რას ჰყვება შოთა ჭიჭიაშვილის ბიძა
რას ჰყვება შოთა ჭიჭიაშვილის ბიძა
ფოტო:შოთა ჭიჭიაშვილი
"ჭიჭიაშვილის სახელს ადამიანთა ყველაზე გახმაურებული გატაცებები, მათ შორის ესპანელი ბიზნესმენების ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის, ასირიელი და ებრაელი ბიზნესმენების - ხოშაბაევისა და მანაშეროვის გატაცების საქმეები უკავშირდებოდა"

პირველ ოქტომბერს კიევის მახლობლად, სოფელ ხოტიანოვკაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პოლიციის თანამშრომლები კვირაზე მეტხანს ეძებდნენ პირს, რომელმაც 23 სექტემბრის ღამით კიევის ობოლონის რაიონში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ორი სპეცრაზმელი დაჭრა და მიიმალა. "ჩვენ დავადგინეთ დამნაშავის ვინაობა, ის საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც
სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის­ გამო. ის სოფელ ხოტიანოვკაში იმალებოდა და პროკურატურასთან შეთანხმებით მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა",­ - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ. მალე ცნობილი გახდა, რომ სპეცრაზმელების
მიერ ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქე 44 წლის შოთა ჭიჭიაშვილი იყო, რომელიც თავის დროზე საქართველოში ქვეყნის პირველ ტერორისტად შერაცხეს.

ვინ იყო შოთა ჭიჭიაშვილი

კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი სამართალდამცველებმა 2003 წელს მოსკოვში დააკავეს და საქართველოში­ ადამიანების გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების­ აღკვეთა მიუსაჯეს. ჭიჭიაშვილი 10 წლის შემდეგ, 2013 წლის 3 ივნისს ამნისტიით გათავისუფლდა. შოთა ჭიჭიაშვილის სახელს ადამიანთა ყველაზე გახმაურებული გატაცებები, მათ შორის ესპანელი ბიზნესმენების ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის, ასირიელი და ებრაელი ბიზნესმენების - ხოშაბაევისა და მანაშეროვის გატაცების საქმეები უკავშირდებოდა. ამას მოჰყვა ტყუილ-მართლის ერთმანეთში არევა, ორგანიზებული დანაშაულების სია თანდათან იზრდებოდა და ყველა კრიმინალური ფაქტი, რაც კი საქართველოში 90-იან წლებში ხდებოდა, მასთან ასოცირდებოდა.

შოთა ჭიჭიაშვილის სახელმა ბოლოს 2017 წელს გაიჟღერა, როდესაც გივი თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან შოთა ჭიჭიაშვილი იდგა. სატელევიზიო ინტერვიუში შოთა ჭიჭიაშვილმა კატეგორიულად უარყო თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირი.
2013 წლის ივლისში ჰოლდინგ "პალიტრამედიის" გაზეთმა "ყველა სიახლემ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შოთა ჭიჭიაშვილთან.

"რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", ასე დამემართა, ჩემი ცოდვებისა და შეცდომების გამო დავისაჯე, რაც ტკივილითა და გაჭირვებით უნდა გამომესყიდა. ახლანდელი გადასახედიდან, შემეძლო არ დავჯახებოდი სახელმწიფოს, უფრო მოქნილად, ზომიერად და გონივრულად მემოქმედა და მიზნისთვისაც მიმეღწია. ჭკვიანი ხალხი ასე იქცევა... აღარ ვაპირებ კრიმინალურ საქმიანობას და სუფთა ფურცლიდან მინდა ცხოვრების დაწყება", - ამბობდა ინტერვიუში ციხიდან გამოსული რესპონდენტი, რომელიც გათავისუფლებიდან ორ დღეში ბაქოში წავიდა.

"შოთა ტერორისტი არ იყო"



ელდარ ჭიჭიაშვილი, პოეტი, შოთას ბიძა: - შოთაზე ბევრი ტყუილ-მართალი გავრცელდა, მან თვითონ აღიარა, რაც ჩაიდინა, მაგრამ ბევრი დანაშაულიც დააბრალეს და ხელი შეაწმინდეს.

