"პროკურატურას ძალიან შეეშალა, სააპელაციო სასამართლოსთან ჩემი კლიენტის თვალწინ დამაკავეს" - კვირის პალიტრა

"პროკურატურას ძალიან შეეშალა, სააპელაციო სასამართლოსთან ჩემი კლიენტის თვალწინ დამაკავეს"

პროცესიდან გამოსული, სააპელაციო სასამართლოსთან, ჩემი კლიენტის თვალწინ დამაკავეს. ამას რა ჰქვია საერთოდ, არ ვიცი. ეს ალბათ, მხოლოდ ჩვენთან ხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა, ბრალდებულმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა.

ნაირა ოტიაშვილმა რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება წუხელ, გვიან ღამით, გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. ადვოკატისთვის მიუღებელია მისი დაკავების ფორმა.

"პროცესი მქონდა, გარეთ რომ გავედი, პოლიციის მანქანა დამხვდა, მითხრეს, თქვენი დაკავების განჩინება არსებობს და უნდა დაგაკავოთო. გაოგნებული დავრჩი, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. თუ დამიბარებდნენ და არ გამოვცხადდებოდი, ამ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო დაკავების განჩინების გაცემა.

დაკავების ფორმა არის აღმაშფოთებელი. როგორ შეიძლებოდა, საერთოდ, უსაფუძვლოდ გაცემულიყო დაკავების განჩინება! ამასთან დაკავშირებით, მოსამართლემაც აშკარად ინერვიულა", - აცხადებს ოტიაშვილი.

ადვოკატი დაკავებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

"ვფიქრობ, დაკავების მიზანი გახმაურებული საქმეებიდან ჩემი ჩამოცილება იყო. ამაში იმითაც დავრწმუნდი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით, საზღვრის კვეთა შემეზღუდა. ამას თემქის ამბავსაც და კიდევ ერთ-ორ გახმაურებულ საქმეს ვუკავშირებ.

რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაპირებ, ვინაიდან არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ძალიან შეეშალა პროკურატურას. მთელი ადვოკატთა კორპუსი დადგა ფეხზე. ეს ყველაფერი ადვოკატის მიმართ იყო წარმოებული და არა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში", - განაცხადა ოტიაშვილმა.

ამასთან, რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება წუხელ დატოვეს ნაირა ოტიაშვილთან ერთად დაკავებულმა დედა-შვილმა, სვეტლანა ბეკერმა და მანია ავდალოვამაც.

სამივე მათგანს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"