ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ - კვირის პალიტრა

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 - 1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს, დედა-შვილს სვეტლანა ბეკერსა და მანია ავდალოვას. ისინი გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ნაირა ოტიაშვილის ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე მისი აღკეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. ნაირა ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

"ინტერპრესნიუსი"