მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდადებული შეიწყალა, მათ შორის სამი პირი განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული აღმოჩნდა, ერთი კი ძებნილი იყო - კვირის პალიტრა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდადებული შეიწყალა, მათ შორის სამი პირი განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული აღმოჩნდა, ერთი კი ძებნილი იყო

პირველად საზოგადოებამ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდადებული სპორტსმენის, რამაზ დევაძის შეწყალების ამბავი შეიტყო.

"დევაძემ პირდაპირი დამიზნებით ტყვია დაახალა თარაშს"

მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. 2015 წელს ბათუმის სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნინო ოდიშარია, თარაშ მუკბანიანის დეიდა: "რამაზ დევაძე შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მეგობარი იყო. მაშინ მოადგილეები გამომიგზავნა ჭიკაიძემ, გვთხოვდა, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუები არ მიგვეცა. შედეგად ის მივიღეთ, რომ მკვლელს 17-ის ნაცვლად 12 წელი მიუსაჯეს, სალომე ზურაბიშვილმა კი მკვლელი 4 წელში გაათავისუფლა. ამ შეწყალებით ოდიშარიებისა და მუკბანიანების მოდგმას სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, თქვენ აღასრულეთ სამართალიო. თარაშს ორი პატარა გოგონა დარჩა.

დღეს კრიმინალები დაუსჯელები დადიან და ზურაბიშვილი კრიმინალების დედოფალია. ადვოკატი იმასაც ამბობს, გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყოო, არადა, თარაში სასტიკად იყო ნაცემი, 8 კაცმა უმოწყალოდ გალახა, ის სპორტსმენებმა სცემეს. დამტვრეულმა მაინც მოახერხა წამოდგომა და ამ დროს რამაზ დევაძემ პირდაპირი დამიზნებით ტყვია დაახალა ყურის ძირში, მთავარ არტერიაში, ამასაც არ დასჯერდა, ნაცემს, დასახიჩრებულს, დაჭრილს და წაქცეულს წიხლებით შედგა. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არ შევეგუებით".

თეონა ქორიძე, რამაზ დევაძის ადვოკატი: "ის ინანიებს დანაშაულს. ეს არ ყოფილა განზრახ მკვლელობა. რამაზი ყველაფერს გააკეთებს მუკბანიანის შვილებისთვის, რომ ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ. მან მუკბანიანის სახელზე ეკლესიის აშენებაც დაიწყო".

"პრეზიდენტმა არ იცის, ხელს რას აწერს?"

18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული არსენ ბეჟანიძე თავისუფალია. მკვლელობა 2004 წელს თბილისში, გამსახურდიასა და მიცკევიჩის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა, დავით ოთხმეზურს სამი ჭრილობა მიაყენეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ირაკლი ჩომახაშვილი, არსენ ბეჟანიძის ადვოკატი: "2016 წელს საქმე გახსნილად გამოაცხადეს, ამის შემდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ცრუმოწმეების მოყვანა, რამდენჯერმე ნასამართლევი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი კრიმინალები მოიყვანეს პროცესზე და ასე ცდილობდნენ მის დადანაშაულებას. დღესაც ვთვლით, რომ ოთხმეზურის მკვლელობა გაუხსნელია. მისი ოჯახი პროკურატურამ დაარწმუნა, თითქოს დანაშაული ბეჟანიძემ ჩაიდინა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ მის უდანაშაულობაში, ამიტომ მოვიგეთ პირველ და მეორე ინსტანციებში საქმე, მაგრამ უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძემ გააუქმა განაჩენი და ასლან ბეჟანიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მან წელიწად-ნახევარი გაატარა ციხეში, მანამდე 9 თვეს იყო წინასწარ პატიმრობაში".

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მისი მამიდაშვილის შვილის მკვლელის გათავისუფლებას ოჯახის შეურაცხყოფად თვლის: "ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ. რა ახსნა უნდა მოეძებნოს ამას, თანაც მარტო ჩვენს ოჯახზე ხომ არ არის საუბარი. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ეხება მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილს. როგორ შეიძლება 18 წლის ბიჭის მკვლელი ქუჩაში გაუშვა. იმდენად ტრავმირებულია მამამისი, რომ ვერც ლაპარაკობს. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, პრეზიდენტმა არ იცოდა, ოთხმეზურის მკვლელს თუ იწყალებდაო. რას ნიშნავს, არ იცოდა? პრეზიდენტმა არ იცის, ხელს რას აწერს? თუ არ იცოდა, რას აწერდა ხელს, ეს უკვე ქვეყნის ტრაგედიაა. წარმოუდგენელია, რაც მოხდა, სულში ჩაგვაფურთხეს. არ გამოვრიცხავ, არც წაუკითხავს სია. ამაზე საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას. არ ვაპირებ ამ საქმის ასე დატოვებას. პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და იურიდიულ კომიტეტში შევიტან საჩივარს. მოვითხოვ თავიდან გადაიხედოს საქმე. ქალბატონმა პრეზიდენტმა კეთილინებოს და განმარტოს, რატომ შეიწყალა მკვლელები? განუხილავი და შეუსწავლელი საქმეების ხელმოწერის უფლება ვინ მისცა? ფაქტია, ვიღაცამ ძალიან მოინდომა და აღასრულეს".