- თარგამაძე და მისი თანამოაზრეები დარწმუნებული არიან, რომ მისი ავტომანქანის აფეთქების უკან შოთა იდგა.
- კაცი საქართველოდან გადაიხვეწა და აქედან მაინც არ ასვენებდნენ. როცა რეკავდა, სულ იმას გვეუბნებოდა, ახალი ცხოვრება დავიწყე, მინდა შვილებს მივაქციო ყურადღება, ყველაფერს ჩამოვცილდიო. ციხეში ჯანმრთელობა შეერყა, მკურნალობდა, მაგრამ განიკურნა თუ არა, არ ვიცი.

- სააკაშვილმა გაავრცელა ვერსია, ჭიჭიაშვილი მე და ჩემს გარემოცვას გვითვალთვალებდა, ამ მისიით იყო უკრაინაშიო.
- სააკაშვილი გიჟია! და თუ მის ნაბოდვარს ვიზიარებთ, ცუდად გვქონია საქმე. წარმოდგენა არა მაქვს, შოთა ვისთან თანამშრომლობდა და რა მიზნით იყო გადახვეწილი, ანგარიშს მე ხომ არ ჩამაბარებდა? საახლობლოში არც ვინმე მეგულება, იცოდეს, რას საქმიანობდა და რატომ მოკლეს. შოთას ყველასთან გაწყვეტილი ჰქონდა კონტაქტი.

- როგორი იყო ადრე თქვენი ძმისშვილი?
- შოთა ტრაგიკული ბედის ადამიანია... მას მე ვზრდიდი მატანში, პატარა რომ იყო, ჩემს გულზე ეძინა. ძალიან ბევრს კითხულობდა და ვუყვავებდი, შვილო, ეს ჯერ შენი ასაკის შესაფერისი წიგნი არ არის, სხვა წაიკითხე-მეთქი. სისულელე გაუვრცელეს, გამაჰმადიანდაო. შოთა ნებისმიერ რელიგიაში ზედმიწევნით განსწავლული იყო. ჩვენ ხევსურები ვართ, წლების წინ შატილიდან ჩამოსული.

- რამ განაპირობა მისი ცხოვრების წესის შეცვლა?
- დედ-მამა გაცილებული იყო (შოთას­ დედა ქისტი ჰყავს - ხანგოშვილი და გროზნოში ცხოვრობს). შოთას დედულეთ­თან არ ჰქონდა კავშირი. მერე მამამისი ბაქოში გადავიდა და ბიჭიც წაიყვანა. რომ დაბრუნდნენ, მატანში გააგრძელა ისევ სწავლა. შემდეგ თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მერე დედულეთელები დაუახლოვდნენ, პანკისში წაიყვანეს და ამის მერე მისი ცხოვრებაც შეიცვალა - წავიდა­ და წავიდა ჩვენგან, თითქმის სულ პანკისში იყო. რაც ციხიდან გამოვიდა, ორჯერ ვნახე, მერე საქართველოდანაც წავიდა.

- როგორც ვიცით, მისი მეუღლე იმ კაცის ძმისშვილია, რომელიც თავის დროზე შოთამ გაიტაცა.
- შოთამ ხოშაბაევის ძმისშვილი მოიყვანა ცოლად. გატაცების მერე გამოხდა ხანი და შოთა გოგონას დაუკავშირდა, ერთმანეთი მოეწონათ, დაახლოვდნენ და გაჰყვა თუ მოიტაცა, არ ვიცი ზუსტად. ოჯახი შექმნეს და სამი ვაჟი შეეძინათ.

შოთიკო, როგორც ვიცი, ჩეჩნებს ეხმარებოდა. ძალიან თავისებური იყო, არ შეეძლო ტყუილის თქმა, თვალის ასახვევად რაიმეს გაკეთება, მორწმუნეც იყო. ისეთ რაღაცებს წერენ და ამბობენ, გაოცებული ვარ. იმ ავადსახსენებელ პერიოდში რაც კი რამ უბედურება მოხდა, ყველაფერი მას აჰკიდეს, ისეთ რაღაცებს აბრალებდნენ, რაც არ ჩაუდენია. "ნომერ პირველი ტერორისტის" იარლიყიც არ მიმაჩნია გამართლებულად, შოთა არ იყო ტერორისტი.

