"ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა" - რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ნოდარ მელაძე? - კვირის პალიტრა

"ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა" - რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ნოდარ მელაძე?

ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

როგორც მელაძე აღნიშნავს, გაუთქმელობაზე ხელი მასაც მოაწერინეს და საგამოძიებო უწყების წარმინადგენლებმა სულ რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

"დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი და მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, ვინაიდან თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საქმის მასალები კონფიდენციალური დარჩენილიყო. საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჩემთან კითხვები ჰქონდათ. რომ გითხრათ, რომ ბევრი რამე ვუთხარი, ვერა, რადგან სულ რამდენიმე კითხვა იყო. კითხვები ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე: იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმლირებას ახდენდა არხისთვის", - განაცხადა მელაძემ.

მისივე განმარტებით, ნიკა გვარამიას დაჭერით, "მთავარ არხს" ვერ გააჩერებენ.

"დღევანდელი პროცესიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან ერთი განცდა მრჩება: ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. ეს ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭრენ, "მთავარი არხის" მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება. ეს ნიკას თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთიც არ გააჩერებენ "მთავარის" მაუწყებლობას. "მთავარი" კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი.

იმედი მაქვს, ამ ხელისუფლებაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომელთაც ოდნავ საღი აზრი შემორჩათ და აცნობიერებენ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ხელისუფლების გავლენებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავება. როცა ერთ კარს კეტავ, იმ მოტივაციით, რომ ეთერში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაჟღერდეს, გაიხსნება სხვა კარი", - განაცხადა მელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"