20 ივნისს, აქციის დაშლისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველი გირაოთი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

20 ივნისს, აქციის დაშლისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველი გირაოთი გაათავისუფლეს

20 ივნისს, პარლამენტის წინ აქციის დაშლისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმერლიშვილის ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა განუცხადა.

როგორც კოტეტიშვილი აღნიშნავს, იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე შეეცვალა.

"დღეს, აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დავაყენეთ არსებითად ახალი გარემოებებიდან გამომდინარე და ეს გარემოება იყო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პროგნოზირებადად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუდგინდა. კერძოდ, კარდიოლოგიური პრობლემა. ის სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობას საჭიროებდა. გარდა ამისა, მან ბრალი აღიარა და ამ საფუძვლით, სასამართლოს წინაშე გირაო - 5 000 ლარის ოდენობით მოვითხოვეთ. თუმცა, სასამართლომ მას 10 000 ლარი დააკისრა გირაოს სახით და მოსთხოვა პასპორტის და პირადობის ჩამორთმევა", - განაცხადა კოტეტიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 17 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება

"ინტერპრესნიუსი"