"ის ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია" - რას ამბობს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"ის ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია" - რას ამბობს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი

თანამშრომლის მიერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ჯიშკარიანი მისი სამსახურეობრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, "ქართული ოცნების" დეპუტატს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ის ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა, მისივე თქმით, სხვის მიმართ ცრუ ბრალდებების გაჟღერებაც ძალადობაა.

"ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა და პროცესების გახსნილად წარმართვას მიესალმება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან.

მივესლმებით, რომ პროცესები ღია იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, ექსპერტიზის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"