"მასზე ადრეც იყო საჩივარი, მაგრამ ის საქმე ჩაიფარცხა" - რას ამბობენ რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობაზე დაკავებულ პოლიციელზე - კვირის პალიტრა

"მასზე ადრეც იყო საჩივარი, მაგრამ ის საქმე ჩაიფარცხა" - რას ამბობენ რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობაზე დაკავებულ პოლიციელზე

როგორც ვიცი, ამ პოლიციელზე ადრეც იყო საჩივარი, მაგრამ ის საქმე ჩაიფარცხა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დაკავებული სამართალდამცველებიდან ერთ-ერთის, მიხეილ ღუბიანურის მეზობელმა განუცხადა.

თავად ღუბიანურის ოჯახის წევრები კი, მედიასთან არ კონტაქტობენ.

"ამ პოლიციელს კარგი ოჯახი ჰყავს. მამა ყოფილი პოლიციელია, თვითონ მოქმედი პოლიციელი. მამას ძალიან აქებენ, ამ ბიჭს ისე რა. თუ არ ვცდები, ადრეც იყო მასზე საჩივარი, მგონი, ცემასთან დაკავშირებით და მერე ეს საქმე ჩაიფარცხა", - განაცხადა მეზობელმა.

მიხეილ ღუბიანურთან ერთად, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მოქმედი სამართალდამცავი დავით მიროტაძე და ყოფილი პოლიციელი დიტო დუგაშვილი დააკავეს.

ამას გარდა, სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით ორი პირიც აიყვანეს. მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს კი ეძებენ.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა გამორიყა. მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

იხილეთ ასევე: ვინ არიან რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დაკავებული პოლიციელები

"ინტერპრესნიუსი"