"დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ" - რას აცხადებს ციანიდის საქმეზე მსაჯავრდებული გიორგი მამალაძე - კვირის პალიტრა

"დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ" - რას აცხადებს ციანიდის საქმეზე მსაჯავრდებული გიორგი მამალაძე

არც იმედი მაქვს და არც სურვილი, ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან მიცემულ ინტერვიუში მამალაძე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელ-ფეხს კვლავ ვერ ამოძრავებს.

„მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მიწევს. ეტლს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებ. პერსონალი კარგი ხალხია, უბრალოდ, თავადაც შეზღუდვები აქვთ. ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს”, - აცხადებს მამალაძე.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების შეწყალებას, ვინაიდან დეკანოზის ოჯახმა როგორც ამჟამინდელ, ასევე წინა პრეზიდენტსაც შეწყალების თხოვნით მიმართა.

"თქვენ გგონიათ მქონდა შეწყალების იმედი? არა, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ მიემართათ, მე არ მინდოდა. არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება. შეწყალებულ პატიმრებს რაც შეეხება, მის სინდისზე იყოს ვინ და რატომ შეიწყალა. პატიმრის შეწყალება ზოგადად სათნო საქმეა, თუმცა ამას ანგარება არ უნდა ახლდეს თან”, - განაცხადა მამალაძემ.

როგორც ის განმარტავს, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას მომავალში არ აპირებს.

"კვლავაც ვიტყვი, რომ მე მისთვის არ მიმიმართავს და არ ვთვლი, რომ ვინმემ მოწყალება უნდა გამოიყენოს ჩემს მიმართ. ასეთი დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა. დეკანოზის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

"ინტერპრესნიუსი"