პატიმართა შეწყალების საქმეზე დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორების გამოკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

პატიმართა შეწყალების საქმეზე დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორების გამოკითხვა დასრულდა

პატიმართა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორების გამოკითხვა დასრულდა. უწყებაში გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა დაიბარეს.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ გიორგი მიროტაძემ გააკეთა, დანარჩენებმა კი აღნიშნეს, რომ გაუთქმელობის პირობას ხელი მოწერეს, შესაბამისად, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

კითხვაზე, მიაწოდა თუ არა გამოძიებას რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიროტაძე ასე პასუხობს: "ჩემი აზრით, არა". მისივე თქმით, ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა.

გიორგი მიროტაძის განმარტებით, იურისტი არ არის და საქმეში არსებულ არც ერთ პირს არ იცნობს. მიროტაძის თქმით, დიმიტრი გაბუნიას პარტნიორი "უფრო კლიენტების მოზიდვის თვალსაზისითაა".

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალებულთა სიასთან კავშირი არ ჰქონია. მიროტაძის განმარტებით, ასევე არ იცის, რა როლი აქვთ ამ საქმეში იმ პირებს, ვინც დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო კომპანიიდან დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

"აღელვებული ნამდვილად არ ვარ. გაუთქმელობის ხელწერილი დავდე, აქედან გამომდინარე, ვერაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა მიროტაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული, თუმცა თავად გაბუნიას განცხადებით, შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.

"ინტერპრესნიუსი"