"არ ვაკეთებ კომენტარს" - შეწყალების საქმეზე დაბარებულმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ პროკურატურა დატოვა - კვირის პალიტრა

"არ ვაკეთებ კომენტარს" - შეწყალების საქმეზე დაბარებულმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ პროკურატურა დატოვა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა. ხუციშვილი გამომძიებლების კითხვებს დაახლოებით ხუთსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა, თუმცა, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგაც მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა.

"არ ვაკეთებ კომენტარს", - აღნიშნა ანგი ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული, თუმცა თავად გაბუნიას განცხადებით, შესასწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.

"ინტერპრესნიუსი"