სინთეტიკური სიკვდილი - კვირის პალიტრა

სინთეტიკური სიკვდილი

"2016 წელს ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52 500 კაცს შეადგენდა, დღეს უფრო გაზრდილია და უახლოესი კვლევის მიხედვით, 57 500 კაცს შეადგენს"

საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა ასაკი თანდათან კლებულობს. პრობლემის გამომწვევ მიზეზად იმას თვლიან, რომ საქართველოში პოპულარულია კლუბური ცხოვრება, რომლის განუყოფელ ნაწილადაც კლუბური ნარკოტიკები იქცა. გართობისა და "თავისუფლების" მოყვარული ახალგაზრდებისთვის იოლად ხელმისაწვდომი გახდა სტიმულატორები და გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებით, არაოფიციალური სტატისტიკით, სიკვდილიანობამაც იმატა. ხშირად ამოუხსნელია, რა სინთეტიკური საშუალების ინტოქსიკაციით იღუპებიან ახალგაზრდები. ნარკოტიკული საშუალებებით დაღუპულთა სტატისტიკა არ არსებობს, არის მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან გამოჟონილი ინფორმაცია და მიახლოებული ციფრები. ექსპერტიზა, როგორც წესი, დასკვნაში თითქმის ყველა მათგანის გარდაცვალების ერთ მიზეზს - გულს მიუთითებს. ჩანს, რეალური მიზეზის აღიარება არც ერთ მხარეს არ აწყობს და ურჩევნიათ ნარკოტიკით დაღუპვა ტაბუდადებული დარჩეს.

"ჩვენს თაობას არ უყვარს მძიმე ნარკოტიკი"

25 წლის გიორგი წლების განმავლობაში მოიხმარდა კლუბურ ნარკოტიკებს და შეძენა-შენახვისთვის სამწლიანი პირობითი სასჯელიც მოიხადა.

- რაც თანამედროვე კლუბები გაიხსნა, ახალგაზრდები მძიმე ნარკოტიკებიდან (ოპიატების ჯგუფს ვგულისხმობ), კლუბურ ნარკოტიკებზე გადავიდნენ. ჩვენს თაობაში მძიმე ნარკოტიკებმა დაკარგა პოპულარობა. კლუბური ნარკოტიკები დამოკიდებულებას არ იწვევს.

- ბოლო დროს იყო არაერთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდები კლუბურ ნარკოტიკს ემსხვერპლნენ. - ჩემი უახლოესი მეგობარიც გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით, მგონი, სინთეტიკური კოკაინი შეაპარეს. დაუდგენელი ნივთიერებით ბოლო დროს 25 წლამდე 12 ახალგაზრდა დაიღუპა. ექიმებმაც არ იციან, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში - როცა მომხმარებლები ცუდად ხდებიან კლუბური ნარკოტიკით, ისინი მხოლოდ "ნარკანს" იყენებენ, რომელიც ოპიატის ჯგუფს შველის, კლუბურს კი არა. კარგი იქნება, ექიმები გადაამზადონ.

- თქვენ როდის დაიწყეთ ნარკოტიკის მოხმარება? - 20 წლის ვიყავი და კლუბური ნარკოტიკი 3 წლის განმავლობაში ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. მუდმივად დავდიოდი კლუბში და არასდროს მინახავს, იქ ნარკოტიკი იყიდებოდეს. შეიძლება ვიღაცამ იყიდოს და კლუბში შეიტანოს. მეც გარედან შემქონდა.

ევროპის კლუბების შესასვლელში არის ტესტერები და ვისაც რაიმე ნარკოტიკი აქვს, შესვლამდე ამოწმებს, სუფთაა თუ საფრთხის შემცველი...

ნარკოტიკი ყველაზე იოლად ხელმისაწვდომია საიტზე და არა კლუბებში. მეც იქიდან ვიწერდი.

- რა გარანტიაა, რომ იქ არ შემოგაპარებენ გაურკვეველი ნივთიერებების ნაზავს? - მართალია, მაგრამ შანსი იმისა, რომ მოგატყუონ, მიზერულია. ვერ წარმომიდგენია, ნარკორეალიზატორმა გაურიოს "ამფეტამინი" ან "მეფედრონი", რომელიც ძალიან მძიმე ფსიქოტროპული საშუალებაა. გამყიდველს ურჩევნია, ხშირად დაუბრუნდეს კლიენტი, რაში აწყობს, ვინმე მოკლას.

- დღესაც მოიხმართ კლუბურ ნარკოტიკებს? - სამი წლის წინ დამაკავეს და შეძენა-შენახვის მუხლით სამი წელი პირობითი მომისაჯეს. იცით, როგორ დამაკავეს? სინთეტიკური ფსიქოაქტიური ნარკოტიკი მქონდა გამოწერილი, შემომტანს საზღვარზე უნახეს, მაგრამ არ დააკავეს, გამოატარეს და როცა მითითებულ ადგილას მივედი და წამალი ავიღე, დამიჭირეს. 2 წელია არაფერი მიმიღია.

