"ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როცა მისი ფოტოების გადაღება დაიწყეს" - კვირის პალიტრა

"ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როცა მისი ფოტოების გადაღება დაიწყეს"

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე: "ამ მშობლებს ასე რამ დაუბნელათ გონება, რომ ფულის გულისთვის შვილებს ყიდდნენ"

საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, აშშ-ისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მასშტაბური დანაშაული გახსნეს - გამოავლინეს არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაცია თბილისში, გორსა და ლანჩხუთში ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან აშშ-ის, ავსტრალიისა და საქართველოს მოქალაქეები.

დადგინდა, რომ დაკავებულებს ნაქირავებ ბინებში კონსპირაციული ფოტოსალონები ჰქონდათ და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველებიც ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში მშობლების თანხმობით ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის ათამდე გოგონა.

დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3.000 ლარამდე უხდიდნენ. დაკავებულთა შორის არიან ბავშვების მშობლები, ნათესავები და ფოტოსალონების მფლობელები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ერთ-ერთი დაკავებული, აშშ-ის მოქალაქეა, მეორე ბრალდებულს, ავსტრალიის მოქალაქეს, უშუალოდ პორნონაწარმის გასაღება ევალებოდა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ამ სკანდალური საქმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბანში ორ სხვადასხვა ბინაში 8-დან 14 წლამდე გოგონებს ჯერ პორნოფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი მათ საზღვარგარეთ ყიდდნენ.

მარიამ გოგორელიანი, საქმის პროკურორი: "ყველა მშობელი იღებდა ფულს. ხშირ შემთხვევაში ისინი თვითონ იჩენდნენ ინიციატივას, რომ ბავშვები გადაეღოთ. ამ საქმეში ჩართულ პირებს თავიანთი ნაცნობებიც მიჰყავდათ. ავსტრალიის მოქალაქის განცხადებით, ის მსგავსი დანაშაულისთვის ავსტრალიაშიც ნასამართლევია, ისევე როგორც ამერიკის მოქალაქე.

ამ ეტაპზე ყველა არასრულწლოვანი გამოკითხული არ არის. მათზე ფიზიკურ იძულებაზე ინფორმაცია არა გვაქვს, მაგრამ საუბარია ძალიან პატარა ასაკის ბავშვებზე. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როცა მისი ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ ასაკის ბავშვს არც სჭირდება ფიზიკური ძალადობა, რომ დაიყოლიო გარკვეულ ქმედებაზე".

თბილისის პარალელურად, სპეცოპერაცია ჩატარდა გორისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებშიც. გორის რაიონის ერთ-ერთ  სოფელში (რომლის სკოლაშიც ერთ-ერთი ბრალდებული, ამერიკის მოქალაქე პედაგოგად მუშაობდა) ერთი ოჯახის სამი წევრია დაკავებული და საქმეში მათი ორი, 9 და 11 წლის ბავშვი ფიგურირებს.

ამერიკის მოქალაქე აშშ-დან 2011 წელს ჩამოვიდა და ერთი წელი ინგლისურ ენას ასწავლიდა. 2016 წელს გორში დასახლდა და იქ გახსნა ე.წ. სტუდია. ადგილობრივების თქმით, ის ფოტოგადაღებებით იყო გატაცებული და მისთვის უცნაური არაფერი შეუმჩნევიათ.

დ. ც.,  გორის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი:

- ამ კაცმა ბავშვები მშობლებიანად ჩაითრია ბინძურ საქმეში, ალბათ, "დააბოლა" მშობლები. იქნებ ბავშვებს აშანტაჟებდნენ კიდეც, ვინ იცის. მშობლებმაც იცოდნენ, რომ მას სამოდელო სტუდია ჰქონდა და იქ თვითონ დაჰყავდათ შვილები. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბავშვები მშობლებს ეხვეწებოდნენ, იქ წასვლა არ გვინდაო. ფოტოსესიებში თავიდან ჩართული რამდენიმე ბავშვი გამოეთიშა კიდეც ამ საქმეს. როცა სიუჟეტი ვნახე, გავშრი. აქაურები ამბობენ, ის ფოტოები რომ გვენახა, იმ ხალხს დავწვავდითო. ჩვენი სოფლიდან 5 თუ 6 ბავშვი იყო ჩართული ამ საქმეში. უცხოელებმა რა ხელშეკრულებებიც გაუფორმეს, თურმე სულ სხვა რამეს ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, ბავშვებს გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ - ყველა მსხვერპლი ლამაზი ბავშვია. ამ მშობლებს ასე რამ დაუბნელათ გონება, რომ ფულის გულისთვის შვილებს ყიდდნენ და არც ინტერესდებოდნენ, რა საქმისთვის უხდიდნენ მათ ფულს, და თუ იცოდნენ, რაში უხდიდნენ, მით უარესი!

დამნაშავეთა წრე შესაძლოა გაიზარდოს

როგორც შსს იუწყება, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეში სხვა პირების მონაწილეობაც გამოიკვეთოს. "კვირის პალიტრა" შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ მამუკა ჭელიძეს ესაუბრა:

- როგორ გახვედით დანაშაულის კვალზე და რა სქემით მოქმედებდნენ დამნაშავეები? - საქართველო ევროპოლის ოპერატიული წევრი ქვეყანაა და ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი არხებით ვიღებთ ოპერატიულ ინფორმაციას. ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 3 თვის წინ მივიღეთ და დავიწყეთ გამოძიება. როდესაც დავადგინეთ, რომ ამ დანაშაულში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართული, დავიწყეთ თანამშრომლობა ავსტრალიისა და აშშ-ის სამართალდამცავ უწყებებთან, რათა გაგვერკვია, რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი. სწორედ საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით მოვახერხეთ მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების დანაშაულს. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანთა მშობლები და ახლობლები მოისყიდეს. ისინი ანაზღაურების სანაცვლოდ თანხმდებოდნენ დანაშაულის ორგანიზატორებს, რომ არასრულწლოვნები ჩაებათ ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში. გამოძიებაში ჩავრთეთ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ისინი დღესაც მუშაობენ ბავშვებთან. ერთი ნაწილი დისტანცირებულია მშობლებისა და იმ წრისგან, რომლისგანაც მათ საფრთხე ემუქრებოდა.

- ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებმა ფოტო და ვიდეომასალის რეალიზება მოასწრეს უცხოეთში... - დიახ, ეს დადგინდა საქმის მასალებით და ფინანსურ ტრანზაქციებზე მოპოვებული მტკიცებულებებით. გასაღების ბრალდებით დაკავებულია პირთა ჯგუფი. მათ ჰქონდათ დახურული პლატფორმები, რომლებიც ასეთი ტიპის მასალების გავრცელებისთვის შექმნეს. ანგარიშგებისთვის იყენებდნენ დახურულ ფინანსურ რესურსებს, კრიპტოვალუტის გამოყენებით ახდენდნენ ფინანსურ ტრანზაქციებს, რაც მიუთითებს, რომ მხარეებს შორის ნამდვილად გაიცვალა გარკვეული მასალა, რის სანაცვლოდაც ფინანსური უკუგებაც ჰქონდათ. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი სრულადაა ჩართული, რათა ასეთი ტიპის დახურულ პლატფორმებზე წვდომა შეიზღუდოს. შესწავლილი გვყავს ის წრე, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციის გენერირება. საერთაშორისო პარტნიორები მუშაობენ, რომ არ მოხდეს მთავარი რამ - ამ ბავშვების ვიდეომასალის თუ ფოტოების საჯარო წყაროებზე დაშვება და წვდომა.