"თქვას ზურაბიშვილმა, ვინ დაუდო სია მაგიდაზე" - კვირის პალიტრა

"თქვას ზურაბიშვილმა, ვინ დაუდო სია მაგიდაზე"

"ზურაბიშვილი იმპიჩმენტის გარეშე ვერ დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას"

პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების შემდეგ საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ წყდება. ჯერ კიდევ არ არის მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რა ნიშნით შეიწყალა უმძიმესი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული პირები სალომე ზურაბიშვილმა. ლაპარაკი დაიწყო კორუფციაზეც, რომ შეწყალებულთა ოჯახებს სოლიდური თანხები აქვთ გადახდილი. ასეთი უმძიმესი ბრალდება ალეკო ელისაშვილისგანაც გაისმა. ის მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო და დარწმუნებულია, რომ ამჯერად დიდი ფული გაკეთდა.

ალეკო ელისაშვილი:

- კორუფციულმა სქემამ იმუშავა და ფული გააკეთა იმ პირმა, ვინც პრეზიდენტს ეს სია მაგიდაზე დაუდო. შეწყალების კომისია 9 თვეა გაუქმებულია. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და ამ სქემას კარგად ვიცნობ - პრეზიდენტი იღებდა უკვე დამუშავებულ და დაწურულ შესაწყალებ პირთა სიას. ჩემ შემდეგ ამას ქორიძე აკეთებდა. თქვას ზურაბიშვილმა, ვინ დაუდო სია მაგიდაზე. სუს-ში რომ არსებობს კორუფციული სააგენტო, რომ სხედან და მსჯელობენ, ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა, წესით, აქამდე უნდა დაედოთ ამაზე მტკიცებულებები. სასწრაფოდ უნდა გამოავლინონ შეწყალების სკანდალის" მთავარი ფიგურანტი, რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ის.

ამ საქმეების უკან კონკრეტული პირები არიან და კომუნიკაცია ვის ვისთან ჰქონდა, არ არის ძნელი დასადგენი.

- ეს სერიოზული ბრალდებაა, რის საფუძველზე ამბობთ ამას? - სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. მაშინ ამიხსენით, ძებნილის საქმე როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტთან, ძებნილის განცხადება შეფრინდა მის ოთახში? ვიღაცამ დაულაგა წინ ძალიან მძიმე და საჩოთირო საქმეები, რომელთა ფიგურანტები არანაირი მოტივით შეწყალებას არ იმსახურებდნენ.

როგორც შეწყალების კომისის ყოფილი თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ იმისთვის, რაც თქვა - ეს კრიტერიუმების ხარვეზის გამო მოხდა და პარლამენტს მივმართავ, დახვეწოსო. იმ კრიტერიუმებს დასახვეწი არაფერი სჭირს. არც აქვს წარმოდგენა, რა წერია, წაიკითხოს მაინც. დროზე უნდა დაეკომპლექტებინა შეწყალების კომისია და იმ კრიტერიუმებით რომ ეხელმძღვანელა, იმ ოთხი საქმიდან ვერც ერთი მის მაგიდაზე ვერ აღმოჩნდებოდა.

- რას გულისხმობთ? - დებულებაში წერია, რომ შეწყალების კომისია მსჯელობს მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდადებულთა საქმეებზე. ეს ნიშნავს, რომ ძებნილის საქმე არ განიხილება. ერთ-ერთი კრიტერიუმით, თუ პირს 5 წელზე მეტი აქვს მისჯილი და ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მისი შეწყალება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი. არც ნადირაძეს, არც დევაძესა და არც ბეჟანიძეს მესამედიც არა აქვთ მოხდილი, ამიტომ მიმართვის უფლებაც არ ექნებოდათ. კრიტერიუმები, რომლებიც ვითომ არ მოსწონს სალომე ზურაბიშვილს, ავტომატურად გამორიცხავდა ამ საქმეების განხილვას.

როცა ვიყავი კომისიის თავმჯდომარე, მარგველაშვილის თანხმობით დავიწყე სააკაშვილის დროინდელი ქაოსური კორუფციული ნიშნების მქონე შეწყალების რეფორმის შეცვლა. ჩვენთან ერთად მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასჯელაღსრულებიდან ჩართული იყო არჩილ თალაკვაძე, მაშინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე. ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და შესანიშნავი დოკუმენტი შევადგინეთ. რა თქმა უნდა, მისი დახვეწაც შეიძლება, მაგრამ დღეს რაც არის, იმით გამოირიცხება ასეთი საქმეების შეწყალებაში მოხვედრა.

