდარ არაბებს ფულის სარფიანად დაბანდებაში ეხმარებოდა, მეგობრებთან ერთად თბილისში კაფეც გახსნა.

სწორედ ამ პერიოდში, 2008 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო, ზელიმხანმა 50-კაციანი ჯფუფი შეკრიბა და ომში მონაწილეობის მისაღებად ცხინვალისკენ გაემართა, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა ვერ მოასწრო, რადგან ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და ბრძოლებიც შეწყდა.

ზელიმხანის ძმა, ზურაბი იხსენებს იმ ამბავსაც, თუ როგორ გადაიბირეს მათი თანასოფლელი, რომელიც "დავერბოვკებული" იყო და დავალებად ზელიმხანის განეიტრალება და რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემა ჰქონდა.

2015 წელს ზელიმხანს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. ზურაბი იხსენებს, რომ მისი ძმა სამსახურში მიდიოდა, როდესაც გზაჯვარედინზე გაჩერდა რათა მანქანა გაეტარებია და სწორედ ამ დროს 8-ჯერ ესროლეს. ზელიმხანს 4 ტყვია მოხვდა, ის თავად მივიდა საავადმყოფომდე. როგორც ზურაბი ამბობს, "ამ პერიოდში ხელისუფლება ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობა დაელაგებია და ჩეჩნეთში მებრძოლის გამო არ აპირებდნენ ხმაურის ატეხვას", ამიტომ ქართველმა სამართალდამცავებმა ამ საქმის გამოძიება არც კი სცადეს.

"არ ეგონა, აქაც თუ მოაკითხავდნენ"

ხანგოშვილის მეუღლის თქმით, 23 სექტემბერს, ზელიმხანი შუადღისკენ სახლიდან გავიდა და მეჩეთისკენ გაემართა, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მას მკვლელი ველოსიპედით მიუახლოვდა, ჯერ მხარში ესროლა, შემდეგ კი თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. კილერი იქვე მდინარისკენ გაემართა, წყალში ჯერ ველოსიპედი მოისროლა, შემდეგ პარიკი და "გლოკის" მარკის იარაღი, რომელიც ზელიმხანის მკვლელობისთვის გამოიყენა. იქვე ჰყავდა გაჩერებული მოპედი, რომლითაც მიმალვას აპირებდა. მომხდარი იქ მყოფმა მოზარდებმა დაინახეს, სამართალდამცავები გამოიძახეს და მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს.

ზურაბ ხანგოშვილს, ძმის გარდაცვალების ამბავი შვილმა საქართველოდან შეატყობინა. ის ამჟამად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაშია, სადაც თავშესაფარი მოითხოვა.

"საღამოს, როცა ჩემმა შვილმა დამირეკა და ზელიმხანის ამბავი გამაგებინა, ჩემს დიდი ხნის უნახავ მეგობართან სტუმრად ვიყავი. არ შეიძლებოდა ემოციები მეგობრების წინ გამომეხატა... ვერ გამოვხატავდი როგორ დავიბენი, ეს კაცს არ შეეფერება... ზელიმხანს არ ეგონა თუ გერმანიაშიც მიაკითხავდნენ, თუმცა ჰქონდა ინფორმაცია, რომ უთვალთვალებდნენ, რაც ოჯახის წევრებს უთხრა კიდეც".

ზელიმხანის მეუღლე ამბობს, რომ მისმა ქმარმა იგრძნო საფრთხე და ბერლინის სამართალდამცავებს მიმართა, დაეცვათ მისი უსაფრთხოება...

4 სექტემბერს გერმანიის ქუჩებში ჩეჩნებმა აქცია მოაწყვეს, აქციაზე ყურადღებას იქცევდა რამდენიმე სლოგანი "მე ზელიმხანი ვარ" "ჩვენც გვინდა სიცოცხლე". მუჰამედ აბდურაჰმანოვის წინააღმდეგ, რომელიც ამ აქციის მონაწილე იყო, გერმანიის ხელისუფლებამ დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. "ხალხს, რომელთაც დღეს ნამდვილად სჭირდებათ თავშესაფარი, მას ვერ იღებენ, ხოლო ისინი, ვინც კადიროვის და რუსულ დროშას აფრიალებენ, თავს კარგად გრძნობენ", - ამბობს აბდურაჰმანოვი.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის ასლან მასხადოვის ვაჟი, ანზორ მასხადოვი ბი-ბი-სი-სთან საუბარში ამბობს, რომ ზელიმხანი ასლან მასხადოვთან ერთად იბრძოდა. მან საოჯახო ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ზელიმხანი მასხადოვთან ერთადაა. "ფოტო გადაღებულია 2002 წელს, მაშინ მამაჩემი მთებში დადიოდა და მებრძოლებს ხვდებოდა". ანზორის თქმით, მასთან მივიდა ჭორები, თითქოს ზელიმხანმა დაწვრილებით იცოდა იმ სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც 2005 წელს ასლან მასხადოვი მოკლეს და შეიძლება ესეც გამხდარიყო ზელიმხანის მოკვლის მიზეზი.

ზელიმხანის უფროსი ძმის, ზურაბის თქმით, ომიდან დაბრუნების შემდეგ ზელიმხანი ფიქრობდა, რომ მასზე ნადირობა აღარ გაგრძელდებოდა, რადგან ის უკვე ბიზნესის სფეროში იყო, თუმცა მას თვალყურს ადევნებდნენ, რადგან, როგორც ცნობილია, მოკლულ ზელიმხანს დიდი გავლენა ჰქონდა პანკისელ ახალგაზრდებზე. "ახალგაზრდებს არ სურდაც რუსეთის ან ჩეჩნეთის გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ, ისინი აზრს ეკითხებოდნენ საქართველოდან წასულ ზელიმხანს, შესაძლოა ზელიმხანი მათ ხელს უშლიდა",- ამბობს ზურაბი.

ვინ არის ვადიმ სოკოლოვი

გერმანული საინფორმაციო სააგენტოების მოპოვებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც ბერლინში სამართალდამცავებმა დააკავეს საბუთები ვადიმ სერგეის ძე სოკოლოვის სახელზე ჰქონდა გაკეთებული, საცხოვრებელ ადგილად კი სანქტ-პეტერბურგი ჰქონდა მითითებული. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საბუთები ყალბი იყო, ადგილი კი რომელიც მას ჰქონდა მითითებული სანქტ-პეტერბურგში, არ არსებობდა. ჟურნალისტების ცნობით, ის რუსეთიდან ჯერ საფანგეთში ჩაფრინდა, საფრანგეთიდან პოლონეთში და შემდეგ მანქანით გაემგზავრა გერმანიისკენ.

The Insider წერს, რომ "ძალიან უცნაურია და დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, როგორ გასცა საფრანგეთის საკონსულომ არარსებულ ადამიანზე ვიზა. "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტის აზრით, ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ამ საქმეში საფრანგეთის სპეცსამსახურები იქნებოდნენ გარეული.

ხანგოშვილის ძმას და მეუღლეს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ზელიმხანის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს, "ყველამ იცის, ვინც ჩაიდინა ეს მკვლელობა. ჩვენს ახლობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს და მეც ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების გაკეთებულია", - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.

ოლეგ კსენოფონტოვმა, რომელიც გერმანიაში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშეა, ბი-ბი-სი-სთან საუბარში დაადასტურა, რომ დაკავებულმა სოკოლოვმა რუსეთის საელჩოს მიმართა. "მან (დაკავებულმა) თავად მოითხოვა და ჩემი თანამშროლები შესახვედრად წავიდნენ. თუ რაზე საუბრობდნენ ისინი სოკოლოვთან, ამის დაზუსტება არ შემიძლია", - განაცხადა პრეს-ატაშემ.

ზურამ ხანგოშვილის ინფორმაციით, მისი ძმის მკვლელი არა ვადიმ სოკოლოვი, არამედ კაზბეკ შამაევია, რომლის ფოტოც "ფეისბუქში" ერთ-ერთმა ჩეჩენმა იცნო.

"ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შატოეში 1999-2000-იან წლებში ცხოვრობდა. ეროვნებით რუსია, მაგრამ გამართულად საუბრობს ჩეჩნურ ენაზე. ჩეჩნეთში ცხოვრებისას მას კაზბეკი ერქვა. მან ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ცხოვრებისას ერთ-ერთი დანაყოფის ნდობა დაიმსახურა, შემდეგ კი მებრძოლები პოლიციელებს ჩააბარა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა", – აცხადებს ზურაბ ხანგოშვილი.

"სანამ მისი კვალი ჩეჩნეთში გაქრებოდა, მებრძოლებში ცნობილი გახდა შამაევის და ადგილობრივი სამართალდამცავების კავშირის შესახებ. მას უკვე გაფუჭებული ჰქონდა რეპუტაცია", - ამბობს "ბი-ბი-სი"-ს წყარო.

როგორც ცნობილია, მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგიც იყო და არ მოსწონდა თუ ვინმე ამ დაჯგუფებას შეუერთდებოდა, ის ახალგაზრდებს ეუბნებოდა, თუ ასეთი ძლიერები და გამბედავები ხართ, მოიყვანეთ ორი-სამი ცოლი, გააჩინეთ ბავშვები და თქვენი სიმამაცე იმათ გადაეცითო, - იხსენებს ზელიმხანის ძმა ზურაბი. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