არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულთაგან 10 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ბრალდებულის სახლში მიმდინარეობდა. მისივე განმარტებითვე, სწორედ ავსტრალიის მოქალაქე ახდენდა გადაღებული მასალის რეალიზებასაც.

"ავსტრალიის მოქალაქეს ბრალად ედება როგორც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება და გავრცელება, ასევე ტრეფიკინგი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ. სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. უშუალოდ, მის კომპიუტერში ნაპოვნია ფოტოსურათები, რაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, როგორც პიროვნების იდენტიფიცირებასთან, ასევე პირნოგრაფიულ შინაარსთან დაკავშირებით. ბრალდებული აღნიშნული მასალის რეალიზებას თავად ახდენდა", - განაცხადა გოგორელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"