სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა - კვირის პალიტრა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. ამასთან აღნიშნა, რომ არ არსებობს ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ოქრუაშვილს თავდებში უდგება რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია.

"პატიმრობა უნდა შეეცვალოს, გვაქვს ახალი გარემოებები. გთავაზობთ 500 000 ლარს გირაოს სახით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა", - აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, ის მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობა არ უნდა შეიცვალოს. პროკურატურის განმარტებით, ოქრუაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.

რაც შეეხება ბრალდებულებს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, მოსამართლის კითხვაზე სცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ თავს ნაწილობრივ სცნობს დამნაშავედ. ხოლო ბრალდებულმა თორნიკე დათაშვილმა კი აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ სრულად სცნობს.

ორივე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის შეცვლითა და 5 000 - 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

საბოლოო ჯამში, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"