"მაღაზიაში მისულა შოთა და თოფი რამდენჯერმე გაისროლაო... ეტყობა რომ მოკლა და ნახა ცოცხალი აღარ იყო, ამის შემდეგ თვითონაც მოიკლა თავი" - კვირის პალიტრა

"მაღაზიაში მისულა შოთა და თოფი რამდენჯერმე გაისროლაო... ეტყობა რომ მოკლა და ნახა ცოცხალი აღარ იყო, ამის შემდეგ თვითონაც მოიკლა თავი"

4 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში, სადაც 67 წლის შოთა დარბაისელმა 70 წლის ჯემალ( ელდარ) ივანელაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ამის შემდეგ იგივე იარაღით ხალხის თვალწინ დამნაშავემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარზე გამოძიება სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს, მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ დრომდე უცნობია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ შორის კონფლიქტი იყო და ეს დიდი ხანია გრძელდება, თუმცა კონკრეტულად რა იყო მიზეზი, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს.

"მომხდარ დაპირისპირებაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. არ ვიცი ამხელა ტრაგედია რატომ დატრიალდა. შოთა დარბაისელს მხოლოდ ვესალმებოდი, სხვა ურთიერთობა მასთან არ მქონია. ნორმალური, გაწონასწორებული ადამიანი იყო, მასზე ცუდი არასდროს გამიგია, არც ნასამართლევი ყოფილა. რატომ ესროლა ელდარს, არ ვიცი. ელდარიც მშრომელი კაცი იყო. მთელი საგარეჯო მას მეტსახელს, "წიწაკას" ეძახდა, ელდარი აქ მისთვის არც არავის დაუძახია. მასთან მაღაზიაში მისულა შოთა და ამბობენ, თოფი რამდენჯერმე გაისროლაო. იქიდან გამოსულმა კი თავი მოიკლა. არც ელდარი იყო კონფლიქტური ადამიანი და არც შოთა, რა დგას ამ დანაშაულის უკან, არ ვიცი. მეზობლები არ არიან, ერთმანეთთან ახლოსაც არ ცხოვრობენ. ორი უბანი ყოფთ ერთმანეთს, საკმაოდ შორს ცხოვრობენ. ჯერ გაურკვევლობაა, გამოძიება მიდის. ელდარს თავისი მეურნეობა ჰქონდა. ღორების ფერმა და იმას უვლიდა. ხორცს კი მაღაზიაში ყიდდა. ნათესავები არ არიან, არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო მათ შორის", - ამბობს საკრებულოს თანამშრომელი.

კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, მოკლულს მუცელში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. "ეტყობა რომ მოკლა და ნახა ცოცხალი აღარ იყო, ამის შემდეგ თვითონაც მოიკლა თავი. არ ვიცით რატომ იყო ასე გამწარებული. შოთა არ იყო კონფლიქტური ადამიანი და ამიტომ გაურკვევლობაში ვართ. სანადირო თოფი უსვრია რამდენჯერმე და იგივე თოფით მოიკლა თავი. ახლა გავიგე შოთა დარბაისელს ადრეც ჰქონდა "წიწაკას" მოკვლის მცდელობა, მაშინ თურმე ზურგში მისთვის დანის ჩარტყმას ცდილობდა, მაგრამ დაუნახავთ და მაშინ გადარჩა ელდარი. მკვლელობის მიზეზი მართლა არ ვიცი, თორემ აუცილებლად გეტყოდით. პოლიცია მუშაობს ორივე ადგილას, ვნახოთ რა გაირკვევა. ორივეს ცხედარი პროზექტურაშია ექსპერტიზაზე. ამბობენ, ადგილზე ეგდო მკვლელობის იარაღიო".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

(სპეციალურად საიტისთვის)