"ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია მაგ კაცისთვის" - რას აცხადებენ ზეღდულეთის მცხოვრებლები არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე?
"ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია მაგ კაცისთვის" - რას აცხადებენ ზეღდულეთის მცხოვრებლები  არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე?
სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლების განცხადებით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უცხოეთის მოქალაქისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ, მათი ინფორმაციით, პედაგოგი სკოლაში პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში 2011 წლის 7 ოქტომბერს მივიდა და 2012 წლის ივლისში სოფელი დატოვა.

ზეღდულეთის მცხოვრების დიანა ჯავახიშვილის განცხადებით, ვის ოჯახშიც აღნიშნული პირი ცხოვრობდა, მისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

"2011 წლის 7 ოქტომბერს ჩამოვიდა. მაშინ 50 წლის იყო. 9 თვე ჩვენ სკოლაში ასწავლიდა. დადებითად ვახასიათებ, მეც
მასწავლებელი ვარ. პროგრამა რომ დაიწყო, მთხოვეს ამერიკელი მასწავლებელი იცხოვრებს შენ ოჯახშიო. თან ბავშვებისთვის ენის შესწავლაში დაგეხმარებათო. უარი არ ვუთხარით. ანაზღაურება ძალიან მიზერული იყო, 100 ლარი, მაგრამ ვიფიქრეთ, ბავშვები ინგლისურს ისწავლიან-მეთქი და ამიტომ დავთანხმდით. კარგი კაცი იყო. 9 თვე იცხოვრა ჩვენთან, 15 ივლისს, სკოლა რომ დამთავრდა,
ყაზახეთში გაფრინდა. მერე ჩამოსულა და გორში ქირით აუღია ბინა. მე-4 სკოლაში მივიდა მასწავლებლად. როგორც ვიცი, იქაც დადებითად ახასიათებენ. ვისთან დაიჭირა მერე კავშირი და სად წავიდა ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა დიანა ჯავახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

კიდევ ერთი მცხოვრების, ნაზო ცერცვაძის თქმით, სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ აღნიშნული პირი სოფელში არ უნახავს.

"ეგ მასწავლებელი რომ იყო მოსული, მეც სკოლაში ვმუშაობდი მაგ დროს. ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია მაგ კაცისთვის. სასწავლო წელი რომ დამთავრდა, მის მერე ეგ კაცი აქ არ გვინახავს", - აღნიშნა ნაზო ცერცვაძემ.

უცხოელი პედაგოგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ერთ-ერთი დაკავებული ქალის ოჯახის წევრებს. როგორც ბრალდებულის მაზლმა, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვინ არის დაკავებული მისი რძლის გარდა, ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ოჯახში საეჭვო პირი არავინ მისულა.

"რა არის პორნო, რა ვიცი მე. რძალს ხომ არ ვკითხავდი, სად მიდიოდა, გორში თუ სხვაგან? ჩემი ძმისშვილს არაფერი უთქვამს, ქების სიგელები მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან. კარგი მოსწავლეა", - განაცხადა ბრალდებულის მაზლმა.

ცნობისთვის, შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები