"პრეზიდენტმა იცოდა, რას აწერდა ხელს" - რას ამბობს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა იცოდა, რას აწერდა ხელს" - რას ამბობს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი

პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა რას აწერდა ხელს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის ადვოკატმა თეონა ქორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს აუხსნა, რომ მომხდარი შემთხვევითობა იყო და არა განზრახ მკვლელობა.

"იქედან გამომდინარე, რომ ამ საქმეზე დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი, საჭიროდ ჩავთვალე ვისაუბრო ამ თემაზე. როცა ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა, რამაზ დევაძეს შეულახეს რეპუტაცია, რამაც სასამართლოზე იმოქმედა. პრეზიდენტამდე მივიტანეთ რეალური ამბავი, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, შემთხვევითობა. დევაძე პოლიციელსა და ერთ პირს შორის გაშველების მიზნით ჩაერთო საქმეში, რაც ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს. სხვათა შორის, ვიდეოში ისიც გამოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდნენ. სამი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, პრეზიდენტის ეს აქტი კი იყო მართლმსაჯულების აღსრულება. პრეზიდენტს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქამდეც უნდა შეეწყალებინა. ის ძალიან განიცდის საზოგადოების უარყოფით რეაქციას, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა რას აწერდა ხელს", – აცხადებს ადვოკატი თეონა ქორიძე.

მისივე თქმით, რამაზ დევაძე გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს.

იხილეთ ასევე: პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

"ინტერპრესნიუსი"