საქმის შესრულების შემდეგ "ციხოსტატი" მისივე აშენებული ციხის კედლებში "ჩაატანეს"... 12 წლით. - კვირის პალიტრა

საქმის შესრულების შემდეგ "ციხოსტატი" მისივე აშენებული ციხის კედლებში "ჩაატანეს"... 12 წლით.

საქართველოში ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ციხეების მშენებლობა, რადგან პატიმართა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ჰოდა, ეს სტატია ციხის მაშენებელთა საყურადღებოდ დავწერეთ.

საქმე ის არის, რომ გლდანის ციხის ამშენებელი თურქეთის მოქალაქე ორჰან აქსუ 12-წლიან სასჯელს სწორედ გლდანის ციხეში იხდის. ორჰან აქსუ წარმოშობით ქართველი გოგიტიძეა, რომელმაც ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში დაფუძნება გადაწყვიტა და ბიზნესსაქმიანობასაც შეუდგა, კახეთში მიწაც იყიდა და ვაზის ჩაყრაც დააპირა. ორჰან აქსუს ქიბარ ხალვაშის მიერ ნახევრად აშენებული გლდანის ციხის დამთავრება დაევალა, ლაითურის ციხის ასაშენებლადაც მოიგო ტენდერი და იუსტიციის სამინისტროს აშენების პატივიც ერგო, თუმცა საქმის შესრულების შემდეგ  "ციხოსტატი" მისივე აშენებული ციხის კედლებში "ჩაატანეს"... 12 წლით.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთობლივი ღონისძიების შედეგად იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ზაზა ჩიჩუა და ზაზა გადელია დააკავეს. როგორც გამოძიება ირწმუნება, მათ შპს ,,აქსმშენი"ს" ხელმძღვანელების - ორჰან აქსუს, სერდარ გიოქსუსა და კომპანიის თანამშრომლის ანზორ კეკელიძისგან ქრთამად 4.000 აშშ დოლარი და 6.800 ლარი აიღეს.

ორჰან აქსუ სერდარ გიოქსუ და ანზორ კეკელიძე დააპატიმრეს. ზაზა ჩიჩუა ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი იყო იუსტიციის სამინისტროში, გადელია კი - მოადგილე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორჰან აქსუსგან პროკურატურა საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, აღიარებით ჩვენებას ითხოვდა იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მათ ქრთამი მოსთხოვეს. ორჰან აქსუმ ასეთი ჩვენება პროკურატურას არ მისცა, სამაგიეროდ ახლა მას 12 წელი აქვს მისჯილი (ჩიჩუას და გადელიას - 6-6) (?!).

როგორც გამოძიება ირწმუნება, ზაზა გადელია თავისი სახლის აშენებაზეც გაურიგდა "აქსმშენს", მაშინ როცა იუსტიციის სამინისტროს მშენებლობისთვის კონტროლის გაწევა სწორედ გადელიასა და ჩიჩუას ევალებოდათ. ამ უკანასკნელს "აქსმშენისთვის" თავისი ახლობლის სახლის მიქირავება ჩაეთვალა ქრთამად(?!). როგორც ზვიად ჩიჩუას ადვოკატმა იასონ ბესელიამ განაცხადა, ორჰან აქსუ და ჩიჩუა პოზიციას არ აფიქსირებენ, ზაზა გადელია კი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და არც ქრთამის აღებას აღიარებს.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ორჰან აქსუს დაპატიმრება ხელისუფლებასთან უთანხმოებას უკავშირდება. სანდო წყაროს ინფორმაციით, აქსუმ არ გადაიხადა ოცმილიონიანი ეგრეთ წოდებული შესაწირი, რის გამოც ქრთამის მიცემის ბრალდებით 12-წლიანი სასჯელიც მიიღო. გლდანის ციხის საძირკვლის ჩამყრელმა ქიბარ ხალვაშმა კი თავის დროზე ძლივს გაასწრო ქვეყნიდან.

მალხაზ ოსაძე, "არტი ჯგუფის" ყოფილი მთავარი ინჟინერი: - გლდანის ციხის აშენებაზე ტენდერი საერთოდ არ გამოუცხადებიათ. ციხე საიდუმლო ობიექტია, ტენდერი არ ცხადდებაო და პირდაპირ მისცეს ქიბარ ხალვაშს ასაშენებლად. მშენებლობა თითქმის დასრულებული გვქონდა, როცა ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა. 23 სექტემბერს გლდანის ციხის მშენებლობის უფლება ჩამოგვართვეს იმ საბაბით, რომ  პირობა ვერ შევასრულეთ და  სექტემბრის ბოლოს ციხის დამთავრებას ვერ ვასწრებდით.

არადა, ასეთი პირობა არც ყოფილა, ხელშეკრულებით  ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო ციხის მშენებლობა. მაგრამ მიზეზი რა სალაპარაკოა, როცა მიზანი არსებობს. ამის მერე იყო, რომ გლდანის ციხე დასამთავრებლად "აქსმშენს" გადასცეს. ამ კომპანიას იუსტიციის სამინისტროც ააშენებინეს და მერე ამშენებელი დაიჭირეს.