"პრეზიდენტმა 23-წლიანი ვაი-ვაგლახით ნაპოვნი სამართალი წყალში ჩამიყარა"

შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა მსჯავრდადებული ზურაბ ნადირაძეც - მას 20 წლის სოსო ქოიავას მკვლელობა ედება ბრალად. მოკლულის მამამ, თამაზ ქოიავამ, 23 წელი მოანდომა სამართლის აღსრულებას: "ჩემი შვილი 1994 წლის 13 იანვარს მოკლეს. სამხატვრო აკადემიის შენობაში კლუბი იყო გახსნილი. იქ 20-22 წლის გოგო-ბიჭები შეიკრიბნენ მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე. იქ მივიდა ნასვამი 39 წლის ზურაბ ნადირაძე, რომელიც მაშინ კიტოვანის დაჯგუფების წევრი იყო. აფხაზეთში ნაძარცვი ფულით გრიბოედოვზე 2-სართულიანი სახლი ჰქონდა ნაყიდი. რესტორნიდან მოდიოდა ნასვამი, შევიდა კლუბში, უკითხავს, რა ხდებაო, ვიღაცას უთქვამს, ამ გოგონას დაბადების დღეაო. ეს გოგო თურმე ცუდად მოიხსენია, ასეთები არიანო. იქ იდგა გოგოს ძმა და ამას მოჰყვა შელაპარაკება. ცოტა ხანში თითქოს დაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ თურმე ეს არ ჩერდებოდა. უთხრეს, ჩვენ გავდივართო და გავიდნენ გარეთ, ესეც გამოვიდა ქუჩაში და იქაც ილანძღებოდა. უცებ ამოუღია იარაღი და პირდაპირ დაუწყო ბიჭებს სროლა. 4 კაცი დაჭრა, მათ შორის ჩემი შვილი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დამნაშავე იმავე საღამოს ცოლ-შვილთან ერთად დაიმალა. ორი წლის მერე ბუდაპეშტში მივაგენი, მეგობრებთან ერთად ღამის კლუბი ჰქონდა დაქირავებული. ჩავრთე საქმეში ინტერპოლი, უნდა დაეკავებინათ, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - იმ კლუბში იმ დღეს 20 წლის ქართველი ახალგაზრდა მოკლეს და ნადირაძე და მისი დამქაშები გაიქცნენ. მერე ჩეხეთში გადავიდა და როგორც კი საზღვარი გადაკვეთა, 1996 წლის 2 იანვარს დააკავეს. მას მერე 21 წელი ვცდილობდი გადმოეცათ საქართველოსთვის. 2008 წელს დაუსწრებლად შედგა საქართველოში მისი სასამართლო პროცესი და 15 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო, 11 წლამდე შეუმცირეს და 3 თვეში პრეზიდენტმა თავისუფლება მიანიჭა. ზურაბიშვილმა ხელის ერთი მოსმით 23-წლიანი ვაი-ვაგლახით ნაპოვნი სამართალი წყალში ჩამიყარა.

ამას მარტო პრეზიდენტი ვერ გააკეთებდა. შეიძლება ამით სარგებელიც ნახეს, სამთავრობო სტრუქტურის მაღალი რანგის ხალხიც იყო ჩართული, სხვაგვარად ეს საქმე ასე არ დასრულდებოდა. გათავისუფლებულმა ჩემი შვილის მკვლელმა 3 სექტემბერს პასპორტი აიღო და არ გამოვრიცხავ, საქართველო უკვე დატოვა".

ძებნილი შეწყალებულია

მკვლელობაში მსჯავრდადებულ რამდენიმე პირთან ერთად შეწყალებულთა შორის საქართველოს პროკურატურის მიერ ოფიციალურად ძებნილი გელა გოგოლაძეც აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, ის დაუსწრებლად გაასამართლა სასამართლომ საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით და 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გოგოლაძე შპს "ჰორიზონტის" დირექტორი იყო, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ჯანდაცვის სამინისტროს შენობის რეკონსტრუქცია ჩაატარა, ბრალად კი 140.000 ლარის მითვისება ედებოდა. გოგოლაძის თქმით, მან თავად მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა დასძენს, არც ვიცოდი, თუ შემიწყალაო. გოგოლაძე დღეს დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.