რა მოხდა სახურავზე - ვარკეთილის ტრაგედია
რა მოხდა სახურავზე - ვარკეთილის ტრაგედია
"არის დაჯგუფება, რომელიც ბავშვებს ტელეფონს და ფულს სძალავს. ეს ბავშვი გახდა მსხვერპლი..."

თბილისში, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები ძალოვანებმა უკვე დაადგინეს.
"დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ. გამოძიებით
დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 23 სექტემბერს ვარკეთილის მე-3 მასივში გიორგი ყუშიტაშვილს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. მომხდარიდან მეორე დღეს ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას
ამოღებულია "ნაგანის" ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

16 წლის გიორგი ყუშიტაშვილი თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. საღამოს 9 საათი ხდებოდა, როცა მობინადრენი ქალის კივილზე გარეთ გაცვივდნენ და შემზარავი სურათი დახვდათ - ძირს 16 წლის მოზარდი ეგდო.

"ბავშვი პირქვე ეგდო. ქალი მივარდა და თქვა, ჯერ ცოცხალიაო, მაგრამ "სასწრაფო" რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს კორპუსის მობინადრე.
თავიდან ითქვა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო, არც იმას გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა ბიჭს ვიღაცამ ხელი ჰკრა, თვითმკვლელობას კი კატეგორიულად გამორიცხავენ გიორგი ყუშიტაშვილის სკოლის პედაგოგები და ახლობლები.

"გიორგი სახურავზე კლასელებთან ერთად იყო. ახლა არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ..."


მაია მღვდელაძე, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის დირექტორი: - ამდენი წელი სწავლობდა ჩვენს სკოლაში და შენიშვნა არასოდეს მიგვიცია. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ახლა ჩვენს თავს ხდება, მაგრამ მწარეა რეალობა.

- ვისთან ერთადაც იყო იმ დღეს გიორგი სახურავზე ასული, თქვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ?
- კლასელებთან ერთად იყო. ახლა ათას არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და გთხოვთ დაველოდოთ გამოძიებას.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია სასმლის ბოთლები და სხვადასხვა ნივთი. როგორც ითქვა, მოზარდები სვამდნენ.
- გიორგი არც ეწეოდა და არც სვამდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არ არის თვითმკვლელობა...

ერთი ვერსიით, გიორგი სახურავიდან გადმოაგდეს


თავიდან ითქვა, რომ გიორგი ყუშიტაშვილთან ერთად სახურავზე კიდევ 5 მოზარდი იყო და ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე გაიქცა. სახურავზე იპოვეს საათის გაწყვეტილი სამაჯურიც, სავარაუდოდ, გიორგი ყუშიტაშვილის. მართალია, შს სამინისტრო ამბობს, რომ მოზარდმა თავი მოიკლა, მაგრამ მობინადრეები არ გამორიცხავენ, რომ სახურავზე ძალადობა გაგრძელდა და ვიღაცამ გიორგი გადმოაგდო. დაკავებულებს ჯერჯერობით მხოლოდ ძარცვას ედავებიან. როგორც გაირკვა, მოზარდის მობილური ტელეფონი 220 ლარად დაალომბარდეს. დადგენილია იმ პირის ვინაობაც, რომელმაც დაალომბარდა. ის ტაქსის მძღოლი დავით დავითაშვილი აღმოჩნდა - ამ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული. როგორც ამბობს, მას ტელეფონის დალომბარდება სთხოვეს და ამ საქმესთან სხვა კავშირი არა აქვს.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. რამდენიმე­ ამბობს, რომ ყუშიტაშვილს არც იცნობდა.

"ჩემი დასაცავი პირი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მას მხოლოდ ძარცვას ედავებიან და თვითმკვლელობამდე მიყვანაზე საუბარი არ არის", - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული მოზარდის ადვოკატი დავით გირგვლიანი. თუ სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს მისი დასაცავი პირი, ადვოკატი აცხადებს, რომ კონკრეტულ დეტალებზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

კიდევ ერთი დაკავებულის, გ.წ.-ს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი აცხადებს, რომ მისი დასაცავი პირი დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატ ირმა ბრელიძის განცხადებით კი მისი დასაცავი პირი გ.გ. იმის გამო დააკავეს, რომ სხვა ბრალდებულებს იცნობს: "როცა ის ბავშვი გადმოვარდა, ჩემი დასაცავი პირი გულშემატკივრობდა, ნერვიულობდა. როგორ წარმოგიდგენიათ, დამნაშავე პირი მიდის და ოჯახს გულშემატკივრობს? გარდაცვლილს როგორც უბნელს, მასწავლებლის შვილს, სპორტსმენს, ისე იცნობდა. დაკავებულებს რომ იცნობს, ამ კავშირისთვის დააკავეს".

ნათია ქომოშვილი, საქმის პროკურორი: "არაერთი პირდაპირი მოწმეა, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულ პირთა დანაშაულს. რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანას, ამ მუხლით დაკავებულებს ბრალი არა აქვთ წარდგენილი".

"გიორგი ტელეფონის წართმევის გამო თავს არ მოიკლავდა"


კიკბოქსინგში გიორგის პედაგოგი ლაშა ჭურაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი მოკლეს.
"გიორგის თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. 8 წელი ვარჯიშობდა კიკბოქსინგში, საქართველოს 5-გზის ჩემპიონი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი იყო და 5-6 ადამიანს ვერ მოერეოდა? გიორგი ტელეფონის წართმევის გამო თავს არ მოიკლავდა.

შს სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის არავის გვჯერა, არც სპორტსმენებს,­ არც ახლობლებს. ძარცვა მოხდა, ტელეფონი გამოართვეს, მერე საქმის გარჩევა იყო ზევით, სახურავზე. იმ დღეს ვარჯიშზე უნდა მოსულიყო, მაგრამ მანამდე აიყვანეს იქ. საქმის გარჩევის დროს, ეტყობა, ვერ დაიმორჩილეს და გადმოაგდეს.
ტელევიზიით კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს სამაჯური, ის გიორგის სამაჯურია. სულ ეკეთა ვარჯიშზე. უბანში ამბობენ, ერთ-ერთ დამნაშავეს ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველი ჰყავს, ის ფარავს ამ დანაშაულს და სხვანაირად ავრცელებენ ინფორმაციასო. დაკავებულებს არ ვიცნობდი, რადგან ისინი გიორგის უბნელები არიან. ვიცით, რომ არის დაჯგუფება, რომელიც ბავშვებს ტელეფონს და ფულს სძალავს. ეს ბავშვი გახდა მსხვერპლი, ამის თქმა ცალსახად შეგვიძლია".
სასამართლომ ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმედია, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.