არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს - კვირის პალიტრა

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის პ.ლ.-ს ადვოკატის ნინო ტაბატაძის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას უკავშირდება. როგორც პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ადვოკატმა განაცხადა, საქმეში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

"ვინარჩუნებთ კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, ეს ბრალდებულთან შეთანხმებული პოზიციაა. დამატებითი საქმის მასალები გადმომცეს. მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შსს-მ რა ინფორმაციაც გაავრცელა იმის გარდა, არ გავახმაურო სხვა ინფორმაცია და დავიცავ ბოლომდე მის მოთხოვნებს. გავესაუბრე, გავუწიე იურიდიული კონსულტაცია, გავაცანი ბრალი, რაც წარედგინა, უფლებები დეტალურად განვუმარტე. მტკიცებულებები საკმარისი არ არის. ნუ გამოხვალთ იმ საქმის მასალებიდან, რაზეც ბრიფინგი ჩატარდა. ეს სულ სხვა საქმეა, გამოყოფილი საქმეა და აქ შესაბამისად საკმარისი მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს სჭირდება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, საქმეში არ იკვეთება. რასაც ედავებიან-ტრეფიკინგი არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ფაქტიურად ტრეფიკინგთან მიმართებაში მტკიცებულებები საერთოდ არ არის საკმარისი. რამდენად არის პორნოგრაფიული მასალების დამზადება და გასაღება, ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის",-განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ტრეფიკინგს გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"