"სარჩელს შევიტან ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ვინც..." - რა განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა დიმიტრი გაბუნიამ - კვირის პალიტრა

"სარჩელს შევიტან ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ვინც..." - რა განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა დიმიტრი გაბუნიამ

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია, სარჩელის შეტანას აპირებს და გამოძიებასაც მოითხოვს. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

"მე დავიკითხე მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება მოგახსენოთ, კონკრეტულად რა პასუხები გავეცი. ის, რაზეც მე ვილაპარაკე რამდენიმე დღის წინ, ბუნებრივია, განხილვის საგანი იქნებოდა. დანარჩენი არის ძიების საგანი", - განაცხადა გაბუნიამ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

"დღევანდელი გამოკითხვის მერეც მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშია და მოვითხოვე კიდეც, რომ გამოვეკითხე გამოძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა პირი", - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯერჯერობით არ იცის, ვის სჭირდებოდა შეწყალების საქმესთან მისი სახელის დაკავშირება.

"როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები. მე არ ვიცი ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ყველაფერი ნათელი იყო", - განაცხადა გაბუნიამ.

ერთ-ერთი სუბიექტი, ვის სახელზეც გაბუნია სარჩელის შეტანას აპირებს, "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილია.

"აუცილებლად ის იქნება ერთ-ერთი ფიგურანტი. სარჩელს შევიტან ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ვინც საჯაროდ ხელი დამადო და თითქოს კორუფციაში მამხილა. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დაგისახელებთ. შემიძლია გითხრათ, რომ "რუსთავი 2" არაფერ შუაში არ არის. დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან, საკმაოდ ცნობილი ადამიანები და რამდენიმე დღეში დაგისახელებთ", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"