"შეიძლება მეც მომკლან" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმის სკანდალური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"შეიძლება მეც მომკლან" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმის სკანდალური ინტერვიუ

"როგორც მთელი საქართველო, პანკისის ხეობაც რუსეთისთვის ყოველთვის იყო ინტერესის ობიექტი. ეროვნული იდეების მატარებელი ადამიანები მათთვის მტრები იყვნენ და არიან, ამიტომაც ცდილობენ და კიდევაც შეეცდებიან ასეთების მოშორებას. ჩემი ძმა ბოლო დროს კი იყო ხეობას ჩამოშორებული, მაგრამ იქ სიტყვა ყოველთვის ეთქმოდა და მავანთათვის მაინც საშიში და არასასურველი იყო", - ამბობს ახლახან ბერლინში მოკლული საველე მეთაურის ძმა ზურაბ ხანგოშვილი, რომელსაც "კვირის პალიტრა" ევროპაში დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი (თორნიკე ქავთარაშვილი) მოკლეს - ველოსიპედით მიმავალმა მკვლელმა მაშინ ესროლა, როცა ის მეჩეთში სალოცავად მიდიოდა. მკვლელმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალე დააკავა. ბერლინის პროკურატურის მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი.

ზურაბ ხანგოშვილი: - ახლახან ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ დაადგინა მკვლელის 23 აგვისტოს მიმოსვლის მარშრუტი. პარკში მითითებულია ადგილი, სადაც მკვლელი ვიღაც პირს ხვდება, შემდეგ კი მიდის იქით, სადაც მკვლელობა მოხდა. როცა მარშრუტი ვნახე, მივხვდი, რომ მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს.

- უცხოური გამოცემების ცნობით, დაკავებული არიან მკვლელის თანამზრახველებიც. - დაპატიმრებულია ერთი პანკისელიც, მაგრამ ის იმის გამო დააპატიმრეს, რომ იძებნებოდა. ვერ გეტყვით, აქვს თუ არა კავშირი ამ საქმესთან.

- გერმანიაში აჰმედ ზაკაევის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ჩეჩენი ზელიმხანის უახლოესი მეგობარია. - ჩეჩენი ქალის, რუბა მისტაევას ნათქვამს თუ გულისხმობთ, ეს ჭორებზე დაყრდნობით არის გავრცელებული. ამ ჭორებს კი შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები ავრცელებენ.

ზელიმხან ხანგოშვილი

- რატომ მოკლეს ზელიმხანი, მოტივი თუ იცით? - ჩემს ძმას საქართველოშიც დასდევდნენ მოსაკლავად. მას ყოველთვის ანტირუსული განწყობა ჰქონდა. კავკასიაში რუსეთის პოლიტიკა ძალიან ბინძურია. შეიძლება რუსულმა სპეცსამსახურებმა ისიც გათვალეს, რომ ზელიმხანს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა პანკისის ხეობაში და მიზნების მიღწევაში ხელს შეუშლიდათ. ჩეჩნეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეები და პატრიოტები რუსეთს არ სჭირდება. ზელიმხანთან შუამავლებს გზავნიდნენ, თანამშრომლობაზე რომ დაეყოლიებინათ, მაგრამ ვერ გადაიბირეს. 2013-2014 წლებში საქართველოშიც მიუგზავნეს ჩემს ძმას ერთი ჩეჩენი, რომელიც მის დათანხმებას ცდილობდა, მაგრამ უარი მიიღო. სწორედ მას შემდეგ გააქტიურდნენ სპეცსამსახურები. ვიცოდით, რომ მისი მკვლელობისთვის ვიღაცებს ფულიც ჰქონდათ აღებული, მაგრამ ჩემი ძმა ამას სერიოზულად არ მიიჩნევდა.

- ზელიმხანის მკვლელი დუმილის უფლებას იყენებდა და მკვლელობას არ აღიარებდა. ეს თუ მართლა შეკვეთილი მკვლელობაა და სპეცსამსახურების ნახელავი, როგორ ფიქრობთ, სიმართლე გაირკვევა? - მკვლელი თავიდან დუმდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ალაპარაკდა.

თავიდან ითქვა, რომ მკვლელი ჩეჩენი იყო, მაგრამ ყველა მონაცემით დასტურდება, რომ ის რუსია. როცა კილერი კაცს კლავს, ის დიპლომატებთან შეხვედრა-გასაუბრებას არ ითხოვს. აქ უთუოდ პოლიტიკაა ჩარეული - რადგან კილერი რუს დიპლომატებთან შეხვედრას ითხოვს, გამოდის, მათი იმედიც აქვს.

- მას მერე, რაც მოსკოვმა მასზე ძებნა გამოაცხადა, ზელიმხანს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოკლავდნენ? - 2006 წლიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ზელიმხანი იძებნებოდა და მის ლიკვიდაციას ფიქრობდნენ. 2008-ში სცადეს ის შესაბამისი სამსახურებისთვის გადაეცათ. იმხანად ზელიმხანი თბილისში ცხოვრობდა და იმავე წელს მისი მკვლელობის გეგმაც შეიმუშავეს - აიყვანეს თელაველი კილერი, მისცეს ზელიმხანის ფოტო და მკვლელობისთვის 50 ათას დოლარზე მოელაპარაკნენ. როგორც შევიტყვეთ, კადიროვის ხალხი უნდა ჩამოსულიყო, კილერი უკრაინაში უნდა წაეყვანათ და იქ შეესწავლათ. თუ ნახავდნენ, რომ საქმეში გამოდგებოდა, მერე მოამზადებდნენ, გადასცემდნენ თანხას და საჭირო მასალასაც - ელექტროშოკს, ცეცხლსასროლ იარაღს, საძილე აბებს და სხვა. სპეცსამსახურების ეს გეგმა ჩაიშალა, ვინაიდან ეჭვი ავიღეთ, გამოვიძიეთ, და გავარკვიეთ, რაც ხდებოდა.

იმავე კილერმა შემდეგ ჩვენზე დაიწყო მუშაობა. გვითხრა, არაფერი დამიშავოთ, ზელიმხანის მოკვლას არც ვაპირებდი, ავანსს თუ მომცემდნენ, უნდა გავქცეულიყავიო. ამ თელაველს შემდეგ ჩვენ ვგზავნიდით ჩამწერი აპარატით მკვლელობის შემკვეთებთან შეხვედრებზე და ვიცოდით, რას აპირებდნენ. მკვლელობის შემკვეთები ჩეჩნეთში მცხოვრები ქისტები იყვნენ (ხეობაში ჩამოდიოდნენ ხოლმე). რაღაცნაირად გაჟონა ინფორმაციამ, რომ მათ ვუთვალთვალებდით და ხეობიდან გაგვექცნენ. მათ დიდი ფული ჰქონდათ აღებული. შემკვეთთა შორის მთავარი ერთი ხეობელი ქალი იყო, რომელიც ჩეჩენზე იყო გათხოვილი და ჩეჩნეთში ცხოვრობდა.

- ვინ შეუკვეთა ზელიმხანის მკვლელობა? - იმ პერიოდში კადიროვის სპეცსამსახურებმა დაიქირავეს კილერი, მაგრამ რას გაუყვია კადიროვისა და რუსეთის სპეცსამსახურები, ისინი ერთნი არიან.

- 2015-ში ზელიმხანს თბილისშიც დაესხნენ თავს. - ზელიმხანი საქართველოდან იმ მიზეზით წავიდა, რომ ეს საქმე არ გამოიძიეს, მასალები დაბლოკეს. უკვე გასაგები იყო, რომ ეს მთავრობა მას არ სწყალობდა, მისი მტერი იყო. ალბათ, რუსეთის ბრძანება იყო, ეს საქმე არ გახსნილიყო.

თავდასხმის მერე ზელიმხანმა შეიტყო, რომ ვიღაცებს ფული ჰქონდათ აღებული და კვლავ შეეცდებოდნენ მის ლიკვიდაციას, ამიტომ რამდენიმე განცხადება შეიტანა შსს-ში დაცვის გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება. მას იარაღის ტარების უფლებაც არ მისცეს. მიხვდა, რომ განწირული იყო და გერმანიაში წავიდა.

- რატომ იყო დარწმუნებული, რომ გერმანიაში საფრთხე არ ელოდა, კადიროვი ხომ ყველგან დასდევდა საველე მეთაურებს და მათ ლიკვიდაციას ცდილობდა? - სადაც ზელიმხანი ცხოვრობდა, იმ რაიონში, ბერლინის ცენტრში, მკვლელობას თუ ვინმე გაბედავდა, ვერც წარმოვიდგენდი. იმასაც ვფიქრობდი, რადგან ზელიმხანი საქართველოდან წავიდა, სიტუაციას გაერიდა, ეგებ დაწყნარდნენ და აღარ შეეხონ-მეთქი.

- ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ზელიმხანის როლზე, თითქოს ის მონაწილეობდა საქართველოში ჩეჩენი ბოევიკების მომზადებაში. - ზელიმხანს კავშირი არ ჰქონია მებრძოლების მომზადებასა და მათ გადაადგილება-გამგზავრებასთან. არც იცოდა, რას ამზადებდნენ ჩეჩნეთის სპეცსამსახურები. ჩემი ძმა ამ საქმეში მაშინ ჩართეს, როცა გაიგეს, რომ იმ მებრძოლებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი. ზელიმხანზე ჭორები იმათ გაავრცელეს, ვისაც ყოფილი მთავრობის დამხობა უნდოდათ. ჭორაობდნენ, თითქოს ზელიმხანი გზავნიდა მეომრებს და მან მოამზადა ის დაჯგუფება. პანკისის ხეობაში რომ ჰკითხოთ ნებისმიერს, არც ერთი არ იტყვის, რომ ზელიმხანი ამ ამბავში იყო გარეული. იმ ჯგუფიდან ყველანი უნდა დაეხოცათ, გარდა მათი ორი თანამშრომლისა, რომლებსაც აიყვანდნენ და მათ უნდა ეთქვათ, მიშას მთავრობა გვამზადებდა, იარაღიც მოგვცეს და ჩეჩნეთში უნდა გადავსულიყავითო. ეს იყო მწვანის ანთება რუსეთისთვის - ეს ხეობაზე თავდასხმის მიზეზი გახდებოდა. ამ ჯგუფს ჩეჩნეთში კი არ გზავნიდნენ, ისინი დასახოცად იყვნენ განწირული.

- საქართველოში რას საქმიანობდა ზელიმხანი? - ჩემმა ძმამ გაგარინის მოედანთან რესტორანი გახსნა, თაფლსაც ყიდდა საუდის არაბეთში, მშენებლობის ბიზნესშიც იყო ჩართული. ზელიმხანს 5 შვილი დარჩა. ის ჩემზე უმცროსი იყო და არა მარტო მარჯვენა, ჩემთვის ორივე ხელი იყო.

ფაქტია, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. ვეჭვობ, რომ შემკვეთი უფრო მოსკოვიდანაა, ვიდრე ჩეჩნეთიდან. ან რა მნიშვნელობა აქვს საიდანაა, ორივეს ერთი სპეცსამსახური ჰყავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე გაიხსნება, რადგან ის არა მარტო გერმანიის, სხვა ქვეყნების ინტერესის საგანიც არის. რუსეთთან პოლიტიკურ გათვლებს თუ გააკეთებენ, სხვა საქმეა, შეიძლება დამალონ კიდეც სიმართლე, არაფერია გამორიცხული.

- თქვენ თუ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ? - ხმა მომივიდა, რომ არაფრისგან არ უნდა ვიყო დაზღვეული, შეიძლება მეც მომკლან.

ვინ არის ვადიმ სოკოლოვი

ვადიმ სოკოლოვის ვინაობა ბევრ კითხვას აჩენს. საფრანგეთის საელჩოში ვიზისთვის განაცხადის შეტანისას მან დაბადების ადგილად ირკუტსკი მიუთითა, ხოლო საცხოვრებელ ადგილად სანქტ-პეტერბურგი. ამ მონაცემებით რუსეთში არავინ იძებნება. მისი პასპორტი არაბიომეტრიულია და 2019 წლის ივნისში რუსეთშია გაცემული, რუსული საპასპორტო რეესტრი კი 2009 წლის შემდეგ არაბიომეტრიულ პასპორტს აღარ გასცემს.

გამოცემა Der Spiegel-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მკვლელის პასპორტის ნომერი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება, რომელიც წარსულში მსგავს დოკუმენტებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის წევრებისთვის ამზადებდა. სწორედ ამავე ტიპის საპასპორტო ნომრით გადაადგილდებოდნენ 2018 წელს გრუ-ს აგენტები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობა სცადეს.

იხილეთ ასევე: რუსეთის სპეცსამსახურები თვალს არც აქ აშორებდნენ - ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ დაჰყვებოდნენ ფეხდაფეხ მკვლელები?