"დედა, ჩვენ უკვე დაღუპულები ვართ!"
"დედა, ჩვენ უკვე დაღუპულები ვართ!"
"ვნატრობდი, რამე დამართნოდა, რადგან სიმწრით გაზრდილი შვილი გამიუბედურა"

ონლაინთამაშებით დანგრეული ოჯახების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ერთ-ერთი მათგანი შვილის ოჯახზე გვიყვება, რომლის სიძე ჯერ თავად თამაშობდა ონლაინკაზინოში, შემდეგ ცოლიც ჩართო, მალე დიდი ვალი დაედოთ, ქვეყანა დატოვეს და ორი მცირეწლოვანი შვილი აღსაზრდელად ბებიას დაუტოვეს.

ელიკო, 72 წლის: - ვიდრე ამ ონლაინთამაშებს არ გადაეკიდა, სულ ვამბობდი, ჩემი სიძის სახით კარგი შვილი შევიძინე-მეთქი. ჩემი ქალიშვილი მაშინ 27 წლის იყო. დაქორწინებას იმიტომ აჭიანურებდნენ, რომ საქმროს ჩვენთან
მოსვლა არ უნდოდა, ვინმემ არ თქვას, უსახლკაროა და ამიტომ დედისერთა გოგო იპოვაო. ჩემს ქალიშვილს ვუთხარი, ისედაც შვილისთვის მინდოდა ეს სახლი, აბა, მე ხომ არ წავალ სიძესთან საცხოვრებლად-მეთქი. ორსართულიანი სახლი გვქონდა, პირველი სართული ჯერ კიდევ 90-იან წლებში გავაქირავეთ, შემოსავალი რომ გვქონოდა.

- ახლა აღარ გაქვთ ის
სახლი?

- ახლა ერთოთახიანში ვცხოვრობთ, გლდანში, ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ ყველაფერი, რაც მე და ჩემს ქმარს შეგვიქმნია, გაანიავეს.

- სიძე თავიდანვე თამაშობდა?
- ერთხელ თქვა, ათასში ერთხელ თუ ვითამაშებო, თუმცა არა მგონია, სიმართლე იყოს. ერთი სიტყვით, კარგი ბიჭი იყო, მშვიდი და პატიოსანი. მეორე შვილი რომ შეეძინათ, დამატებითი სამსახური იპოვა. ყოველ მესამე დღეს კერძო ობიექტის დაცვაში მუშაობდა. ამის შემდეგ შეიცვალა, ხან ძალიან კარგ ხასიათზე იყო, ხან საშინელზე. ხანდახან ცოლს ჩემი თანდასწრებითაც ეკამათებოდა. ვიფიქრე, საყვარელი ხომ არ გაიჩინა-მეთქი. ეს აზრი ჩემს შვილსაც გავუზიარე. არა, დედა, ხანდახან ონლაინკაზინოში თამაშობს, ეტყობა, აგებს და ამან გაუფუჭა ნერვებიო. ლამის ვუთხარი, ამას, ისევ ვინმე რომ ჰყოლოდა, სჯობდა-მეთქი, რადგან არაერთი თამაშდამოკიდებული ადამიანის განადგურება მინახავს.

ძალიან ხშირად ღამე კარგ ხასიათზე შინ დაბრუნებული წყვილის ურთიერთობა რამდენიმე საათში კინკლაობა-ჩხუბით იცვლებოდა. თურმე სიძე ჩემს შვილს სთხოვდა, შენ დამიდე, კარგი ხელი გაქვსო, მათ სჯერათ კარგი თვალის მქონე ადამიანების, იღბლის, უიღბლობის. წაგებას ყველა ზეციურ თუ ბუნებრივ მოვლენას უკავშირებენ, ყველაფერს, საკუთარი უტვინობისა და უნებისყოფობის გარდა. ჩემმა სიძემ რამდენიმე მეზობელი და ჩვენი ოჯახის მეგობარი შეიძულა, თარსები არიანო. მათი სტუმრობისას ოთახიდან არ გამოდიოდა. ჩემი შვილისგან შევიტყვე, რომ "მათი ფეხი" ცუდად ჰქონდა დაცდილი.


შუაღამისას აივანზე გადიოდა, ბევრს ეწეოდა და სულ ტელეფონი ეჭირა ხელში. ზოგჯერ მოწყვეტით დაეცემოდა ტახტზე და ხმაამოუღებლად ვიღაცას საათობით უსმენდა. ბევრჯერ გავუღვიძებივარ და ამა თუ იმ ფრაზის რუსულად თარგმნას მთხოვდა.

- რისთვის?
- რუსულ საიტებში შედიოდა, სადაც ვითომ ონლაინკაზინოში მოგების პრინციპს ასწავლიდნენ. მე რუსული ენის სპეციალისტი ვარ. სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ვამზადებ. ერთხელაც ჩემს მოსწავლეს ჩანთიდან 200 ლარი დაეკარგა. გზაშივე მოვიძიე და არ მქონდა, აქ ხომ არ ამომივარდაო, მორიდებით მომადგა. იმ დროს ჩემი სიძე სახლში იყო. მივხვდი, მისი გაკეთებული იქნებოდა. ისტერიკას მოვერიდე და ჩემი ჩანთიდან მივეცი, ამოგვარდნია-მეთქი. სიძეს რომ ვკითხე, აყვირდა, როგორ მაკადრეო. ყველა უბედურებასთან ერთად, ჩემი შვილიც ჩათრეული ჰყავდა, სულ "სტავკაზე", მოგება-წაგებაზე, "პირამიდებზე" ლაპარაკობდნენ.

სახლში თანდათან იკარგებოდა ძვირფასი ნივთები. ჩემი ქალიშვილი მეუბნებოდა, ზურას გაუჭირდა და ლომბარდში ჩავდე, ხან - დაქალებს ვათხოვეო. ეს ყველაფერი წლები გრძელდებოდა. რა არ ვცადე, ორივეს დაველაპარაკე, უამრავი გაუბედურებული ოჯახის მაგალითს მოვუყევი, არაფერმა გაჭრა. ერთ დღეს გავიგე, რომ სარდაფის მოქირავნესთვის რამდენიმე თვის ქირა გამოურთმევიათ. ეს ბოლო წერტილი იყო, ორივე დავიბარე, თქვენი ნივთები მოაგროვეთ და სადაც გინდათ, იქ წადით-მეთქი. ორივე შვილიშვილი მუხლებზე მეხვეოდა, ბებო, შენთან გვინდაო. ვნატრობდი, გული გამისკდებოდეს და დავისვენებ-მეთქი. ავდექი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. აქედან გამოსულს აქ თუ დამხვდებით, პატრულს გამოვიძახებ-მეთქი.

- სად წავიდნენ?
- ბინა იქირავეს. ორივე მუშაობდა და მეგონა, დამოუკიდებლად ცხოვრება უფრო მეტ სტიმულს მისცემდა, მაგრამ შევცდი. ხან ერთი შვილიშვილი მირეკავდა, სახლში საჭმელი არაფერიაო, ხან მეორე. ერთხელაც პატარამ, რომელიც წელს მეორე კლასში წავიდა, ადუღებული რძე გადაისხა. ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, დედა, მიშველეო. ბავშვი ერთი კვირა რეანიმაციაში იწვა და დამწვრობამ სამუდამო იარა დაუტოვა. თავს ვიდანაშაულებდი, არ უნდა გამეშვა, ბავშვებმა რა დააშავეს-მეთქი.

ბავშვი უკეთ იყო, მაგრამ ხალხი მაინც მირეკავდა და მამხნევებდა. ვეუბნებოდი, უკეთესად არის-მეთქი, მაგრამ აშკარად არ სჯეროდათ. თურმე ბავშვის დედ-მამა ამწვავებდა ვითარებას, რომ მევალეების ტალღა ცოტა ხნით მაინც შეეჩერებინათ. მეტიც, ახლობლებმა თურმე ფულიც შეუგროვეს. სიძე კი მლანძღავდა როგორც ეგოისტ ბებიას, რომელმაც ბავშვები სახლიდან ხმაურის გამო გავყარე.

ერთი სიტყვით, ოთხივე სახლში დავაბრუნე, ბავშვები მაინც არ იქნებიან უპატრონოდ-მეთქი. ჩემი შვილი და სიძე თამაშდამოკიდებულები, უბედურები, გამოფიტულები, უსულგულო რობოტებად იყვნენ გადაქცეული. ლანდებივით დადიოდნენ. სამსახურის დაკარგვის მხოლოდ იმიტომ ეშინოდათ, რომ ანგარიშზე თანხა არ ექნებოდათ და ვერ ითამაშებდნენ. მთელი ღამის უძილოები დილით ენერგეტიკულ სასმელს სვამდნენ, რომ სამსახურში არ ჩასძინებოდათ.

მევალეები გვაკითხავდნენ, რადგან ესენი ტელეფონის ნომრებს ლამის ყოველ კვირას იცვლიდნენ. ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, დედა, ნეტავ უფრო ახალგაზრდა იყო, რომ ჩემს შვილებს მიხედო, ჩვენ უკვე დაღუპულები ვართ. სამსახურიდან წამოვედი, ყველას ვალი მაქვს და ვერ ვიხდიო.

რამდენიმე თვის პენსია წინასწარ გამოვიტანეთ და ვალის ნაწილი გავისტუმრეთ, ჩემს ძმას ავტოფარეხის გაყიდვა ვთხოვე, რომელიც საზიაროდ გვქონდა. მან ჩემი წილი მომცა. ეს იყო თანხა, რომელიც უნდა მიგვეცა ვიღაცებისთვის, რომ ჩემი სიძე არ მოეკლათ. ვნატრობდი, რამე დამართნოდა, რადგან მიწასთან გაგვასწორა და სიმწრით გაზრდილი შვილი გამიუბედურა.

ჩემმა ქალიშვილმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ ყველანი წუმპეში ვიყავით და ქმარს საკითხი დაუსვა: თურქეთში მივდივარ სამუშაოდ, რომ ვალები გავისტუმრო, თუ გინდა, შენც წამოდი, თუ არადა, გშორდებიო. ულტიმატუმს მიყენებო, გაბრაზდა და სადღაც დაიკარგა. ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, ვინმე მოკლავდა. ჩემი ქალიშვილის წასვლამდე ორი დღით ადრე სიძე დაბრუნდა, მაწანწალას ჰგავდა. იმხელა ვალი მაქვს, მეძებენო. და მეც სახლი გავყიდე, მაგრამ ორივეს ვალებს არ ეყო. ქალიშვილი ახლა თურქეთშია, სიძე ისრაელში. ვალებს ისტუმრებენ და ხანდახან შვილებისთვისაც გზავნიან მცირედ თანხას. წელს სკოლაში მე გავაცილე ბავშვები, წამოსვლისას უფროსმა მკითხა, ოდესმე ჩემს მშობლებს თუ ვნახავ, ამ დღისთვის აუცილებლად მოვკითხავო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები