"ვიცით, რომ ბავშვები მშობლებს ეხვეწებოდნენ, იქ წასვლა არ გვინდაო" - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"ვიცით, რომ ბავშვები მშობლებს ეხვეწებოდნენ, იქ წასვლა არ გვინდაო" - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის ახალი დეტალები

საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, აშშ-ისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მასშტაბური დანაშაული გახსნეს - გამოავლინეს არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაცია თბილისში, გორსა და ლანჩხუთში ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან აშშ-ის, ავსტრალიისა და საქართველოს მოქალაქეები. დადგინდა, რომ დაკავებულებს ნაქირავებ ბინებში კონსპირაციული ფოტოსალონები ჰქონდათ და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველებიც ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში მშობლების თანხმობით ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის ათამდე გოგონა. მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა „კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3.000 ლარამდე უხდიდნენ. დაკავებულთა შორის არიან ბავშვების მშობლები, ნათესავები და ფოტოსალონების მფლობელები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ერთ-ერთი დაკავებული, აშშ-ის მოქალაქეა, მეორე ბრალდებულს, ავსტრალიის მოქალაქეს, უშუალოდ პორნონაწარმის გასაღება ევალებოდა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მარიამ გოგორელიანი, საქმის პროკურორი: "ყველა მშობელი იღებდა ფულს. ხშირ შემთხვევაში ისინი თვითონ იჩენდნენ ინიციატივას, რომ ბავშვები გადაეღოთ. ამ საქმეში ჩართულ პირებს თავიანთი ნაცნობებიც მიჰყავდათ. ავსტრალიის მოქალაქის განცხადებით, ის მსგავსი დანაშაულისთვის ავსტრალიაშიც ნასამართლევია, ისევე როგორც ამერიკის მოქალაქე. ამ ეტაპზე ყველა არასრულწლოვანი გამოკითხული არ არის".

ამერიკის მოქალაქე აშშ-დან 2011 წელს ჩამოვიდა და ერთი წელი ინგლისურ ენას ასწავლიდა. 2016 წელს გორში დასახლდა და იქ გახსნა ე.წ. სტუდია. ადგილობრივების თქმით, ის ფოტოგადაღებებით იყო გატაცებული და მისთვის უცნაური არაფერი შეუმჩნევიათ.

დ. ც., გორის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი:

- ამ კაცმა ბავშვები მშობლებიანად ჩაითრია ბინძურ საქმეში, ალბათ, "დააბოლა" მშობლები. იქნებ ბავშვებს აშანტაჟებდნენ კიდეც, ვინ იცის. მშობლებმაც იცოდნენ, რომ მას სამოდელო სტუდია ჰქონდა და იქ თვითონ დაჰყავდათ შვილები. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბავშვები მშობლებს ეხვეწებოდნენ, იქ წასვლა არ გვინდაო. ფოტოსესიებში თავიდან ჩართული რამდენიმე ბავშვი გამოეთიშა კიდეც ამ საქმეს. როცა სიუჟეტი ვნახე, გავშრი. აქაურები ამბობენ, ის ფოტოები რომ გვენახა, იმ ხალხს დავწვავდითო. ჩვენი სოფლიდან 5 თუ 6 ბავშვი იყო ჩართული ამ საქმეში. უცხოელებმა რა ხელშეკრულებებიც გაუფორმეს, თურმე სულ სხვა რამეს ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, ბავშვებს გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ - ყველა მსხვერპლი ლამაზი ბავშვია. ამ მშობლებს ასე რამ დაუბნელათ გონება, რომ ფულის გულისთვის შვილებს ყიდდნენ და არც ინტერესდებოდნენ, რა საქმისთვის უხდიდნენ მათ ფულს, და თუ იცოდნენ, რაში უხდიდნენ, მით უარესი!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად