"50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია" - 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია" - 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, ვინაიდან პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდავოდ სცნობს და ამას გარდა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.

ლევან ჯიქურმა და მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.

მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს... 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია, - ამის შესახებ ლევან ჯიქურმა განაცხადა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯიქურის თქმით, ექიმების ინფორმაციით, მძიმე არაა.

"ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, მიწვრილდება ხელიც, ფეხიც, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო. 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია," - განმარტა ჯიქურმა.

მან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ 20 ივნისს აქციაზე ყოფნის მიზეზებიც განმარტა.

"მე იქ მივედი იმის გამო, რომ ხალხს ესროდნენ ტყვიებს. ჩემს მეუღლესთან ერთად მივედი, რომ ვინმეს რამეში დავხმარებოდი. სროლა რომ დაიწყო, თავდაცვის მიზნით გამოვიყენე ფარი," - განაცხადა ჯიქურმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური დღეს გაათავისუფლეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"