"არსებობენ მოწმეები, რომლებმაც დაინახეს,როგორ განახორციელეს ბრალდებულებმა გარდაცვლილის ძარცვა" - კვირის პალიტრა

"არსებობენ მოწმეები, რომლებმაც დაინახეს,როგორ განახორციელეს ბრალდებულებმა გარდაცვლილის ძარცვა"

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებულების საქმის პროკურორის, ნათია ქომოშვილის განცხადებით, არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ განახორციელეს ბრალდებულებმა გარდაცვლილის ჯგუფური ძარცვა.

თუ რა სახის მტკიცებულებებია საქმეში, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია მთლიანად გაიზიარა.

"მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარმადგინა, მათ შორის, პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს საქმეზე ბრალდებულ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენას. არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ თვითმხილველები არიან თუ როგორ განახორციელეს საქმეზე ბრალდებულებმა ჯგუფურად ძარცვა. მტკიცებულებების შინაარს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ.

მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარის მიერ უშუალოდ, იმ დანაშაულთან დაკავშირებით იყო მოთხოვნილი, რაზეც დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, ეს არის ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის ფაქტი. რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ მუხლით რომელიმე ბრალდებული პასუხისგებაში არ არის მიცემული“, - განაცხადა ქომოშვილმა.

ცნობისთვის, ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს. მათგან ორი არასრულწლოვანია. დაკავებულებიდან 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.