"ისეთი ტიპის კაცი იყო, ტყუილს არ იტყოდა"

მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - ჭიჭიაშვილს ძალიან კარგად ვიცნობდი - 90-იანების ბოლოს გავიცანი, ვიდრე დაიჭერდნენ. მას დიდი წვლილი მიუძღვის "წითელი ჯვრის" გატაცებული თანამშრომლების უსისხლოდ და უვნებლად დახსნაში, რომლებიც არბი ბარაევის ხალხს ჰყავდა გატაცებული დუისიდან (მაშინ ბარაევი არ იყო პანკისში, მაგრამ მისი ჯგუფის რაღაც ნაწილი იყო, ვინც ისინი გაიტაცა) და გამოსასყიდად 2 თუ 3 მილიონს ითხოვდნენ. მაშინ ჭიჭიაშვილმა გვთხოვა, რომ შევარდნაძეს გამოეტანა გადაწყვეტილება მისი გუნდის რამდენიმე კაცის შეწყალების თაობაზე (მანამდე საგარეჯოს იზოლატორს დაესხნენ თავს). მაშინ შს მინისტრის მოადგილე კახა ბაკურაძე დამეხმარა, შევარდნაძეც ჩაერთო ამ ამბავში და 4-5 დღეში გაათავისუფლეს ეს ადამიანები. ჭიჭიაშვილმა დადებითი როლი შეასრულა ამ საქმეში, არადა, "წითელი ჯვრის" თანამშრომლების გატაცებას მას აბრალებდნენ.

მე შემიძლია გითხრათ, ვინ გაიტაცა ჭიჭიაშვილმა. ესენია: ესპანელი ბიზნესმენები და გამოსასყიდი 2 მილიონი დოლარი მოითხოვა; პეტრე ცისკარიშვილი, რომლის გატაცებაც მის ინტერესებში არ შედიოდა, მაგრამ ასე მოხდა; გაიტაცა ასირიელი ხოშაბაევი, ქანდელი მოხუცი, რომელიც ერთ-ერთი ბიზნესმენის მამა იყო, მერე ხოშაბაევის ძმისშვილი მოეწონა და ცოლადაც შეირთო. პიტერ შოუს გატაცებაში ჭიჭიაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, ეს დააბრალეს და შემდეგ რაც კი რამ მოხდა, სულ მას მიაწერეს.

- კიევში სააკაშვილის თვალთვალზე და თარგამაძის ტერაქტზე რას იტყვით?
- სააკაშვილის ამბავში ჭიჭიაშვილი არაფერ შუაშია. თარგამაძის საქმეს რაც შეეხება, ჭიჭიაშვილი საქართველოს ამბებში მინიმალურად ერეოდა. იმის გამო, რომ ვიღაც მისი ახლობელი იყო გარეული ამ ამბ­ავში, თარგამაძემ ამიტომ მიაწერა ჭიჭიაშვილს ტერაქტის მოწყობა. სანაიას მკვლელობაზე კი ჩვენ ვისაუბრეთ და მითხრა, არაფერ შუაში ვარო. ისეთი ტიპის კაცი იყო, ტყუილს არ იტყოდა.

- "ნაციონალების" თქმით, შოთა ჭიჭიაშვილი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, რაზეც სხვადასხვა გვარზე გაცემული პასპორტები და ისეთი ტიპის იარაღები მოწმობს, რომლებიც მხოლოდ სპეცსამსახურებს აქვთო.
- "ნაცები" არ ამბობენ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას გულისხმობენ. რაც შეეხება ქართულ სპეცსამსახურებს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ "წითელი ჯვრის" თანამშრომლებთან გვქონდა ურთიერთობა, ვიცი, რომ ეს კაცი ნამდვილად არ თანამშრომლობდა სპეცსამსახურთან. ჭიჭიაშვილის კრიმინალურობაზე თუ დავიწყებთ ლაპარაკს, მაშინ ავტორიტეტებს ისეთი იარაღი აქვთ, ვერც წარმოიდგენთ. დღეს ყველაფერი იყიდება და სულ არ გამიკვირდება, მასაც ჰქონოდა მსგავსი.

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლეში" გამოქვეყნებული შოთა ჭიჭიაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან:

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ ქართველების, ჩეჩნებისა და ქისტებისგან 100-კაციანი ბანდა ჩამოაყალიბეთ, რომელიც გასატაცებელთა კანდიდატურებს არჩევდა და წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებდა. თქვენს სახელს უკავშირებდნენ ნარკოვაჭრობასაც. რის მიხედვით არჩევდით "მსხვერპლს"?
- მქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში. ამას მარტო ღმერთის შიშით არ გავაკეთებდი. მეორეც - ხალხის მრცხვენია, რწმენაც მაქვს და სინდისიც. ვინც ნარკოტიკებს ყიდდა, მათ ომი გამოვუცხადე, იმათ კი ჩემი "გასაღება" განიზრახეს, რაშიც ფული გადაიხადეს. ასე რომ, ნარკომოვაჭრეებთან მტრობის მეტი არაფერი მაკავშირებს. არც რომელიმე სპეცრაზმის წევრი ვყოფილვარ, თუკი რაიმე მოწმობა მქონია, ყველა ყალბი იყო და ოპერაციების ჩასატარებლად მჭირდებოდა. მართალია, მქონდა უშიშროების ოფიცრის მოწმობა, შსს-ს მაიორიც ვიყავი და კაპიტანიც, მაგრამ ამ "წოდებებს" მოწინააღმდეგის მოსატყუებლად ვიყენებდი. გატაცებას რაც შეეხება, ამაზე პასუხიც ვაგე - ათ წელიწადზე მეტი ყველაზე მკაცრ პირობებში, სამარტოო საკანში ვიჯექი ცხოველივით, მზე არ მინახავს და ჰაერი არ მისუნთქია, დღე იყო თუ ღამე, ვერ ვიგებდი, ჯანმრთელობა შემერყა და მხოლოდ ღვთის წყალობით გადავრჩი. დროზე მოგვისწრო ახალმა ხელისუფლებამ, თორემ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი.

სიმართლე გითხრათ, მორალური კანონები არასოდეს დამირღვევია. რასაც ჰქვია­ კავკასიური ტრადიცია და შარიათი, ყოველთვის წმინდად ვიცავდი. ვისაც ვიტაცებდით, ისინი ან აფერისტები იყვნენ, ან ნაძირალები, რომლებიც საქართველოში ხალხის გასატყავებლად მოდიოდნენ. ისეთ ხალხს ვარჩევდით, რომლებიც არც კანონთან იყვნენ სუფთა და არც კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ. არც ერთი მათგანი ქართველი და კავკასიელი არ ყოფილა. ამას გამოსასყიდის სანაცვლოდ ვაკეთებდით, თუმცა არავის შეურაცხვყოფდით, არც ვაწამებდით. ვატარებდით სამხედრო ოპერაციას, მიღებული თანხები კი "კავკასიის ფონდში" მიდიოდა.

ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე და ამისთვის სასჯელიც მოვიხადე. მაშინ დუმილის უფლებას ვიყენებდი და ვერაფერი მათქმევინეს. მათთვის ზედმეტად ხმა არავის გაუცია. გავიტაცე ასირიელი ხოშაბაევი და ებრაელი ბიზნესმენი მანაშეროვი. თუმცა ჩემი საქმე რომ ნახოთ, მასში უამრავი ფაქტია მოყვანილი, რაც არ ჩამიდენია - მაგალითად, ბანკის ინკასატორებზე თავდასხმა, ვიღაც ქალის გატაცება. მერე ყველაფერი, თუკი რაიმე მომხდარა, მე მომაწერეს. აქლემივით მტვირთავდნენ საქმეებით და ფიქრობდნენ, აიტანსო. ნამდვილი დამნაშავეები მშრალად გამოვიდნენ და ყველაფერი მე ამკიდეს. რაც შეეხება იმ ინგლისელს, პიტერ შოუს ("აგრობიზნესბანკის" თავმჯდომარე), რომლის გატაცების დაბრალების მცდელობაც იყო, მასზე საერთოდ არაფერი მსმენია, ეს ამბავი რომ მოხდა, უკვე მოსკოვში ვიყავი.

- ამბობენ, ჟურნალისტი გიორგი სანაია პანკისში გადაღებულ მაღალჩინოსნების მამხილებელ ვიდეოკასეტას შეეწირაო. როგორ ფიქრობთ, მართლა არსებობდა ასეთი კომპრომატი?
- რამე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. არანაირი კასეტა არ არსებობს. სანაიას საქმე, ღმერთმა აცხონოს, უფრო მომავალი "ნაცების" ამბავი იყო. შევარდნაძისთვის ძირი რომ გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი. მგონია, ამათ თვითონვე მოკლეს ეგ საცოდავი და შევარდნაძეს გადააბრალეს.
(2013 წლის ივლისი, გაზეთი "ყველა სიახლე").
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა