ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, სადაც ძმის მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს, თანამდებობიდან გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, სადაც ძმის მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს, თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი დღეს თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, საქმეზე ძირითადი მტკიცებულებები უკვე შეგროვებულია და ახლა გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

"იმედი მაქვს ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძებელი იყო თუ არა თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის მიმართ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წურწუმია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.

იხილეთ ასევე: "მე ის მიყვარს და მეყვარება... მაგრამ ჩემთვის ღირებულს შეეხო" - რა თქვა ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე

"ინტერპრესნიუსი"