რა ხდება რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში - კვირის პალიტრა

რა ხდება რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში

დაუჯერებელი ამბავი: მშობლები საპროტესტო აქციებს აწყობენ და აცხადებენ, რომ სკოლას 11 წლის ბავშვი ატერორებს!!!

27 სექტემბერს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა - ერთ-ერთი ვერსიით, 11 წლის გოგონამ მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი კიბეზე დააგორა, რის გამოც მან ტვინის შერყევა და ზურგის არის დაჟეჟილობა მიიღო. მოგვიანებით, მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს და მე-6 კლასის მოსწავლის გარიცხვა მოითხოვეს.

სკოლაში იმ იმედით წავედი, რომ მშობლისა და მისივე ნებართვით ბავშვისგანაც მომესმინა, რა მოხდა სინამდვილეში. გოგონა სკოლაში აღარ დამხვდა, როგორც მანდატურებმა პირად საუბარში მითხრეს, ბავშვს ქცევითი პრობლემები აქვს, თუმცა მასთან სწორი მუშაობის შემთხვევაში ყველაფრის გამოსწორება შეიძლებაო.

"ვიცი, ეს იმ ბავშვის სკოლაში დაბრუნების შემდგომაც გაგრძელდება"

"ვიგრძენი, როგორ მკრა ხელი და კიბიდან დამაგორა. მანამდე მითვალთვალებდა, ვეუბნებოდი კიდეც, რა გინდა, რას დამდევ-მეთქი, რაზეც იცინოდა. კლინიკიდან გამომწერეს, ახლა შინ განვაგრძობ მკურნალობას. ვიცი, ეს ამით არ დამთავრდება, სკოლაში დაბრუნების შემდგომაც გაგრძელდება", - გვითხრა ნანა წიქარიშვილმა.

ქალმა ჩემკენ საცემრად გამოიწია...

ამის შემდეგ ოჯახთან გასაუბრება გადავწყვიტე, რადგან წარმოუდგენლად მომეჩვენა, 11 წლის ბავშვი ისეთ პრობლემას ქმნიდეს, რომ სასწავლო პროცესი ჩაიშალოს და მშობლები მას აქციას უწყობდნენ...

ბავშვის დედამ, მაია დემეტრაშვილმა, გაიგო თუ არა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ის ყველა მედიასაშუალებას შვილისთვის უდიდესი სტრესის მიყენებაში ადანაშაულებდა, რამაც ბავშვი, მისი თქმით, თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. მას შემდეგ, რაც გაავებულმა ქალმა ჩემკენ საცემრად გამოიწია, გამცილებელი ბიჭი გადამეფარა, მაგრამ ისტერიკაში ჩავარდნილი ქალი მაინც არ წყნარდებოდა (ცნობისთვის, ის რუსთავის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ექთანია).

"მინახავს, როგორ სასტიკად სცემა თანატოლს"

ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ახალი გადასულია, ამბობს, რომ ამ ბავშვზე თანატოლებს არაერთხელ უთქვამთ, აგრესიულიაო, რის შემდეგაც გოგონა მათზე თავდასხმის გეგმას აწყობდა და ასრულებდა კიდეც.

ეკა, მშობელი: "7 წლის შვილი მყავს და არ ვაპირებ იმ სკოლაში ვატარო, სადაც ყოფნა საშიშია. თუ სკოლის ადმინისტრაცია უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველყოფს, იძულებული გავხდები, ისევე როგორც სხვა მშობლებმა, შვილი სხვა სკოლაში გადავიყვანო...საზოგადოების ნაწილმა მონსტრებად გამოგვიყვანა, თურმე მშობლები 11 წლის ბავშვის წინააღმდეგ გავერთიანდით. დარწმუნებული ვარ, როდესაც მათ შვილებს საფრთხე დაემუქრება, თავადაც ასე მოიქცევიან. საკმარისია ამ გოგონას შესახებ გახსნილად ვილაპარაკო, დაიწყება ჩემი და ჩემი შვილის თვალთვალი, ატეხენ რეკვას, მიჩივლებს დედამისი, ჩემი შვილის დისკრიმინაციას ეწევაო. ამ გოგონას უმცროსი ძმა ჰყავს, რომელიც #8 საჯარო სკოლაში სწავლობს, მასაც აქვს პრობლემები, მაგრამ ბიჭმა დედას სკოლაში მისვლა აუკრძალა და ბავშვებმა და მასწავლებლებმაც დაისვენეს.

მინახავს, როდესაც ამ გოგონას გამო სკოლაში სკანდალი ატეხილა და პატრული ან სასწრაფო დახმარება გამოუძახიათ, ის იდგა და იღიმებოდა, ამით ერთობოდა. მინახავს, როგორ სასტიკად სცემა თანატოლს, რომელმაც მასთან მეგობრობა აღარ გააგრძელა. მაინცდამაინც ვინმე უნდა შეეწიროს ამ ამბავს?!." …

"შარშან გოგონამ მშობლებს უჩივლა..."