სააკაშვილის დროს ორგვარი კორუფცია იყო: ერთით პირდაპირ ფულს იხდიდნენ და მეორით პოლიტიკური კორუფციაც იყო. მქონდა ინფორმაცია, რომ შეწყალების კომისიის რამდენიმე გავლენიანი წევრი ჯიბესაც ისქელებდა. იყო საარჩევნო კორუფციაც - შეწყალების პროცესს ზურაბ ადეიშვილი წარმართავდა და პატიმრებს ხმების მიცემისთვის ათავისუფლებდნენ. შემდეგ ჩვენი უზარმაზარი შრომით დებულება ადამიანური, კრიტერიუმები კი მკაფიო გავხადეთ, კორუფციის ხვრელები დავხურეთ.

- მარგველაშვილსაც აკრიტიკებდნენ ამისთვის, მაშინაც ამბობდნენ, რომ ფულს იხდიდა ხალხი. - გამოვრიცხავ, მძიმე შეცდომები დაუშვა, შეიწყალა ვიღაცები, მაგრამ ფულს არ იღებდა.

- მაშინ როგორ გათავისუფლდნენ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულები, მათ შორის ნარკორეალიზატორები? - იყო ოჯახის წევრობიდან და ნათესაობიდან გამომდინარე რაღაცებიც, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ფულის აღებას გამოვრიცხავ. 5 თვე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 3 შეწყალება ჩავატარეთ, დღედაღამეს ვასწორებდით, 1200-ზე ნაკლები საქმე არ განგვიხილავს. მარგველაშვილი 99%-ით ეყრდნობოდა ჩვენს სიას და ვიღაცას იწყალებდა, ვიღაცას არა. სალომე ზურაბიშვილს ეს სარეკომენდაციო ორგანოც არა აქვს. ის 11 პირი, ვინც კომისიაში შედიოდნენ, ერთობლივი მუშაობით გაფილტრულ საქმეებს წარადგენდა.

ახლა, როგორც ჩანს, ვიღაც არაფორმალური კურატორი ჰყავთ. განცხადება შედის პრეზიდენტის სახელზე და მათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იბარებს. ყველა საქმეს ხომ არ შეიტანდნენ პრეზიდენტთან, ამას ხომ აკონტროლებს ვიღაც? თქვან, ისA არაფორმალური მმართველი ვინ არის.

დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს არც ჩაუხედავს საქმეებში და ისე გაათავისუფლა დამნაშავეები. იქნებ ბაჩო ახალაიას გათავისუფლებაზეც მოაწერა ხელი? იქნებ ვიღაცამ დაუდოს მაგიდაზე ადეიშვილის, მერაბიშვილისა და სააკაშვილის საქმეებიც? რას აწერ ხელს, ხომ უნდა იცოდე?!

სალომე ზურაბიშვილის განცხადება უპასუხისმგებლობის პიკი იყო. თავის უფლებამოსილებას მორატორიუმს რომ უცხადებს, მაშინ საერთოდ არაფერი გააკეთოს. თავისი საქმიანობის ნახევარი გააჩერა, მაშინ ხელფასიც გაუნახევრდეს. პრობლემა სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლობაა, თორემ შეწყალება ჰუმანური აქტია და ამაზე არ უნდა ვთქვათ უარი. პასუხისმგებლობის მქონე პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. მაშინაც ვამბობდი, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რა თავსატეხი გაიჩინა ამ ქალის დასკუპებით-მეთქი. ღრმად ვარ დარწმუნებული, იმპიჩმენტის გარეშე ვერ დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას.

სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს ეს საქმე. ვინ აკონტროლებდა ადმინისტრაციაში შესულ განცხადებებს, ვინ მიიტანა მის კაბინეტამდე ეს სია, ამის დადგენა ადვილია.

ზურაბიშვილის ადგილას გადავდგებოდი, პასუხისმგებლობის ნატამალი რომ ჰქონდეს. სიმართლე გაირკვევა და მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რა მოტივით აუჩუყდა იმ პატიმრებზე გული, რატომ შეიწყალა და როგორ აღმოჩნდა ძებნილის საქმე მის მაგიდაზე.