- კი ამბობთ, არ იწვევს დამოკიდებულებასო, მაგრამ ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ კლუბური ნარკოტიკებიც იწვევს მიჩვევას და მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლასაც არ გამორიცხავენ. - ეგ ნარკოლოგები არ იყვნენ, 28 წელი რომ იძახდნენ, მარიხუანა კლავსო? ტიპი, რომელიც "ბასიანში", ბერლინში, ნიუ-იორკში და იბიცაზე დადის კლუბებში და "ექსტაზის" იღებს, ვერასოდეს გახდება ოპიატის მომხმარებელი, გამორიცხულია. ჩვენს თაობას არ უყვარს მძიმე ნარკოტიკი. ის კი არა, თუ გაიგეს, ვინმე ოპიატის მომხმარებელია, როგორც წესი, ის კაი ტიპი არ არის. კლუბური ნარკოტიკი გართობასთან ასოცირდება და როგორც კი ეს ასაკი გაივლის, ნარკოტიკის ინტერესიც იკარგება. მე ასე დამემართა.

- თქვენ დასძლიეთ პრობლემა, რაც მისასალმებელია. რა გზა გაიარეთ და რას ეტყვით სტიმულატორებზე დამოკიდებულ მოზარდებს? - ნებისმიერი კლუბური ნარკოტიკის ხშირი მოხმარება საშინელ დეპრესიასა და რეალური სამყაროსგან მოწყვეტას იწვევს. მე მოვწყდი იმ მეგობრებს, რომლებიც არ იღებდნენ ნარკოტიკს, ოჯახის წევრებსაც კი ჩამოვშორდი. მაშინ ძალიან პოპულარული იყო "ბიო" და როგორც კი მარიხუანა გახდა ლეგალური, ბაზრიდან გაქრა. "ბიოსგან" გათიშული ბევრი ადამიანი მინახავს. პრობლემა ის არის, ბევრმა მოზარდმა ზომა-წონა არ იცის და ეს ღუპავთ.

ნარკომანია ადამიანის არჩევანია, დაანებებ თუ არა თავს, ესეც შენი არჩევანია. გარედან ნებისმიერი ჩარევით ეს პრობლემა არ მოგვარდება.

- გიორგი, მას შემდეგ სად იპოვეთ "თავისუფლება"? - ვსწავლობ ერთ-ერთ უნივერსიტეტში, პარალელურად ნარკოტიკების ზიანის შემცირების პროგრამაში ვარ ჩართული. მინდა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ვურჩიო, კარგად აწონ-დაწონონ და ნახონ, რას იღებენ. ჯობია, საერთოდ არ მოიხმარონ. ამის გარეშე ბევრად უკეთესია ცხოვრება და თავისუფლებაც ისაა, როცა არა ხარ რაღაცაზე დამოკიდებული. ისე, საზოგადოებაში არსებული სტიგმის დარღვევა უფრო რთულია, ვიდრე საკუთარი თავის მორევა. შესაბამის უწყებებს კი მინდა ვკითხო, იმ ბავშვებს დაჭერით შველით? წლობით რომ ჩასვამ და ცხოვრებას დაუნგრევ, იქიდან როგორი გამოვა? მე გადავურჩი დაღუპვას, მაგრამ სხვები?

"17 წლის ბიჭს საკუთარი პირით ჰქონდა ამოჭმული ხორცი"

კოკა ლაბარტყავა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" დირექტორი: - მოზარდებზე მძიმე სოციალური ფონი, ოჯახებში არსებული მდგომარეობა და სტრესული გარემო მოქმედებს. ამ ბოლო დროს თითქოს ტრენდია ასეთი - ახალგაზრდები სოციალურ გარემოს რომ გაექცნენ, გამოსავალს სინთეტიკურ ნარკოტიკებში პოულობენ. ამას ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაც.

ნარკომანიის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი მიზეზი მომხმარებლების ინფორმირებულობის დაბალი დონეცაა. ისიც აღსანიშნავია, რომ რაც უფრო კრძალავ რაღაცას, მისკენ ლტოლვა იზრდება და მეტია ცდუნება.

- სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების იოლად ხელმისაწვდომობა გამოყავით ერთ-ერთ მიზეზად... - ვერ ვიტყვი, რომ კლუბებში ხდება ნარკოტიკული საშუალებების გადაყიდვა, თუმცა ამას ვერც გამოვრიცხავ. მოზარდები ამ ნივთიერებებს უმთავრესად კლუბებს გარეთ ან საიტებზე ყიდულობენ. ბოლო წლებში ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციამ ბევრი ახალგაზრდა იმსხვერპლა. 2014 წელს კაფე "გალერიში" დაიღუპა ახალგაზრდა ზედოზირებით, 2017 წელს - 22 წლის გოგონა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით; 2018 წელს ზედოზირებით თბილისის სხვადასხვა კლუბში 12 ახალგაზრდა დაიღუპა, იმავე წელს ფესტივალზე 22 წლის ახალგაზრდა, და სავარაუდო მიზეზი ისევ ნარკოტიკის ზედმეტი დოზა იყო... ეს არასრული ჩამონათვალია. ლაპარაკია კლუბურ ნარკოტიკებად წოდებულ ისეთ სინთეტიკურ საშუალებებზე, როგორიცაა "ექსტაზი", LSD, "კეტამინი", "ამფეტამინი", "ემბაუმი" და ა.შ.

სააფთიაქო ნარკომანიაც გადაუჭრელი პრობლემაა. თავად მინახავს, როგორ აწვდიან ეს მკვლელები მოზარდებს აბებს.

ამას წინათ ჩვენს ორგანიზაციაში 17 წლის ბავშვი მოვიდა დედასთან ერთად და ნარკოლოგთან მივიყვანეთ. ბავშვი კონტაქტში არავისთან შედიოდა, საშინელი დაზიანებებიც ჰქონდა მიყენებული - თავისი პირით ჰქონდა სხეულზე ხორცი ამოჭმული. თურმე სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებსა და სააფთიაქო ფსიქოტროპულ აბებს მოიხმარდა, რამაც საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა.

კლუბური ნარკოტიკები შეიძლება ისეთ დამოკიდებულებას არ იწვევს, როგორსაც ოპიატები, მაგრამ მიჩვევას იწვევს, შეიძლება დამოკიდებულებაშიც გადავიდეს და ადამიანი ქრონიკულად დაავადდეს.

- ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების გაკონტროლება, ალბათ, ფანტაზიის სფეროა. - ამდენ ხანს სააფთიაქო ნარკომანიის მოწესრიგება ვერ მოხერხდა, ინტერნეტქსელიც იმდენად განვითარებულია, ამის გაკონტროლება წარმოუდგენელია. ისევ და ისევ განათლების და სისტემური დახმარების საშუალებით თუ გამოსწორდება მდგომარეობა. ძალოვანი სტრუქტურების ძალისხმევა სწორედ გასაღების აღკვეთისკენ უნდა იყოს მიმართული და არა იმ ადამიანებთან ბრძოლისკენ, რომლებიც კლუბში თუ მის მიღმა მოიხმარენ ნარკოტიკს.

- უახლოესი კვლევები რას გვიჩვენებს, რამდენი ნარკოტიკის მომხმარებელია საქართველოში და მათ შორის რამდენია 20 წლამდე ასაკის? - არასამთავრობო ორგანიზაცია "ბემონის" 2016 წლის კვლევის (ნარკოტიკების ინიექციური გზით მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში) მიხედვით, არაინიექციური ნარკოტიკი პირველად 15-19 წლის ასაკში 65%-მა მოიხმარა, 15 წლამდე ასაკში - 23%-მა. პირველად ინიექციური ნარკოტიკის მოხმარება ფიქსირდება 15-19 წლის ასაკში - 36%-ში, ხოლო 15 წლის ქვევით - 29 %-ის შემთხვევაში. "კურაციოს" კვლევების მიხედვით, 2016 წელს ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52 500 კაცს შეადგენდა, დღეს უფრო გაზრდილია და უახლოესი კვლევის მიხედვით, 57 500 კაცს შეადგენს.

- ზედოზირებით დაღუპულთა სტატისტიკა არ არსებობს, ვინაიდან ექიმები დაღუპვის მიზეზად გულის შეტევას მიუთითებენ ხოლმე. თქვენ თუ გაქვთ მიახლოებითი სტატისტიკა? - ზუსტ დიაგნოზს იმიტომ არ წერენ, რომ არ უნდათ აღიარება.

2015-16 წლებში სახელმწიფოს ზედოზირებით დაღუპულთა 5-7 შემთხვევა თუ აქვს დაფიქსირებული. "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" გლობალური პროექტის ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად (ქვეყნის მასშტაბით, ქსელში 14 სერვისცენტრია), 50-ზე მეტი კაცი ზედოზირებით არის დაღუპული.

- როგორ უნდა ვიხსნათ ამ სენისგან ახალგაზრდები? - აუცილებელია მოზარდების სწორად ინფორმირება და განათლება. ვისაც უკვე ამის პრობლემა აქვს, მათთვის განვითარებული უნდა იყოს ჯანდაცვისა და პროფილაქტიკური სისტემა, რომელიც უნდა მოიცავდეს ზიანის შემცირების პროგრამებს, მკურნალობა-რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას.

ყველაფრის თავიდათავი მაინც მახინჯი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც თითქოს მემკვიდრეობით გვერგო და მას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ელევა.