არსენ დემეტრაშვილი, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი:

- ეს ბავშვი ოთხი წლის წინ რუსთავის #8…საჯარო სკოლიდანაც კონფლიქტის გამო გადმოიყვანეს. საბავშვო ბაღშიც პრობლემები ჰქონდა და ბაღიდანაც გაჰყავდათ ბავშვები მის გამო. ვეჭვობდით, რომ ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და მაშინვე მივმართეთ სოციალურ სააგენტოს და განათლების სამინისტროს, ვთხოვეთ, ჩარეულიყვნენ, რადგან პრობლემები ასაკთან ერთად მატულობდა. თუმცა ვერ ერეოდნენ, რადგან ფიზიკურ ძალადობას ბავშვი არ ადასტურებდა, შესაბამისად, ვერც ბავშვის ოჯახიდან გამოყვანასა და ხანგრძლივ მუშაობას ახერხებდნენ.

აგრესიულად იქცეოდა დედაც. მამას შედარებით ნეიტრალური პოზიცია უჭირავს. შარშან მოზარდმა ორივე მშობელს უჩივლა და ერთწლიანი შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ, მოგვიანებით დედამ გაასაჩივრა და მას შემაკავებელი ორდერი მოუხსნეს.

როდესაც დირექტორი ვიყავი, მამამისმა მითხრა, ჩემს შვილს აქ ვინ რა უნდა გაუბედოს, სახლში შავ დღეში გვაგდებსო. დედა შვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, ბავშვს მასწავლებლების, კლასელების, მათი მშობლების, მეზობლების მიმართ მტრულად განაწყობს და იმავდროულად, სპეკულირებს შვილის სიცოცხლით - თუ მასწავლებლები შენიშვნას მისცემენ, თავს მოიკლავსო.

მეორე კლასში თბილისში გადავამისამართეთ, თუმცა ფსიქოლოგმა ბავშვთან მარტო მუშაობის ნებართვა რომ ითხოვა, დედამ უჩივლა. შემდეგ საქმეში სოციალური სამსახური ჩავრთეთ. ერთხანს მორიგდნენ, თანამშრომლობდნენ, უთხრა კიდეც, წაიყვანეთ ჩემი შვილი, დახმარება სჭირდებაო, თუმცა ასეთი მორიგებები მოკლევადიანი იყო და როგორც წესი, ჩივილით სრულდებოდა.

- ოთხი წლის განმავლობაში სკოლამ რა გააკეთა ბავშვისთვის? - არაფრის გაკეთების უფლება არ გვქონდა, რადგან ვითარება სკოლის კომპეტენციას სცდებოდა. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა და მისი ფსიქორეაბილიტაცია.

მესამე კლასში იყო, სახლში რომ უთქვამს, კლასელმა ბიჭმა მცემაო და დედამისმა იმ ბავშვს პოლიციაში უჩივლა, მთელი კლასი დაკითხვაზე დადიოდა. იმავე წელს არაერთმა მშობელმა ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანა.

რაც გოგონას წლები მოემატა, აგრესიის მასშტაბი გაიზარდა. მეზობლებთანაც მუდმივი კონფლიქტი აქვთ. დღეში რამდენჯერმე იძახებენ კორპუსში პატრულს სხვადასხვა მიზეზით - ან სხვას ეჩხუბებიან, ან ერთმანეთში ჩხუბობენ. გოგონა ბევრჯერ სკოლაში პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანის თანხლებით მოსულა, რას არ იგონებს, სკოლელი ან კლასელი მეჩხუბა, დავარტყი ან დამარტყაო...

არაერთხელ ჩემს კაბინეტშიც უჩხუბია დედა-შვილს, სხვა სკოლაში გადაგიყვანო, ბავშვი კი ისტერიკაში ვარდებოდა, არ მინდაო. მინდა თავშეკავებული ვიყო შეფასებისას, მაგრამ პრობლემა აშკარაა - ბავშვს ასოციალური ჩვევები აქვს: ვიღაცისთვის რაღაცის დაბრალება...

- მუსიკის მასწავლებლის ვერსიის გჯერათ, რომ კიბეზე მან დააგორა? - დარწმუნებული ვარ. თავიდან ბავშვი ამას არც მალავდა და სიცილით ჰყვებოდა, მერე ეტყობა, დედამ დაარიგა და კატეგორიულად უარყოფს... ბავშვმა იცოდა, რომ კიბეზე კამერა არ არის. რაც მთავარია, მანამდე მასწავლებელს ემუქრებოდა, ჩემი წერა იქნებიო. წინადღეს ქალი ორმა ბავშვმა მიაცილა საკლასო ოთახამდე, რომ არაფერი დაეშავებინა, და მათ ეჩხუბა, რას დაჰყვებით, მაინც ვერ დამემალებაო. ტელეფონი სავსე აქვს მასწავლებლებისთვის გადაღებული ფოტოებით... ღამის 3 საათზე მუსიკის მასწავლებელს სასწრაფო დახმარებას გამოუძახა დაბადების დღეზე. ეს ყველაფერი არ არის - იმ ადამიანის სახელითა და ფოტოთი, ვისაც აიკვიატებს, ფეისბუკგვერდს ქმნის, იმატებს მის ახლობლებს და არკვევს ტელეფონის ნომრებს და ურეკავს. თავისი ყველა კლასელისა და მათი მშობლების ნომრები იცის. ასე მოექცა მუსიკის მასწავლებელსაც, გაიგო მისი რძლის ნომერი და ურეკავდა. შემდეგ კი თქვა, ნანამ მითხრა, ჩემს რძალს დაურეკე და გაამწარეო. ყველა ცნობს უკვე მის ხელწერას.

მესამე კლასში, ანუ ჩვენს სკოლაში გადმოყვანიდან მალევე, მშობლები გაიფიცნენ და ერთი კვირა ბავშვები სკოლაში არ დაჰყავდათ. ყველას ერჩოდა, აგრესიული იყო.

მაშინაც შევატყობინეთ განათლების სამინისტროს, მათ დამატებით მანდატური კონკრეტულად ამ ბავშვს დაუნიშნეს. მაშინ როგორღაც ჩაწყნარდა სიტუაცია და სწავლა ისევ აღდგა. შემდეგ კანონმდებლობა შეიცვალა...

საქმის კურსში იყო სახალხო დამცველის უწყებაც, მას არაერთხელ მიმართა თავად ბავშვის დედამ და სკოლის ადმინისტრაციამაც, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამომწურავ ინფორმაციას არ მოგცემენ, რადგან ეშინიათ, რომ ის ქალი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის\, უფლებების დარღვევის ან თუნდაც სხვა მიზეზით უჩივლებს.

სამი წელია ვწერთ და ვამბობთ, რომ არასრულწლოვანებზე ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, განათლების სამინისტროს ვთხოვთ შველას, მაგრამ სანამ ბავშვმა მასწავლებელი კიბეზე არ დააგორა, არაფერი შეიცვალა, რადგან არსებული კანონმდებლობით რამის შესაცვლელად ბაზა არ არსებობს. ბავშვი კი ბედნიერია, რადგან ყველამ გაიცნო და რაც მთავარია, საზოგადოების უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. საქმეში ჩაუხედავები არ ფიქრობენ მის მომავალზე, მას დახმარება სჭირდება.

- მაინც მიმაჩნია, რომ ბავშვის იდენტიფიცირება არ უნდა მომხდარიყო. - ეს თავად გააკეთეს. ფეისბუკზე მათ წინააღმდეგ განწყობილი ადამიანების ლანძღვა დაიწყეს. 20-მდე ყალბი ფეისბუკგვერდი აქვს, თუმცა კამათში ავიწყდება, რომ სხვისი სახელი და გვარი აქვს და იშიფრება.

რას აპირებს სკოლა

"25 მოსწავლიდან კლასში დროთა განმავლობაში 14 მოსწავლე დარჩა, მათგან ერთი უკვე გადავიდა სხვა სკოლაში და კიდევ რამდენიმე მშობლის განცხადება მიდევს, რომელთაც სურთ შვილები პარალელურ კლასში გადაიყვანონ", - ამბობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგაძე:

- სკოლას დაემატა ორი მანდატური და ერთი სოცმუშაკი, რომლებიც უშუალოდ ამ მოსწავლესთან იმუშავებენ. მანამდე ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა - ბავშვთან მუშაობდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა შედგა, რადგან მშობელი და ბავშვი თანამშრომლობას წყვეტდნენ. სოციალური სამსახური ერთხანს ოჯახთან მუშაობდა, მაგრამ ბოლომდე ვერც ის ასრულებდა სამუშაოს, რადგან არც მასთან თანამშრომლობდნენ. ბავშვს აქვს ქცევითი პრობლემები, რაც ოჯახისგანაც მომდინარეობს.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მუსიკის მასწავლებელს ხელი მოზარდმა ჰკრა, თამარ გოგაძე არ ადასტურებს, ისევე როგორც მის მიერ სკოლაში დანის ტარების ფაქტს. გოგაძე ამბობს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგენილია და ადმინისტრაცია ვითარების დამშვიდებისთვის ყველაფერს აკეთებს.

ნინო აფხაზავა